Home » ბიზნესი » რატომ გაათავისუფლა კომპანია ,,სოკარმა” 400-ზე მეტი თანამშრომელი
რატომ გაათავისუფლა კომპანია ,,სოკარმა” 400-ზე მეტი თანამშრომელი

რატომ გაათავისუფლა კომპანია ,,სოკარმა” 400-ზე მეტი თანამშრომელი

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” ბრიფინგი გამართა, სადაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებასა და ქართულ საწვავის ბაზარზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” აგრძელებს საწვავის ბაზრის შესწავლას. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიაფებას განაგრძობს. ბოლო ერთი თვის მანძილზე ნავთობის ფასი 23.3%-ით შემცირდა. ფასების მსგავსი შემცირების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ირანისთვის ეკონომიკური სანქციების სრულიად მოხსნაა. როგორც ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ნამდარ ზანგანესმა განაცხადა, ირანი აპირებს ნავთობის მოპოვება გაზრდოს, თუნდაც ეს ფასის შემცირების ხარჯზე მოუხდეს. ირანის პოზიციას ემთხვევა ამერიკის პოზიციაც. როგორც შტატების ნავთობის ინსტიტუტი იუწყება, ამ სიტუაციაში ამერიკა არც კი ფიქრობს მოპოვების შემცირებაზე, მეტიც, ბოლო კვირეების მანძილზე მოპოვება ორ მილიონ ბარელზე მეტით გაზარდა.
მართალია, მსოფლიო ბაზარზე უკვე თვეზე მეტია კლების ტენდენცია ფიქსირდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები ქართულ საწვავის ბაზარზე არ ისახება. თუ მსოფლიოში ბოლო ერთი თვის მანძილზე ფასი 23.3%–ით შემცირდა, საქართველოში ფასი არცერთ კომპანიას არ შეუმცირებია, თუ არ ჩავთვლით კომპანია ,,გალფს”, რომელმაც ფასი მხოლოდ დიზელის საწვავზე შეამცირა 5 თეთრით. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსით აპელირებას, ამ შემთხვევაში ნავთობკოპანიებს ესეც არ გამოადგებათ, იმდენად, რამდენადაც ეროვნული ვალუტა 2 თვეზე მეტია დასტაბილურდა. მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება ბოლო მონაცემებით 23%–ს აღემატება. ქართულ ბაზარზე კი ფასები არ იცვლება”.
ბაირახტარის განცხადებითვე, აფბა ასევე მიესალმება კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც კომპანიებს ფულადი სახის ჯარიმები დაეკისრათ.
,,სააგენტოს კვლევამდეც და კვლევის პროცესშიც ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას” არაერთხელ უსაუბრია ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობაზე და დასკვნის გამოქვეყნებამდეც საფუძვლიან ეჭვებს გამოთქვამდა ბაზარზე კარტელის არსებობის თაობაზე. გარკვეულ წრეებში გაჩენილი აზრი იმის თაობაზე, რომ კომპანიები დაჯარიმდნენ იმ პერიოდის საქმიანობის გამო, როდესაც კანონი არ არსებობდა, სიმართლეს არ შეესაბამება, იმდენად, რამდენადაც 2008–2014 წლამდე კომპანიების საქმიანობაა შესწავლილი, კანონის 2012 წელს ამოქმედება კი თავის მხრივ წინააღმდეგობაში არ მოდის წინა წლების მონაცემების შესწავლასთან”.
პაატა ბაირახტარმა ასევე ისაუბრა ერთ საკმაოდ სახასიათო ფაქტზე, რაც საწვავის ბაზრის ლიდერის ,,სოკარის” მხრიდან ჯარიმების საკითხით სპეკულირებას ეხება.

საქმე ეხება კომპანია ,,სოკარის” მხრიდან თანამშრომლების უკანონოდ სამსახურიდან დათხოვნას, ეს ინფორმაცია გაზეთს ერთ-ერთმა მათგანმა მიაწოდა, – ,,აფბას ხელთ არსებული, სარწმუნო ინფორმაციით, კომპანია ,,სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიამ” სამსახურიდან გაათავისუფლა 400-ზე მეტი თანამშრომელი. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა გათავისუფლებულ თანამშრომლებს განუცხადეს, ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გამო, იმ მიზეზით, რომ კომპანიას აღარ გააჩნდა მათი ანაზღაურებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი”.

Share