Home » ფინანსები » რატომ არ იზრდება ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი
რატომ არ იზრდება ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი

რატომ არ იზრდება ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი

2017 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 21.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 21.5 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. მთლიანი ბრუნვის 44.3 % მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 საშუალო, ხოლო მთლიან ბრუნვაში 34 % უჭირავს მცირე ბიზნესს. 2016 წელთან შედარებით, პოზიტიურად არის შეცვლილი საქონლის გამოშვებისა და დასაქმების მაჩვენებელი. კონკრეტულად კი 2017 წლის მეოთხე კვარტალში 19.5 %-ით მეტი საქონელი, აწარმოა ბიზნესმა, 2016 წელთან შედარებით.

საქონლის გამოშვების კრიტერიუმშიც ჭარბობს მსხვილი ბიზნესი, რომელზეც მთლიანი გამოშვების 38.8 %-ი მოდის, მას მოსდევს მცირე ბიზნესი 35%-ით და საშუალო ბიზნესი 25,3%. შედარებით განსხვავებულია მდგომარეობა დასაქმების მიმართულებით, სადაც დასაქმებულთა 41.9 % მცირე ბიზნესს ყავს დასაქმებული, დასაქმებულთა 35.7 % მსხვილ ბიზნესზე მოდის, ხოლო დასაქმებულთა ყველაზე მცირე რაოდენობა 22.4 % საშუალო ბიზნესში საქმიანობს. როგორც სტატისტიკა აჩვენებს ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ბირთვი მსხვილ ბიზნესზე მოდის და მას ისევ ვერ ეწევა მცირე და საშუალო ბიზნესი.

მაშინ როდესაც, თუ განვითარებული ქვეყნების მაგალითს შევხედავთ, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია და მსხვილ ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მცირე როლი უჭირავს, მცირე და საშუალო ბიზნესთან შედარებით. მაგალითად, კანადაში საერთო დასაქმებულთა 70.5% მცირე ბიზნესზე მოდის, საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა 19.8% საქმიანობს, ხოლო მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა ყველაზე მცირე რაოდენობა 9.7 % მოღვაწეობს.

მცირე ბიზნესის სისუსტეს რამდენიმე მიზეზს უკავშირებენ ექსპერტები. როგორც პროფესორი ლია ელიავა განმარტავს, მცირე ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ხელშეწყობა არ აქვს, რასაც საბოლოოდ ამ სექტორის განუვითარებლობასთან მივყავართ.

“მცირე ბიზნესი ვერ ვითარდება ორი ძირითადი მიზეზის გამო, პირველი არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის მონოპოლიზირებული და ბაზარზე შესვლა არის რთული. მეორე, არ არის სახელმწიფოს მხრიდან, არასათანადო ხელშეწყობა, მცირე ბიზნესისადმი. ჩხადია, გვაქვს სხვა მიზეზებიც, როგორიც არის მაგალითად ძვირი საკრედიტო რესურსი, ბიზნესის წარმოების ტრადიციის უქონლობა, ბიზნეს განათლების დაბალი დონე და ა.შ. წვრილი და საშუალო ბიზნესი არის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მოსახლეობის კეთილდღეობის განმაპირობებელი ფაქტორი, რაც უფრო მეტადაა განვითარებული ეს სექტორი მით უფრო მდიდარია მოსახლეობა, რადგან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, მონოპოლისტები, არასდროს არ აძლევენ მოსახლეობას გამდიდრების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავრობის მხრიდან არის შემუშავებული რამდენიმე პროგრამა წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, საზოგადოებას რეგიონებში ამ პროგრამებზე ინფორმაცია არ აქვს და პროგრამების მოცვა მოსახლეობაში არის დაბალი. ამ პროგრამებში მონაწილეობის მიღება არის საკმაოდ გართულებული. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თუ მთავრობა გადახედავს თავის პოლიტიკას მცირე ბიზნესთან მიმართებაში და უფრო გაამარტივებს მოსახლეობისთვის ბიზნესის დაწყებას, რა თქმა უნდა ეს უფრო წაადგება ჩვენს ეკონომიკას”-, მიიჩნევს ელიავა.

ელიავას შეფასებით, მცირე ბიზნესის დაკრედიტება პირველ რიგში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ინტერესში უნდა შედიოდეს, თუმცა ეს უკანასკნელები ბიზნეს სესხებს პრიორიტეტად არ განიხილავენ.

“მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულაციები შეიძლება შეიცვალოს იმგვარად, რომ მართლაც ჰქონდეს სტიმული, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის. მაგალითად, შეიცვალოს მიკროკრედიტის ოდენობა და 50 000 ის მაგივრად, გახდეს 20 ამ 30 ათასი. ასეთ შემთხვევაში უმალ დაეკარგებათ მიკროსაფინანსო კომპანიებს, ინტერესი გასცენ იპოთეკური სესხი. ასევე შეიძლება პირდაპირ, იპოთეკური სესხების გაცემის აკრძალვა, ანუ ხელისუფლებამ მისცეს სტიმული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომ დააფინანსონ წვრილი და საშუალო ბიზნესი. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ის რომ კომერციული ბანკები ეწევიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას ეს არის განპირობებული იმით, რომ ჩვენი ეკონომიკა არის წვრილი, მცირე და მოსახლეობის რიცხოვნობა პატარაა, შესაბამისად კომერციულ ბანკებს არ აქვთ, იმის ფუფუნება მსხვილ პროექტებზე იმუშაონ და გადადიან მიკროდაფინანსების სეგმენტზეც”,- აცხადებს ელიავა.

მცირე და საშუალო ბიზნესის დაბალი კონტრიბუცია, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში პირდაპირ უკავშირდება ფინანსებზე გართულებულ ხელმისაწვდომობას, მიაჩნია პაატა ბაირახტარს. როგორც აფბას ვიცეპრეზიდენტი აცხადებს, ქვეყანაში ბიზნეს სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები მცირე ბიზნესს პრაქტიკულად, განვითარების საშუალებას არ აძლევს.

“რა თქმა უნდა, დღეს მცირე ბიზნესს ბევრი პრობლემა უდგას. ხელისუფლების მხრიდანაც იდგმება ნაბიჯები ამ სექტორის გასაძლიერებლად. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ ფინანსთა მინისტრიეს უკანასკნელი ინიციატივები, რომელიც პირდაპირ მცირე ბიზნესის წახალისებაზეა ორიენტირებული. თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმდენად, რამდენადაც, მცირე ბიზნესს გაფართოებისთვის პირველ რიგში სჭირდება დამატებითი კაპიტალი, რომლის მოზიდვის ერთადერთი წყაროც დღეს ქვეყანაში კომერციული ბანკებია. მაგრამ, ამ დროს რა ხდება ამ მიმართულებით? – კომერციული ბანკები დღეს მაქსიმალურად ერიდებიან ბიზნესის დაკრედიტებას და ამისთვის მრავალი მიზეზი აქვთ. ამაში უფრო ნათლად დავრწმუნდებით თუ ჩავხედავთ სესხების სტრუქტურას, სადაც ეროვნულ ვალუტაში გაცემულ ბიზნეს სესხებზე მხოლოდ 2.2% მოდის, მაშინ როდესაც მაგალითად, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ოდენობა ამ მაჩვენებელს დაახლოებით 6 ჯერ აღემატება.

ასევე მნიშვნელოვანია ის საპროცენტო განაკვეთებიც, რომელშიც კომერციული ბანკები ბიზნეს სესხებს გასცემენ. ეროვნულ ვალუტაში ეს ციფრი 11.4 %-მდე ადის. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია ევროპის ქვეყნებში, ბიზნეს სესხებზე არსებულ განაკვეთებს შევხედოთ, რომელიც დახლოებით 5 ჯერ ჩამოუვარდება ჩვენთან არსებულ საპროცნტო განაკვეთებს. შედეგიც სახეზეა მცირე და საშუალო ბიზნესი ევროპაში გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზეა და გაცილებით უფრო დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში, ვიდრე ჩვენთან. რაც შეეხება მიკროსაფინანსოებს, ისინი კიდევ უფრო მაღალ პროცენტში ახდენენ ბიზნესის დაკრედიტებას და მეწარმეც ამ სეგმენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს თუ კომერციული ბანკი მასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს რასაც არც თუ ისე იშვიათი სახე აქვს”, – მიიჩნევს ბაირახტარი.

ლიკა წიკლაური

Share