Home » საზოგადოება » “რას ნიშნავს დედაქალაქის პარალიზება, როდესაც ქვეყანა პარალიზებულია”

“რას ნიშნავს დედაქალაქის პარალიზება, როდესაც ქვეყანა პარალიზებულია”

“მეგობრებო, იქნებ ჰკითხოს ვინმემ საპროტესტო აქციის ხელმძღვანელს, ვარლამ გოლეთიანს, რას ნიშნავს დედაქალაქის პარალიზება”, – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი, ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” ბერიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მეგობრებო, იქნებ ჰკითხოს ვინმემ საპროტესტო აქციის ხელმძღვანელს, ვარლამ გოლეთიანს, რას ნიშნავს დედაქალაქის პარალიზება.

ეს აუცილებელია რათა თბილისმა და თბილისელებმა დააფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულება აქციის მიმართ.

მერწმუნეთ, ასეთი ბუნდოვანი განცხადება, რომელიც თავისთავად ულტიმატუმია ხელისუფლებისთვის, სახიფათოა როგორც ქალაქისთვის, ისე თავად პროტესტის ლიდერებისთვის.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ აპირებს მილიონ-ნახევრიანი ქალაქის პარალიზებას (ამ ტერმინში ნებისმიერი კონკრეტული შინაარსის ჩადების შემთხვევაში) მშვიდობიანი, ხაზს ვუსვამ, პროტესტის ლიდერი ხუთი ათასი, გნებავთ ათი ათასი ადამიანით.

მეტი სერიოზულობა, ბატონებო!

აქვე შევნიშნავ – ქვეყანა ისედაც პარალიზებულია, ეკონომიკა გაჩერებული, სოციალურად დუხჭირი, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის ნახევარი. ვერ იტყვი, რომ “ძალაუფლება ქუჩაში გდია”, მაგრამ ვერც იმას იტყვი, რომ რეალობას აქეთ მთავრობა და იქეთ ყველანაირი პროტესტანტები ადეკვატურად აღიქვამდნენ.

ბევრი რამეა ძალიან სწრაფად შესაფასებელი, თორე თუ აირია მოლა-მონასტერი, ეს ჩვენი ნაოცნებარი დამოუკიდებლობა შარშანდელი თოვლივით გაქრება.

არავისი მოსმენა არ გვინდა. მარტო საკუთარ თავს ვუსმენთ, ყველა ტახტზე ოცნებობს და ყველას ფეხებზე ჰკიდია ქვეყანაც და ხალხიც.

ყველა აქტორს ჰყავს თავისი მხარდამჭერები, ზოგს შეიძლება საკმაოდ ბევრიც. ვიღაცას უკვე თავისი მადიდებელი მრევლიც ჰყავს, რომელიც უკრიტიკოდ მიჰყვება, თუნდაც მოუსავლეთისკენ. ამიტომ, იქნებ ცოტა კრიტიკულად შევხედოთ ერთმანეთს და მიმდინარე მოვლენებსაც. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ვითარებაში, როცა ორ მთავარ და ფინანსურად ძლიერ პოლიტიკურ ძალას ტელემედია, რომელიც პროპაგანდის საშუალებად იქცა, ოკუპირებული აქვს და მიუკერძოებელი, სხვა, მართალი სიტყვა იქ კარგა ხანია აღარ ისმის.

მორატორიუმი ჰესების აშენებაზე (ვარლამ გოლეთიანი) და საკონტროლო პაკეტი ჰესებში უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს (ლევან ვასაძე) კლერიკალური სოციალიზმისა და სახელმწიფო კაპიტალიზმის დამღითაა აღბეჭდილი, საიდანაც ერთი ნაბიჯია ქვეყნის დესუვერენიზაციამდე.

მე არც გოლეთიანის და მისი მომხრეების პატრიოტიზმში მეპარება იოტისოდენა ეჭვი და არც ლევან ვასაძის გულწრფელობაში, მაგრამ ე მანდ დათვური სამსახური არ გაუწიონ ქვეყანას. გზა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, სამშვიდობოს არ გაგვიყვანს. ეს გზა რუსეთისკენ და ევრაზიული კავშირისკენ მიდის და თუ ამ გზაზე ქართველმა ხალხმა უარი თქვა, ეს სირიის პერსპექტივას აახლოებს. ყველამ კარგად ვიცით რა იყო 10 წლის წინ სირია და რაა დღეს – ნანგრევებში მოქცეული უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. ყველას, ვინც პოლიტიკაში შემოსვლას აპირებს, ეს უნდა ესმოდეს, უნდა ესმოდეს თავისი პოზიციის და ნაბიჯების მნიშვნელობა, ხოლო ხელმოცარულებს უნდა ეყოთ კეთილგონიერება და წავიდნენ პოლიტიკიდან. თუ არა და, ხედავთ რა დომხალიც იქმნება ქვეყანაში.

ცოტა მეტი გონიერება გვმართებს. დღესვე. რადგან ხვალ შეიძლება ძალიან გვიან იყოს” , – წერს ბერიძე.

Share