Home » ფინანსები » რას გადააყოლა ეროვნულმა ბანკმა ლარი
რას გადააყოლა ეროვნულმა ბანკმა ლარი

რას გადააყოლა ეროვნულმა ბანკმა ლარი

ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში VS ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს გარეთ

საბანკო ზედამხედველობის რეფორმირების საკითხი ქართულ საკანონმდებლო სივრცეში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა და თავიდანვე მითქმა–მოთქმის საგნად იქცა.

საბანკო ზედამხედველობის რეფორმირების პრაქტიკა მსოფლიოში მრავალფეროვანია. გვხვდება როგორც მისი ცენტრალური ბანკისგან გამოყოფის, ისე მათი გაერთიანების არაერთი მაგალითი.

საბანკო ზედამხედველობის ცენტრალური ბანკიდან გამოყოფის და მისი დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების პრაქტიკა არსებობს გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში.

საბანკო ზედამხედველობის რეფორმირების ქართული ვარიანტი ახლოს დგას ფრანგულ მოდელთან, სადაც ზედამხედველი ცენტრალური ბანკის ქოლგის ქვეშ იმყოფება, თუმცა დამოუკიდებელი სტრუქტურაა.

 

რას გულისხმობს ზედამხედველობის გამოყოფის “ვეტოდადებული” პროექტი

იმ ცვლილებების პაკეტის მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის შესახებ კანონშია გათვალისწინებული, ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.

სააგენტოს მართვის უმაღლესი ორგანო იქნება სააგენტოს საბჭო და სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე. საბჭო დაკომპლექტებული იქნება 7 წევრისგან, რომელთაგან ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება და ერთიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ხოლო დანარჩენი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საბჭოს 5 წევრს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი 7 წლის ვადით.

ქვეყნები, სადაც ზედამხედველობა ცენტრალური ბანკის გარეთაა

 

როგორც აღინიშნა, საფინანსო სექტორის და მათ შორის ბანკების ზედამხედველობა გვხვდება როგორც ცენტრალურ ბანკებში, ისე მათ გარეთ. რაოდენობრივად უფრო მეტ ქვეყანაში ზედამხედველობის ფუნქცია ცენტრალურ ბანკშია, თუმცა გვხვდება არაერთი განვითარებული და მოწინავე სახელმწიფო, სადაც ზედამხედველობის ფუნქცია ცენტრალურ ბანკს მიღმაა.

გთავაზობთ ქვეყნების სიას, სადაც ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია ცენტრალური ბანკებიდან გარეთ არის გატანილი:

  1. ავსტრალია – ავსტრალიის პრუდენტული რეგულირების ორგანო (Australian Prudential Regulation Authority)
  2. ავსტრია – ავსტრიის ფინანსური ბაზრების ზედამხედველი (Austrian Financial Market Authority)
  3. ბუტანი – Royal Monetary Authority of Bhutan
  4. ბოსნია-ჰერცოგოვინა – ბოსნია-ჰერცოგოვინის ბანკების სააგენტო(Banking Agency of the Federation of Bosnia and Herzegovina)
  5. კანადა -Office of the Superintendent of Financial Institutions
  6. ჩილე – ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების ზედამხედველობის სააგენტო (Banking and Financial Institutions Supervisory Agency)
  7. ჩინეთი – ბანკების მარეგულირებელი კომისია(Banking and Financial Institutions Supervisory Agency)
  8. კოლუმბია -Superintendencia Financiera de Colombia
  9. კოსტა რიკა
  10. დანია -Danish Financial Supervisory Authority
  11. ესტონეთი – Estonian Financial Supervision Authority
  12. ფინეთი -Finnish Financial Supervision Authority
  13. საფრანგეთი –AutoritR de Contrfle Prudentiel et de RRsolution
  14. გერმანია – Federal Financial Supervisory Authority
  15. ჰონდურასი -Comision Nacional de Bancos y Seguros (CNBS)
  16. ისლანდია -Financial Supervisory Authority of Iceland
  17. კორეა -Financial Supervisory Service
  18. ლატვია -Financial and Capital Market Commission
  19. ლიხტენშტეინი – Financial Market Authority
  20. ლუქსემბურგი – Financial Market Authority
  21. მალტა -Malta Financial Services Authority
  22. ნორვეგია – Finanstilsynet (The Financial Supervisory Authority of Norway)
  23. პანამა -Superintendency of Banks of the Republic of Panama
  24. პერუ -Superintendencia de Banca y Seguros
  25. პოლონეთი -Polish Financial Supervision Authority
  26. კატარი -Qatar Financial Centre Regulatory Authority
  27. პუერტო-რიკო -Office of the Commissioner of Financial Institutions
  28. შვედეთი – Finansinspektionen
  29. შვეიცარია – Swiss Financial Market Supervisory Authority (FINMA)
  30. თურქეთი- Banking Regulation and Supervision Agency
  31. არაბეთის გაერთიანებული ემირატები – Dubai Financial Services Authority
  32. დიდი ბრიტანეთი -1) Prudential Regulation Authority; 2) The Financial Conduct Authority
  33. აშშ – აშშ-ში რამდენიმე რეგულატორი არსებობს, როგორც საერთო სახელმწიფო, ისე შტატების მიხედვით. აშშ-ს საბანკო სისტემას ზედამხედველობას უწევს შემდეგი ორგანოები:

–           დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (Federal Deposit Insurance Corporation)

–           ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭო (Federal Reserve Board)

–           ფულის მიმოქცევის მაკონტროლებელი ოფისი (Office of the Comptroller of the Currency)

საბანკო ზედამხედველობა – ცენტრალურ ბანკში თუ მის გარეთ?

ცალსახა პასუხი კითხვაზე – სად უფრო ეფექტიანი ზედამხედველობის ფუნქციის არსებობა, ცენტრალურ ბანკში თუ მის გარეთ – პრაქტიკულად არ არსებობს. წარმატების და წარუმატებლობის მაგალითები გვხვდება იმის მიუხედავად, ზედამხედველობას დამოუკიდებელი ორგანო ახორციელებს, თუ ცენტრალური ბანკი.

თუმცა, პროცენტულად უპირატესობა იმ მოდელისკენ უფრო იხრება, სადაც ზედამხედველობა ცენტრალურ ბანკშია.

ყველაზე კარგი საზომი (თუმცა არა იდეალური, რომელიც ცალსახად რომელიმე მოდელის უკეთესობაზე მიანიშნებს) ამ ორი მოდელის შესაფასებლად ფინანსური კრიზისის პერიოდში ქვეყნების მიერ მიღებული შედეგებია.

მსოფლიო ბანკის საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, შემდეგი სურათი იკვეთება:

11920510_1040716162606737_1047275368_n

11948018_1040716165940070_620865023_n

როგორც დიაგრამიდან ირკვევა, იმ ქვეყნების 60%–ში, სადაც 2008 წელს კრიზისი მოხდა, კრიზისამდე საბანკო ზედამხედველობა ცენტრალური ბანკის გარეთ იყო, 40%–ში კი ცენტრალურ ბანკში. კრიზისის შემდგომ ეს თანაფარდობა თითქმის 50/50–ზე შეიცვალა.

და პირიქით, იმ ქვეყნების 60%–ზე მეტში, რომლებმაც კრიზისს თავი აარიდეს, კრიზისამდე ზედამხედველობა ცენტრალურ ბანკში იყო, ხოლო 40%–ზე ნაკლებში მის გარეთ. კრიზისის შემდგომ თანაფარდობა 70/30–ზე შეიცვალა ზედამხედველობის ცენტრალურ ბანკში არსებობის მოდელის სასარგებლოდ.

თუ ტენდენცია ზედამხედველობის და მონეტარული პოლიტიკის შერწყმისკენაა, რატომ გვხვდება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ხსენებული ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნის პრაქტიკა? რა უპირატესობა აქვს ზედამხედველობის ცენტრალური ბანკისგან გამოყოფას?

საბანკო ზედამხედველობის კონფლიქტი ეროვნული ბანკის სხვა ფუნქციებთან

 

საბანკო ზედამხედველობის ცენტრალურ ბანკში კონცენტრირების წინააღმდეგ რამდენიმე არგუმენტი არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ინტერესთა კონფლიქტი საბანკო ზედამხედველობასა და მონეტარულ პოლიტიკას შორის.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ცენტრალურ ბანკში შეტანის საწინააღმდეგო არგუმენტია ასევე ცენტრალური ბანკისთვის ჭარბი ძალაუფლების მინიჭება. ასევე, ფინანსური სექტორის ყველა მიმართულების ზედამხედველობის ერთ ორგანოში (ცენტრალურ ბანკში) თავმოყრა იწვევს ფინანსური პროდუქტებს და შუამავლებს შორის განსხვავების პრაქტიკულად გაქრობას, ფინანსური სისტემის ერთ დიდ კონგლომერატად ქცევას.

მონეტარულ პოლიტიკას და საბანკო ზედამხედველობის მიზნებს შორის პოტენციურად მართლაც არსებობს კონფლიქტი. ცენტრალურ ბანკს შეუძლია უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს საბანკო სტაბილურობაზე და ამით მეორე პლანზე გადავიდეს ფასების სტაბილურობის მიზანი და პირიქით, ფასების სტაბილურობის უმთავრეს პრიორიტეტად დაყენებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს ფინანსური სექტორის ინტერესებს.

მაგალითად, საბანკო სექტორის სტაბილურობა შეიძლება ითხოვდეს იმგვარი მონეტარული პოლიტიკის გატარებას, რომელიც ფასების სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს. ხოლო მიზნობრივ ინფლაციაზე ორიენტირებული მონეტარული პოლიტიკა საბანკო სექტორის რისკებს შეიძლება ითვალისწინებდეს იმ დოზით, რა დოზითაც იგი მოქმედებს ფასების სტაბილურობაზე.

ამ ორი ფუნქციის კონფლიქტურობა სხვადასხვა პარამეტრებში ვლინდება. მათ შორის მნიშვნელოვანი და ქართულ რეალობაშ განსაკუთრებით აქტუალური არის ვალუტის გაცვლითი კურსი.

მაკროეკონომიკური სტაბილურობის პირობებში მონეტარული და საზედამხედველო ფუნქციების თანაარსებობა შედარებით “მშვიდობიანია”, ანუ მათ შორის ნაკლები კონფლიქტია. მაგრამ მაკროეკონომიკური რყევების დროს მათ შორის კონფლიქტი მწვავდება. საქართველოს მაგალითზე ეს მოსაზრება ჭეშმარიტებასთან საკმარისზე მეტად ახლოსაა.

რა ხდება დღეს ჩვენთან და რატომაა მიზნების კონფლიქტი მონეტარულ პოლიტიკას და მაკროპრუდენციულ ფუნქციებს შორის? მაკროეკონომიკურმა შოკებმა ქართული ეროვნული ვალუტა გააუფასურა. გაუფასურება ნეგატიურად აისახება ეკონომიკის რეალურ სექტორზე. ამავდროულად, სხვადასხვა მიზეზის გამო ბანკებში წარმოიშვა ლიკვიდობის პრობლემა. რა არჩევანის წინაშე დგას ეროვნული ბანკი? უზრუნველყოს ვალუტის კურსის და შესაბამისად მაკროეკონომიკური სტაბილურობა (ვინაიდან, მაღალი დოლარიზაციის გამო არასტაბილური კურსი მნიშვნელოვანი მადესტაბილიზირებელი ფაქტორია), თუ საბანკო სექტორის მხარდაჭერა? ანუ კონცენტრირება მოახდინოს ეკონომიკის რეალურ სექტორზე თუ ფინანსურ სექტორზე?

ამ კონკრეტულ მაგალითში დილემა ვალუტის სტაბილურობას და საბანკო სექტორის ლიკვიდობით “მომარაგებას” შორის გადის. მიაწვდი ბანკებს ლიკვიდობას, ეს ნეგატიურად იმოქმედებს ვალუტის კურსზე, შეეცდები კურსის დასტაბილურებას და ეს ნეგატიურად აისახება ბანკების ლიკვიდობაზე.

თუ გადავხედავთ ქართულ რეალობას, აქცენტი ცალსახად ბანკების ლიკვიდობის უზრუნველყოფაზეა გადატანილი, რაც საგარეო შოკებით დასუსტებულ ლარს დამატებით დარტყმას აყენებს.

ამდენად, საბანკო ზედამხედველობის ნებისმიერ მოდელზე მსჯელობა შეიძლება. ცალსახად კარგი, ან ცალსახად ცუდი მოდელები არ არსებობს. ფაქტია, რომ მოწინავე საფინანსო სისტემის მქონე ქვეყნებში ზედამხედველობა ცენტრალური ბანკიდან გატანილია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქვეყნების უმრავლესობაში ეს ფუნქცია ცენტრალურ ბანკშია და თანაც ტენდენცია მონეტარული და საზედამხედველო ფუნქციების გაერთიანებისკენაა. ქართულ რეალობაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ამ მოდელის არსებობა, დადებითად მოქმედებს ყველაფერზე, ლარის კურსის გარდა. არასტაბილური და გაუფასურებული ლარი კი ნიშნავს მსესხებელი ფიზიკური პირების 50%–სთვის, ხოლო იურიდიული პირების 80%–სთვის სესხების 30%–ით გაძვირებას, იმპორტზე ფასების ზრდას და შესაბამისად მაკროეკონომიკური ფონის დამძიმებას. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, არჩევანს მკითხველი თავად გააკეთებს.

[wpolling id=”4″ width=”” height=””]

Share