Home » საზოგადოება » რამდენი ლარი დაუჯდათ პოზნერს და მის სტუმრებს თბილისში რამდენიმესაათიანი სტუმრობა

რამდენი ლარი დაუჯდათ პოზნერს და მის სტუმრებს თბილისში რამდენიმესაათიანი სტუმრობა

1 აპრილი ვლადიმერ პოზნერის მესამე დაბადების დღე უნდა ყოფილიყო, რომლის აღნიშვნასაც ჟურნალისტი თბილისში გეგმავდა.

სპეციალურად ამ წვეულებისთვის, მოსკოვი-თბილისი ჩარტერით გუშინ საქართველოში 30-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს საზღვრის უკან გადაკვეთა 12 საათში მოუწიათ.

რუსი ჟურნალისტი განთავსდა “რუმსში” – საღამოს წინასადაბადებისდღეო შეკრება კი “ვინოტელში” შედგა. პოზნერი კარანტინის წესის დარღვევისთვის, მისი მასპინძელი ობიექტი კი – საღამოს 10 საათის შემდეგ სტუმრების მიღებისთვის დააჯარიმეს.

ჟურნალისტს და მისმა თანმხლებ პირებს სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილზე მისული ოპოზიციის ლიდერების პროტესტის გამო წვეულება ჩაეშალათ და გარკვეული პერიოდი უშუქოდაც მოუწიათ ყოფნა.

მეორე, უფრო მასშტაბური წვეულება ვლადიმერ პოზნერს ქართველი მეგობრის, მირანდა მირიანაშვილის ორგანიზებით იყო დაგეგმილი. სწორედ მირიანაშვილების სახლში უნდა შეკრებილიყვნენ ჟურნალისტის დაბადების დღის სტუმრები, ჩაშლილ ღონისძიებას მომღერალი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

ვლადიმერ პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს საქართველოში კოლეგების განცხადებები მოჰყვა რუსეთში. ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ამბობს, რომ თბილისში მომხდარის გამო მას რცხვენია. პოლიტიკური პუბლიცისტი მაქსიმ შევჩენკო კი ამბობს, რომ ქვეყანამ სტუმრების ხულგნებისგან დაცვა ვერ შეძლო.

თავად ვლადიმერ პოზნერი დღეს არც “კურიერის” ზარებს პასუხობდა და არც რაიმე სახის განცხადება გაუვრცელებია” მან მხოლოდ “რია ნოვოსტის” კითხვას უპასუხა და უარყო, რომ ის საქართველოში დააჯარიმეს.

საპასუხოდ მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა ჯარიმის ფურცელი, სადაც ჩანს, რომ კარანტინის წესის დარღვევის გამო პოზნერს ჯარიმა დააკისრეს.

საბოლოო ჯამში, თბილისში ჩაშლილი ვახშამი პოზნერს და მის სტუმრებს, საერთო ჯამში, 64 ათასი ლარი დაუჯდათ.

Share