Home » საზოგადოება » რამდენად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები კვების ობიექტებში
რამდენად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები კვების ობიექტებში

რამდენად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები კვების ობიექტებში

საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავ სავალალო მდგომარეობაა. თბილისსა თუ რეგიონებში მოქმედ კვების ობიექტებში ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი პროდუქტში სხვადასხვა არასასურველ ნივთს პოულობს.

როგორც „კომერსანტს” ერთ-ერთმა რესპონდენტმა ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რამდენიმე დღის წინ ხაჭაპურში პლასტმასის ნაჭერი აღმოაჩინა: „არის შემთხვევები, როდესაც სახლიდან სამსახურში გამზადებული სადილი არ მიმაქვს, ამიტომ იძულებული ვარ, რომ საკვები საცხობებში ვიყიდო. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საცხობში ხაჭაპური ვიყიდე, სადაც პლასტმასის ნაწილი აღმოვაჩინე. ასეთი რამ მარტო მე არ შემემთხვა, რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა კოტლეტში თმის ღერები აღმოაჩინა. როგორც ჩანს, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ბევრგან არ არის დაცული და კარგი იქნება, თუ შესაბამისი უწყებები ამ საკითხს სერიოზულ ყურადღებას მიაქცევენ”.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ჰიგიენერი წესები რომ ხშირად ირღვევა, ამაზე სურსათის უვნებლობის სამსახურის სტატისტიკაც მიუთითებს.  სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2014, 2015 და 2016 წლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა სამართალდარღვევის 348 ფაქტი. მარტო 2016 წელს კი უვნებლობის სამსახურმა 114 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის ის 400-დან 1200 ლარამდეა.

დარღვევებზე საუბრობს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძეც. თუმცა მისი განცხადებით, რაც არ უნდა კარგად მუშაობდეს სურსათის უვნებლობის სამსახური, იმ ოდენობის ობიექტების გაკონტროლება, რაც საქართველოში არსებობს, ყოველდღიურად შეუძლებელია.

„მომხმარებლის ზარები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის. ზარებმა და დარღვევებმა იკლო. ასევე მოხდა ზარების გადამისამართება და მომხმარებლები პირდაპირ სურსათის ეროვნულ სააგენტოში რეკავენ. ჩვენ და სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან გააქტიურებულები ვართ. გამომდინარე აქედან სამომხმარებლო კულტურაა ამაღლებული”, – განაცხადა  კოიძემ.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის თქმით, დარღვევები ძირითადად ვადაგასულ პროდუქციასა და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაა.

„ზედამხედველობა დღეს მხოლოდ სურსათის უვნებლობაზე ხორციელდება. რაც შეეხება სხვა სფეროებს, სამწუხაროდ, ის ჯერ კიდევ უკონტროლოდაა დატოვებული. კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მზადაა და ჩვენ ველოდები,თ როდის იქნება კანონი მიღებული და როდის მოხდება მისი დამტკიცება. დღეს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი არ გვაქვს,” – განაცხადა კოიძემ.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა სახელმწიფომ კანონით უნდა უზრუნველყოს, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ამ ნორმის მიღებას არ ჩქარობს, რადგან ვადა 2019 წლამდე აქვს.

 

წყარო: commersant.ge

Share