Home » საზოგადოება » რამაზ საყვარელიძე: ხალხი „რუსთავი 2“-ს უყურებს, მაგრამ არ ენდობა
რამაზ საყვარელიძე: ხალხი „რუსთავი 2“-ს უყურებს, მაგრამ არ ენდობა

რამაზ საყვარელიძე: ხალხი „რუსთავი 2“-ს უყურებს, მაგრამ არ ენდობა

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბევრი უყურებს, მაგრამ არ ენდობა.

– ბატონო რამაზ, დღეს არსებული მდგომარეობით, ვინ არის მოგებული – ქიბარ ხალვაში თუ გვარამია და სააკაშვილი?
– დღეს არსებული მდგომარეობა არ არის ფინიშამდე მისული და ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა ძნელია. შუალედურ პროცესებს რაც შეეხება, გამარჯვებულად თავის გამოცხადების საფუძველი ორივე მხარეს ნაკლებად აქვს. რაც შეეხება კონკრეტულად მხარეებს, “რუსთავი 2”-ის რედაქცია პოლიტიკური პარტიაა და ეს პოლიტიკური პარტია აქტიურ ქმედებებზეა გადასული. ის გამარჯვებულად აცხადებს თავს იმიტომ, რომ პოლიტიკურ პარტიებს უყვართ თავის გამოცხადება გამარჯვებულად.

– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ რიგითი მაყურებლისთვის ტელეკომპანია არის არა ტელევიზია, არამედ პარტიული სტრუქტურა?
– იყო ასეთი გამოკვლევები, რომელშიც ეკითხებოდნენ, რომელ ტელევიზიას უყურებ ყველაზე ხშირად და ამ გამოკვლევაში პირველ ადგილზე იყო „რუსთავი 2“, მაგრამ იყო მეორე კითხვა, რომელ ტელევიზიას ენდობით ყველაზე მეტად და აქ აღმოჩნდა, რომ ნდობის ხარისხი საკმაოდ დაბალი აქვს „რუსთავი 2“-ს.

– ანუ, გამოდის, მაყურებელი არ ენდობა, მაგრამ მაინც უყურებს…
– დიახ, ასეა… ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეს ტელეკომპანია ოპერატიულია, ხალხი შეჩვეულია და ამ დროს შეჩვევას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის, როგორც პროპაგანდისტული მანქანა, შედეგიანია. ეს ჩანს კიდეც, რადგან თუ ვინმეს პროპაგანდას ეწევა აღნიშნული ტელევიზია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და შედეგიანი რომ იყოს პროპაგანდა, ამ პარტიის რეიტინგი მოიმატებდა, მაგრამ ხომ ვხედავთ, რომ არ იმატებს და 13%-ს ვერანაირად ვერ სცილდება.

– და იმ ჩანაწერების შემდეგ ჟურნალისტთა გუნდი თითქოს დაიბნა და როგორ ფიქრობთ, უფრო შეიკრა თუ პასუხგაუცემელი კითხვები გაჩნდა?
-ეს შიდა პროცესებში ჩართულმა ადამიანმა უნდა განსაზღვროს, მე კი ასეთ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები.

– არსებობს ვარაუდი, რომ „რუსთავი 2“-ის შეფები ახალი ტელევიზიის გაკეთებას აპირებენ. ანუ, ისინი შეგუებულები არიან აზრს, რომ საბოლოოდ წააგებენ პროცესს. რამდენად გაამართლებს ახალი ტელევიზია, სადაც, როგორც ამბობენ, ე.წ. ცნობად სახეებს წაიყვანენ…
– მათ არ უნდათ პროფესიონალთა გუნდის დაკარგვა და ეს გასაგებია. სახეებიც და პროფესიონალებიც სურთ შეინარჩუნონ. ჩემი აზრით, იმავე სახეებით რომ შეცვალოს „რუსთავი 2“-მა პოლიტიკა და არ იყოს ასეთი ტენდენციური, უკვე შედეგიანი იქნება. მას იმდენად სახეები არ უჭირს, რამდენადაც ის საეთერო პოლიტიკა და ის სტილი, რომელსაც ეს სახეები იძულებული არიან გაყვნენ. ეს არის აგრესიული და ტენდენციური სტილი, სტილი, როცა სიმართლე მხოლოდ ერთ მხარესაა. მაყურებელი ელოდება და იცის უკვე, რა პოზიციას დაიკავებს ტელეკომპანია და შესაბამისად, ინტერესი ქრება. „რუსთავი 2“ კი მარტივად პროგნოზირებადი ტელევიზია გახდა.

– ბატონო რამაზ, თუ საიდუმლო არ არის, თქვენ რომელ არხს უყურებთ ყველაზე ხშირად?
– საიდუმლო არ არის ნამდვილად. არ ვარ რომელიმე ერთი ტელევიზიის მაყურებელი. არის შემთხვევები, როცა „რუსთავი 2“-ს ვუყურებ და ეს მაშინ ხდება, როცა „რუსთავი 2“-ის პოზიცია მიკარნახებს, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე „ნაციონალები“, ვუყურებ „იმედს“, „მაესტროს“… ძირითად ინფორმაციას ამათგან ვიღებ. რაც შეეხება პოლიტიკურ ტოქშოუებს, ისინი პრაქტიკულად აღარ არის და, შესაბამისად, ვერც ვუყურებ. ის რაც არის, ტელევიზორის ჩართვა არც ღირს მათ საყურებლად.

Share