Home » ფინანსები » რამ განაპირობა ტურისტული სეზონის პიკში ეროვნული ვალუტის გაუფასურება
რამ განაპირობა ტურისტული სეზონის პიკში ეროვნული ვალუტის გაუფასურება

რამ განაპირობა ტურისტული სეზონის პიკში ეროვნული ვალუტის გაუფასურება

რამდენიმე თვიანი სტაბილურობის შემდეგ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლარი დრამატულად გაუფასურდა. კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარი და 62 თეთრია. დაახლოებით, 12-14 თეთრით ძვირი, ვიდრე გუშინ.

ეკონომიკური სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება ნაწილობრივ მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ განაპირობა.

მიმდინარე პროცესები შეაფასა სოციალური ქსელის მეშვეობით საბანკო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მართალია, თურქული ლირას მკვეთრი გაუფასურება, ზემოქმედებს სავაჭრო ტრანსაქციებზე, მაგრამ ლარის გაუფასურება არ გამომდინარეობს გრძელვადიანი ანუ ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან. ადრეც აღმინიშნავს, რომ არაკონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებში, შედარებით მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებს ნაკლებ პროგნოზირებული მოლოდინებისა და მკვეთრი სავალუტო რყევების ამპლიტუდა, რის გამოც სავალუტო კურსი სათანადოდ ვერ გამოიყენება ბუფერად.

მიმაჩნია, რომ ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უფრო უკავშირდება და ნაკლებად რაიმე წმინდა ეკონომიკურ ან სპეკულაციურ ფაქტორს. აქ საპანიკოც არაფერია. როდესაც გაუფასურების არანაირი, პირველ რიგში, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი არ მოქმედებს, კურსი სწრაფადვე უბრუნდება წონასწორობის ნიშნულს, რადგან გაცვლითი კურსი აშკარად გასცდა იმ ნიშნულს, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები შეიძლება განაპირობებდეს და დღეს სწორედ ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი. შესაბამისად, კურსის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ.

მსურს, განვმარტო, რომ ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას აქვს დროებითი ხასიათი, რადგან ის არ მომდინარეობს არც მაკროფაქტორების რაიმე სერიოზული ცვლილებებიდან და არც წმინდა სავალუტო ნაკადების დისბალანსიდან(წმინდა უცხოური ინვესტიციები, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, ფულადი ზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები), მათ შორის საგადამხდელო ბალანსის პოზიციიდან და მით უმეტეს, არც გლობალური საგარეო ფაქტორებიდან”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

ფრაქცია “ევროპული-საქართველო – რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშილი სამომავლოდ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში ფასების ზრდის საფრთხეს ხედავს.

“ლარის რყევა ტურისტული სეზონის პიკზე, კიდევ უფრო მეტ მოლოდინებს აჩენს საიმისოდ, რომ ეს პროცესი არ აისახება დადებითად მომდევნო თვეების განმავლობაში არც ეკონომიკურ ზრდაზე და სამწუხაროდ არც მერეც შეიძლება ბიძგი მისცეს ფასების ისეთ ზრდას, რომელიც კიდევ უფრო გააღარიბებს ისედაც გაღარირებუბლ ჩვენის მოსახლეობას”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ეკონომიკის ექსპერტი, აკაკი ცომაია ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აშშ-ის მეირ რუსეთსა და თურქეთზე დაწესებული სანქციებით ხსნით, რომლებმაც ინვესტორები რუბლის და ლირის გაყიდვისკენ აიძულა.

“აშშ-ს სანქციებმა და თურქეთის ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ შეაშინა ინვესტორები თურქეთში. დაიწყეს ლირის მასიური გაყიდვა.

აშშ-ს კანონპროექტმა სანქციების შესახებ რუსეთის სახელმწიფო ბანკების მიმართ შეაშინა ინვესტორები რუსეთში და დაიწყეს რუბლის მასიური გაყიდვა.

ლირის და რუბლის გაუფასურებამ შეაშინა ინვესტორები საქართველოში და დაიწყეს ლარის მასიური გაყიდვა.

რა ვუთხარი მაისის ეკონომიკური ზრდით აღტყინებულ სებ-ს, აღჭურვილს პროგნოზირების ეკონომეტრიკული მოდელებით, რომ ამ ფონზე, არბილებს მონეტრალულ პოლიტიკას და ყიდულობს დოლარს”, – აცხადებს ცომაია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეროვნული ვალუტის დოლართ მიმართებით გაუფასურება მეზობელ ქვეყნებში, ლირის და რუბლის გაუფასურებამ განაპირობა.

“თუ თქვენ ადევნებთ თვალყურს ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ძალიან მნიშვნელოვანი გაუფასურებაა ლირის თურქეთში, ასევეა რუსული რუბლიც. მიმდინარეობს ნეგატიური დინამიკა და ბუნებრივია, მცურავი კურსის პირობებში ჩვენი ვალუტათ რამოდენიმე პუნქტით გაუფასურდა”, – განაცხა გაგუამ.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share