Home » საზოგადოება » რადიკალური იყო მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, როგორც ჩანს, ამან შეაშინა ინვესტორი – ნარმანია “ნამახვანჰესზე”

რადიკალური იყო მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, როგორც ჩანს, ამან შეაშინა ინვესტორი – ნარმანია “ნამახვანჰესზე”

“მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა”, – ასე უპასუხა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ Forbes Talk–ის ფორმატში კითხვას, ჰქონდა თუ არა კიდევ რესურსი სახელმწიფოს იმისთვის, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA შეენარჩუნებინა და ამ უკანასკნელს საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ მიეღო.

“ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, როცა მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო მხარეებთან, მათ შორის, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასაც მიმართა, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესებში.

ინვესტორს ჰქონდა მაქსიმალური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, ჩემი აზრით, ისევე როგორც მხარეებთან მოლაპარაკებებში უშუალოდ მინისტრები და მათი მოადგილეები იყვნენ ჩართულნი და ა.შ. უბრალოდ, ძალიან რადიკალური იყო აშენების მოწინააღმდეგეთა ჯგუფი და როგორც ჩანს, ამან შეაშინა ინვესტორი და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო”, – განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ “ინვესტორს ყოველთვის ეჩქარება, უნდა სწრაფი და მარტივი გადაწყვეტილებები, მარტივი ადმინისტრაციული პროცედურები და ნაკლები ბარიერები”.

“რა თქმა უნდა, ინვესტორი თუ ხედავს, რომ სხვაგან შეუძლია წაიღოს ეს ფული დასაბანდებლად, ძალიან სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას ერთ ქვეყანაში პროექტის შეწყვეტასა და ფულის სხვაგან დაბანდებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ENKA “ნამახვანჰესის” სახელშეკრულებო პირობების დარღვევების და ფორს-მაჟორული ვითარების გამო, $800-მილიონიანი პროექტის განვითარებას წყვეტს და მთავრობასთან არსებულ ხელშეკრულებას მოშლის. კომპანიის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულ მორატორიუმს და მრავალთვიან პროტესტს მოჰყვა.

წყარო: BMG 

Share