Home » ფინანსები » რა წინაპირობები არსებობს საწვავის გაძვირებისთვის
რა წინაპირობები არსებობს საწვავის გაძვირებისთვის

რა წინაპირობები არსებობს საწვავის გაძვირებისთვის

საქართველოში რამდენიმე დღის წინ საწვავი გაძვირდა, მაგრამ ეს ტენდენცია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. საქმე ისაა, რომ საქართველოში ლარის კურსის არასტაბილურობამ და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ტენდენციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. ამიტომ საცალო ქსელში ფასი თანდათან მატულობს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთავრალაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ფასები სექტემბრიდან დღემდე ბენზინის შემთხვევაში მომატებულია 50-60 დოლარით, რაც 10%–იანი მატებაა, დიზელის შემთხვევაში კი მატება 60-65 დოლარია, ანუ 15%. მთვრალაშვილი ამბობს, რომ ლარის კურსი და ნავთობის საერთაშორისო ფასები პირდაპირ მოქმედებს საწვავის მიმდინარე ფასებზე. ამიტომ მომავალში ფასების ზრდის ან კლების ტენდენციის პროგნოზირება რთულია, თუმცა ჯერჯერობით ბაზარზე ტარიფების მატება შეინიშნება.

“ჯერჯერობით ლარის გამყარების ტენდენცია არ იკვეთება. მე არ შემიძლია დავადასტურო, რომ ზრდა გაგრძელდება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ვალუტის დღევანდელი კურსი მასზე უარყოფითად აისახება”, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ამ რამდენიმე დღის წინ ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით, 4-6 თეთრით მოიმატა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამას საერთოშირისო და ადგილობრვი ფაქტორების ერთობლიობით ხსნიან.

“ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, ამ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ნავთობის ფასის ზრდა იყო, ოპეკის არაწევრი მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიც, მაგალითად, რუსეთიც შეურთდა. შედეგად მნიშვნელოვნად მოიმატა ნავთობპროდუქტების ფასმა საერთაშორისო ბაზარზე. ამას დაემატა, რომ ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და რადგან დღეს, ორივე ეს ფაქტორი ნეიტრალურ დიაპაზონშია, საწვავის ფასის მატება გარდაუვალი იყო”, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა საწვავი ცოტა გვიან გააძვირეს, რადგან გარკვეული მარაგი ჰქონდათ. რაც შეეხება არაბრენდირებულ სადგურებს, იქ უკვე დაახლოებით 2 კვირაა, რაც ფასებმა იმატა.

ნავთობიმპორტიორებიც ადასტურებენ, რომ ფასების დარეგულერება შეუძლებელი იყო და თუ მომავალში ლარის კურსი არ დასტაბილურდა, ბაზარზე გაურკვეველი სიტუაცია ისევ იქნება. კომპანია “გალფში” აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტენდენცია საქართველოში საწვავის ფასზე პირდაპირ აისახა.

“საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა 10%-ით შეინიშნება და შესაბამისად, ნავთობის იმპორტიორ ყველა კომპანიასა და ჩვენს ქსელშიც ფასებმა მოიმატა. რაც შეეხება მომავალში ფასების ზრდის ან კლების ტენდენციას, ჩვენ ამაზე პროგნოზირებას ვერ მოვახდენთ, რადგან ეს პირდაპირ საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა “გალფის” წარმომადგენელმა, ნინო ჯიბლაძემ.

“ლუკოილ ჯგუფის” გენერალური დირექტორის მოადგილის, შავლეგ მიშველაძის თქმით, კომპანიამ ყველა ტიპის საწვავის ფასს 5 თეთრი მოუმატა, რაც ორი ფაქტორითაა გამოწვეული.

“ფასების მატების ან კლების ტენდენციას ორი ფაქტორი, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ან ვალუტის კურსი იწვევს ან ორივე ერთად, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. გადავხედეთ ჩვენს შესაძლებლობებს და ფასების კორექტირება მაქსიმალურად გვიან, გასულ ორშაბათს მოვახდინეთ”, – განმარტა მიშველაძემ.

“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” წარმომადგენელი ირაკლი ზუბიტაშვილი ამბობს, რომ ქსელში საწვავის ფასები ცოტა ხნის წინ 4-5 თეთრით გააძვირეს და ეს იყო მინიმალური მატება.

ზუბიტაშვილი ამბობს, რომ ნავთობის საერთაშორისო ფასები არის ყველაზე მაღალი, რაც კი 2016 წლის განმავლობაში დაფიქსირებულა და არის ლარის კურსის რყევაც.  კომპანია მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ფასის შენარჩუნებას, თუმცა იძულებული გახდნენ ფასები აეწიათ.

ავტორი: პაატა თურქია

Share