Home » ფინანსები » რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ გავხდეთ ფიშინგის მსხვერპლი

რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ გავხდეთ ფიშინგის მსხვერპლი

„ბანკები და ფინანსები“ გაფრთხილებთ და მოგიწოდებთ, – გამოიჩინეთ ყურდღება და არ გახდეთ ფიშინგის მსხვერპლი. ფიშინგი – ეს არის პირადი ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვება.

ფიშინგი კიბერდანაშაულია, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მხრიდან ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს.

კიბერთაღლითები მოპოვებულ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით იყენებენ და მანამ, სანამ  მსხვერპლი მიხვდება, რომ მოტყუვდა და თავის მომსახურე ბანკს ტრანზაქციების დაბლოკვის მოთხოვნით მიმართავს, შესაძლოა, საგრძნობლად დაზარალდეს.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიბერთაღლითობის სქემებიც დახვეწა. ბოლო ხანს გახშირდა პრაქტიკა, როცა თაღლითები, უკავშირდებიან ინტერნეტსივრცეში ამა თუ იმ ნივთისა და პროდუქციის გაყიდვის მიზნით განთავსებული განცხადების ავტორებს და როგორც წესი, ამგვარი ბიზნესკომუნიკაციისთვის ისინი ხშირად იყენებენ WhatsApp-ისა და Viber-ის აპლიკაციებს. ეს არის პირველი დეტალი, რამაც ეჭვი უნდა გამოიწვიოს.

ამის შემდგომ, თაღლითები შეეცდებიან პოტენციური მსხვერპლი დაარწმუნონ, რომ მის მიერ განთავსებული ნივთის/ქონების შეძენა სურთ და წინასწარ აპირებენ თანხის ნაწილის, ე.წ. B-ს ჩარიცხვას. ამ ინფორმაციის გაცემის და მსხვერპლის ნდობის მოპოვების შემდეგ თაღლითები გადადიან ფინალურ ეტაპზე და იმისთვის, რომ ფული ჩარიცხონ, ანგარიშის ნომრის ნაცვლად ითხოვენ:

  • საბანკობ არათის 16-ნიშნა კოდს;
  • CVV კოდს;
  • ბარათის მოქმედების ვადას;
  • ბარათის ორივე მხარეს სურათის გადაღებასა და გაგზავნას;
  • ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას.

თუ თქვენ ამ მომენტამდე მაინც ფიქრობდით, რომ საქმე გქონდათ თქვენი წინადადებით რეალურად დაინტერესებულ პოტენციურ მყიდველთან, ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მოთხოვნის პირველსავე შემთხვევაში, უნდა ირწმუნოთ, რომ კიბერდამნაშავეების ხელში ხართ მოხვედრილი. რა თქმა უნდა, არ უნდა გასცეთ პირადი ინფორმაცია და სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოთ კონტაქტი. ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც, ამ შემთხვევაში,  თქვენი ფინანსების უსაფრთხოებისთვის შეგიძლიათ.

გაცილებით მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლინება იქნება, თუკი აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობებთ პოლიციას და შემდგომი გამოძიების პროცესში ითანამშრომლებთ მასთან. ამით, შესაძლოა, ძალიან ბევრი პოტენციური მსხვერპლი აარიდოთ კიბერთაღლითების ხაფანგს.

გაცილებით უფრო დახვეწილია სქემა, როცა თაღლითები პირდაპირ ბარათის მონაცემების გადაგზავნას არ ითხოვენ, არამედ მსხვერპლს უგზავნიან, მაგალითად, „საქართველოს ფოსტის“ ყალბი ვებგვერდის ბმულს, და უკვე იქ სთხოვენ მას ბარათის მონაცემების ერთჯერადი კოდების შეყვანას. მომხმარებელი ამ დროს უფრო დაცულად გრძნობს თავს, რადგან ფიქრობს, რომ სოლიდური ორგანიზაციის ვებგვერდზე იმყოფება და მისი მეშვეობით აწარმოებს ნივთის რეალიზაციას. თან, როგორც წესი, თაღლითები ამ დროს ირწმუნებიან, რომ რადგან შესყიდული საქონელი ფოსტით უნდა მიიღონ, ამიტომაა საჭირო პირადი ინფორმაციის მითითებულ საიტებზე შეყვანა.

იმისათვის, რომ იყოთ დაცული მსგავსი ტიპის კიბერთაღლითობისგან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას. აუცილებელია დიდი სიფრთხილე იმ მოწყობილობების მოხმარებისას, რომელთა საშუალებითაც საკუთარ ფინანსებს განვკარგავთ (კომპიუტერი, ლეპტოპი, სმარტფონი, ა.შ). არ ენდოთ სოციალურ ქსელში, facebook-ის მეშვეობით მიღებულ მესიჯებს, სადაც რაღაც გათამაშებაში მოგების, კოსმეტიკური საშუალების შემოთავაზების ან  სოციალური მიზნით თანხის ჩარიცხვისთვის პირადი ინფორმაციის გაზიარებას გთხოვენ.

და, ასევე, უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ინტერნეტ-გათამაშებაში მონაწილეობისას, თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას აუცილებლად უნდა  დაიცვათ შემდეგი წესები:

  1. არ გადასცეთ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.
  2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებ-მისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://’ ან ‘shttp://’-ით.

ასევე, დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია მწვანე, ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო. დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

  1. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს.
  2. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შემოთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.
  3. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. ინტერნეტში შესაძლებელია WHOIS მომსახურების ვებგვერდის მოძიება, სადაც მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.
  4. გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.
Share