Home » ფინანსები » რა უნდა დარეგულირდეს ონლაინ სესხების კომპანიებისთვის
რა უნდა დარეგულირდეს ონლაინ სესხების კომპანიებისთვის

რა უნდა დარეგულირდეს ონლაინ სესხების კომპანიებისთვის

ონლაინ საკრედიტო პროდუქტი ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება. იგი ძვირია, მაგრამ ხელმისაწვდომი, მისი მიღება არ არის დაკავშირებული რთულ პროცედურებთან, მთავარი პირობებია, პოტენციური მსესხებლის ასაკი არ იყოს 21 წელს ქვემოთ, იყოს დასაქმებული და “კრედიტინფოს” საინფორმაციო ბაზაში არ უფიქსირდებოდეს მიმდინარე ნეგატიური მონაცემი. აქტუალობას არ კარგავს ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულაციის ქვეშ მოქცევის საკითხი. თემას უკვე გამოეხმაურა პრაქტიკულად ყველა მხარე, როგორც თავად ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციებიდან და მათ მიერ შექმნილი ასოციაციიდან, ისე ხელისუფლებიდან.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ერთ–ერთ პირველივე საჯარო გამოსვლისას აღნიშნა, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიციების რეგულაცია ის საკითხია, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. “სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაევალება ონლაინსესხების რეგულირება. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ზოგადად რომ ვისაუბროთ, თავისთავად სესხის აღებამ მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იქნება ამ მიმართულებით. ამავე დროს, მსესხებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეაფასოს ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ ტიპის სესხის მიღებასთან”, – განაცხადა გვენეტაძემ. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს შედარებით დიდი ხნის გამოცდილება აქვთ და საქართველოშიც მიმდინარეობს ამ გამოცდილებას შესწავლა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მკაფიოდ და არაორაზროვნად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია, როცა განაცხადა, რომ არსებული პროექტის მიხედვით ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი უნდა იყოს. “ჩვენ გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. შინაარსი პროექტის განხილვისა არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მოსახლეობაში ფინანსური საკითხების ცოდნა არ არის იმდაგვარი, რომ მათ თავიანთი თავი დამოუკიდებლად დაიცვან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი იმდაგვარად იყოს დარეგულირებული, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკები, რაც ბუნებრიობას სცილდება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით კი ახალი რეგულაციების განხილვა უკვე მოხდა ფინანსთა სამინისტროში, ასევე ეკონომიკურ საბჭოში და აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს პარლამენტის შესაბამისი პროფილის კომიტეტებთან. “საკითხის ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ ყველა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს ღია პოტენციური მსესხებლისთვის”, –  ამბობს ხადური.

თავად სექტორის წარმომადგენლები, რომელთაგან ყველაზე მსხვილმა ორგანიზაციებმა ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია შექმნეს, არ ეწინააღმდეგებიან მომავალ რეგულაციებს და ამას ოფიციალური განცხადებებითაც ადასტურებენ. “ბაზრის ძირითადი მონაწილეები, რომლებიც ასოციაციაში არიან გაწევრიანებული, მოქმედებენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და იაზრებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია აცხადებს საჯაროდ, რომ მიესალმება საქართველოს მთავრობაში დაწყებულ პროცესს, რომელიც ბიზნესის გარკვეული რეგულაციის ქვეშ მოქცევას და ბაზრის ყველა მონაწილისათვის ერთგვაროვანი თამაშის წესების დადგენას გულისხმობს. ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები რეალური და გონივრული რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან და სრულად იზიარებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ რეგულაციების დაწესებისას, პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იქნას მომხმარებლის ინტერესი იმგვარად, რომ არ დაზარალდეს თავად ონლაინ საკრედიტო ბაზარიც, რამდენადაც მოსახლეობისთვის აღნიშნული ფინანსური მომსახურების მიღება მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოკლედ რომ მიმოვიხილოთ ის ძირითადი მომენტები, რაც იდეაში უნდა დაარეგულიროს ახალმა ინიციატივამ, შემდეგ სურათს მივიღებთ:

ძვირია ონლაინ სესხებზე არსებული საკომისიო, გნებავთ თვიური საპროცენტო განაკვეთი. სესხის გამცემი ორგანიზაციები არსებულ ფასს იმ არგუმენტით ხსნიან, რომ მათი პროდუქტი არის სწრაფი, არ ითვალისწინებს არც გირაოს და არც თავმდებობას, შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი რისკის შემცველ პროდუქტს და მისი ფასიც, ასევე დაფარვის გადავადების საკომისიო და ჯარიმის მოცულობაც, სესხის არდაფარვიდან მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში, აქედან გამომდინარეობს. ესეც რომ არ იყოს, კითხვის ნიშნებს იწვევს, საბაზრო პრინციპებისთვის მისაღებია თუ არა რეგულაცია, როცა საკითხი ეხება ორ პირს შორის ფინანსურ ურთიერთობას, იმ შემთხვევაში, როცა ზიანი ვერ მიადგება დეპოზიტარებს და როცა მხარეები წინასწარი შეცნობებით აწერენ ხელს ელექტრონულ ხელშეკრულებას.

მეორე პრობლემატური საკითხი, რომელსაც ონლაინ სესხების რეგულაციის მომხრეები სვამენ, არის მსესხებლის იდენტიფიცირების გამარტივებულ ხერხები. ამ საკითხზე სექტორის პოზიცია არის ის, რომ თუ რეგულაციები გაითვალისწინებს იდენტიფიცირების გამკაცრებას, ანუ თუ სესხის დამტკიცებისას მათ მოუხდებათ ყველა იმ პროცედურის ფიზიკურად გავლა, რასაც საბანკო სექტორში სამომხმარებლო სესხის აღებისას ხდება, – იქნება ეს მსესხებლის მისვლა მათ ოფისში, მათი საკრედიტო ოფიცრის მიერ მსესხებლის სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე ვიზიტი, თავმდების მოთხოვნა თუ სხვა პროცედურები, ამ შემთხვევაში, პროდუქტის მთავარი მახასიათებელი, – მისი ონლაინ ხასიათი და სისწრაფე, საერთოდ დაიკარგება, რაც იგივეა, რომ პირდაპირ აკრძალო ეს პროდუქტი.

მესამე და პრაქტიკულად ყველაზე პრობლემატური საკითხი, რაც დგას, ეს არის მსესხებლის პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გაცემა და გაპრობლემებული სესხების ამოღების კოლექტორულ კომპანიებზე, ანუ ე.წ. ამომღებ კომპანიებზე, იგივე საკრედიტო ბიუროებზე გადაცემა, რომლებიც შემდგომ ამ მონაცემებს არამართლზომიერად, ანუ იკანონოდ იყენებენ თავიანთ საქმიანობაში. ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის წევრი კომპანიები ოფიციალურ აცხადებენ, რომ კოლექტორულ კომპანიებთან მათ აკავშირებთ სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც  კანონის შესაბამისად განსაზღვრავს უფლება–მოვალეობებს და სადაც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ მათი მხრიდან უკანონობის გამოვლინების შემთხვევაში, თანამშრომლობა შეწყდება.

ჩვენის მხრივ, აქ იმის დამატება შეიძლება, რომ რაიმე რეგულაციის შემოღება, ამ შემთხვევაში, უადგილო იქნება, რამდენადაც ოფიციალური ურთიერთობებისას, ეთიკისა და მორალის ნორმებზე რომ არაფერი ითქვას, კანონით დადგენილ ნორმებზე გადაცდომა და შანტაჟისა და მუქარის ფაქტის დაშვება, ისედაც არის დასჯადი ქმედება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. უბრალოდ, კანონის ნორმების პრაქტიკაში ამოქმედებაა საჭირო.

ხშირია უკმაყოფილება იმის გამო, რომ ონლაინ საკრედიტო პროდუქტზე წვდომა აქვთ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებსაც, რაც სესხის მომსახურების გამო, ხშირად, მათი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას იწვევს. ამ შემთხვევაში, გამოსავალი მარტივია, – რეგულატორმა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს უნდა მოსთხოვოს, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ პირზე ისევე არ გაიცეს სესხი, როგორც ამას მსესხებლის “კრედიტინფოს” ნეგატიურ ბაზაში დაფიქსირებისას აკეთებენ. მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევისას კი ჯარიმა განისაზღვროს ძალიან დიდი მოცულობით. უბრალოდ, საამისოდ, საჭიროა, რომ ონლაინ გამსესხებლებს სოციალურად დაუცველთა მუდმივად განახლებად ბაზაზე ხელი მიუწვდებოდეთ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელმა რეგულაციებმა გაითვალისწინოს, ეს არის ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ოპერირებისთვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის განსაზღვრა. ამ შემთხვევაში, მივიღებთ, რომ ამ ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო გახდება სოლიდური კაპიტალის მოძიება, რაც დადებით ფაქტორად უნდა შეფასდეს, რამდენადაც გამოიწვევს ფინანსურ სექტორში ინვესტირების ინტერესის გაზრდას სერიოზული კომპანიების მხრიდან.

 

გიორგი ცაგარეიშვილი

Share