Home » მსოფლიო » რა უძრავ ქონებას ფლობს ვატიკანი – ისტორიაში პირველად, საბიუჯეტო მონაცემები გამოქვეყნდა

რა უძრავ ქონებას ფლობს ვატიკანი – ისტორიაში პირველად, საბიუჯეტო მონაცემები გამოქვეყნდა

ისტორიაში პირველად ვატიკანმა უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც მიუთითებს, რომ 5000-ზე მეტ ობიექტს ფლობს და ძირითადად, იტალიაში. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამჟღავნებული ინფორმაცია შეიცავს ორ დოკუმენტს – 2020 წლის კონსოლიდირებულ ფინანსური ანგარიშსა და წმიდა ტაძრის ქონების განყოფილების (APSA) პირველ საჯარო ბიუჯეტს.

APSA, რომელიც ერთგვარი საბუღალტრო განყოფილებაა, ვატიკანის უძრავ ქონებასა და ინვესტიციებს განაგებს, ანაზღაურებს ხელფასებს და შესყიდვებისა და ადამიანური რესურსების განყოფილებების ფუნქციასაც ასრულებს.

APSA-ს 30-გვერდიანმა ბიუჯეტმა აჩვენა, რომ ვატიკანი უძრავი ქონების 4,051 ობიექტს იტალიაში, ხოლო, დაახლოებით, 1,120-ს უცხოეთში ფლობს, რაშიც საელჩოების ქონება არ შედის.

იტალიური ქონების მხოლოდ 14% იყო გაქირავებული საბაზრო ფასებით, ხოლო დანარჩენი – ფასდაკლებით, რომელთა უმეტესობა ეკლესიის მსახურებს ჰქონდათ ნაქირავები. დაწესებულებების, დაახლოებით, 40% ინსტიტუციური შენობებია, როგორიცაა სკოლები, მონასტრები და საავადმყოფოები.

დოკუმენტაციამ აჩვენა, რომ APSA საინვესტიციო ქონებას ლონდონის, ჟენევის, ლოზანასა და პარიზის პრესტიჟულ ადგილებში ფლობს. ლონდონის სამხრეთ კენსინგტონის რაიონში ერთმა შენობამ ვატიკანს დიდი ზარალი მოუტანა მას შემდეგ, რაც წმიდა ტაძრის სახელმწიფო სამდივნომ ის 2014 წელს ინვესტიციის სახით შეიძინა. ამ ობიექტის შეძენასთან დაკავშირებით, ხვალიდან ვატიკანში 10 პირის სასამართლო პროცესი იწყება, რომელთა შორისაა ცნობილი კარდინალიც. მათ ბრალი ედებათ ფინანსური დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა გაფლანგვა, ფულის გათეთრება, თაღლითობა, გამოძალვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

წმიდა ტაძრის კონსოლიდირებულმა ფინანსურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ გასულ წელს ვატიკანს 64.8 მლნ ევროს, 2019 წელს კი 79.2 მლნ ევროს დეფიციტი ჰქონდა.

2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ ვატიკანის შემოსავლებს მძიმედ დაარტყა.

წყარო: BPN.GE

Share