Home » საზოგადოება » რა შემთხვევაში შეიძლება კრედიტის გადახდაზე უარის თქმა  
რა შემთხვევაში შეიძლება კრედიტის გადახდაზე უარის თქმა  

რა შემთხვევაში შეიძლება კრედიტის გადახდაზე უარის თქმა  

 

როგორ “აცოცხლებს” “საქართველოს ბანკი” “პრივატბანკის” მიერ გაცემულ ხანდაზმულ სესხებს

საბანკო სესხებით დღეს ლამის ყველა მეორე მოქალაქე სარგებლობს, სესხის მიღებას ვცდილობთ ყველა შესაძლო გზით და ხშირ შემთხვევაში, არ ვართ მზად შესაძლო გართულებისათვის. ზნეობრივი და სამართლებრივი ნორმებით მიღებული კრედიტი უნდა დაბრუნდეს, მაგრამ თითოეულმა პირმა უნდა იცოდეს მისი უფლებების შესახებაც.

დღეს ყურადღებას გავამახვილებთ სესხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაზე. სესხი არის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იგი. შესაბამისად, კრედიტის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს.

საიდან აითვლება ეს ვადა – მაგალითად, სესხი გაიცა 2008 წლის იანვარში და მოვალემ ვეღარ შეძლო ამ კლრედიტის გადახდა 2010 წლის 1 სექტემბრიდან. ამ მომენტიდან, ბანკს წარმოეშვება შეუსრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვერ ან არ გააგრძელებს კრედიტის დაფარვას, ბანკს რჩება საშუალება იძულებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, ანუ სარჩელი შეიტანოს სასამართლოში/არბიტრაჟში. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი არ მიმართავს მითითებულ ორგანოებს სარჩელით, მოვალის მიერ გადახდის შეწყვეტიდან 3 წლის მანძილზე, მისი მოთხოვნა ხანდაზმული ხდება და შემდგომ მას წარმოეშვება უფლება უარი თქვას კრედიტის დაფარვაზე.

განვიხილოთ იგივე სიტუაცია, მაგრამ დავამატოთ ერთი გარემოება, – მოვალემ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა საკუთარი უძრავი ქონება. მან არ გადაიხადა კრედიტი, ხოლო გამსესხებელს არ მოუთხოვია თანხის დაბრუნება 3 წლის განმავლობაში – მოთხოვნას გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა. ამ შემთხვევაში,

მოვალეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება,

რადგან იგი უსაფუძვლოდ არის რეგისტრირებული (საფუძველი გამოეცალა, როდესაც სესხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა).

სესხის ხანდაზმულობის ვადის გასაკონტროლებლად, თითოეულ პირს უფლება აქვს მიიღოს მის შესახებ არსებული ინფორმაცია საბანკო დაწესებულებაში, მიიღოს დეტალური საბანკო ამონაწერი და აკონტროლოს მისი გადახდების თარიღები.

 ხანდაზმულობის ვადის გასვლა, პრაქტიკულად, ერთადერთი შემთხვევაა, როცა პრობლემური კლიენტი ვალის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება. თუმცა, როგორც ჩანს, გამსესხებლებმა ამ შემთხვევაშიც იპოვეს გამოსავალი, – ბოლო დროს ცნობილი ხდება, რომ ბანკები ხანდაზმულ სესხებს ხელოვნურად “აცოცხლებენ”. “ბანკები და ფინანსების” რედაქციას ბოლო თვეებში ათზე მეტი ადამიანი დაუკავშირდა, მათი განცხადებით, ბანკები ხანდაზმულ სესხებს ანგარიშზე 1 ლარის ჩარიცხვით აცოცხლებენ. ყველა შემთხვევაში საუბარია, ყოფილი “პრივატბანკის” კლიენტებზე. მოგეხსენებათ, ეს სამომხმარებლო სესხების ბაზარზე აგრესიული საკრედიტო პოლიტიკით გამოირჩეოდა, რაც სესხის გაცემის პროცედურის მაქსიმალურ გამარტივებას გულისხმობდა. მას შემდეგ, რაც ძალიან მოცულობითი პრობლემური საკრედიტო პორტფელი “საქართველოს ბანკმა” გადაიბარა, ხანდაზმული სესხების “გაცოცხლების” შემთხვევები მომრავლდა.

იურისტ გვანცა ცატავას აზრით, ხანდაზმული სესხების “გაცოცხლების” პრაქტიკა ახალია, მისი პოზიციით, ეს მიდგომები, პრობლემურ მსესხებლებს კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას, ვინაიდან ფაქტის, რომ ანგარიშზე თანხა თავად არ შეუტანია, მტკიცების ვალდებულება კლიენტს აქვს და არა იმ პირს, რომლიც ინტერესებშიც ამ სესხის “გაცოცხლება” შედიოდა. ამ შემთხვევაში, იურისტი მიმართავს შესაბამის პირებს, რომ საქმე გადაიტანონ სასამართლოში და მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, მაინც ცივილიზებულ ჩართოებში მოხდეს საქმის განხილვა.

 მოვალის და მევალის ურთიერთობაში კიდევ უამრავი ნიუანსია, რასაც მსესხებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს:

იმ შემთხვევაში, თუ გამსესხებელი კერძო ფიზიკური პირია და საპროცენტო სარგებლის გადახდა ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით, თანხის გადაცემა სასურველია გაფორმდეს წერილობით, მიღება-ჩაბარების აქტის სახით, სადაც ხელს მოაწერს, როგორც მსესხებელი, ასევე გამსესხებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის გადაცემის ფაქტი სასამართლოში ვერ დადასტურდება, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით და შესაძლოა მსესხებელს დაეკისროს უკვე გადახდილი სარგებლის ხელმეორედ გადახდა.

ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, კერძო გამსესხებელ პირებს 2014 წლის იანვრიდან დაუწესდათ საპროცენტო სარგებლი მაქსიმალური ზღვარი – 3.6 % ყოველთვიურად.

 იმ შემთხვევაშიც კი, თუ კერძო გამსესხებლისა და მსესხებელის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია აღნიშნულ პროცენტზე მეტი განაკვეთი, მსესხებელს უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოში და მოითხოვოს კანონით დაშვებულ ზღვარზე მეტი საპროცენტო განაკვეთის ბათილად ცნობა.

ასეთ შემთხვევაში, დაშვებულ განაკვეთზე ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში.

ბოლო დროს დამკვიდრდა პრაქტიკა, როდესაც ბანკის თანამშრომლები რეკავენ მსესხებლის სახლის ან სამსახურის ტელეფონზე და ამჟღავნებენ სესხის არსებობის, მისი ოდენობის შესახებ ინფორმაციას მესამე პირებზე. აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა, ვინაიდან ირღვევა შეთანხმების კონფიდენციალურობა და ბანკი პასუხისმგებელია ასეთი დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევაა ბანკის მხრიდან, როდესაც მოქალაქე საბანკო დაწესებულებაში იხდის კომუნალურ გადასახადს, გამოაქვს თანხა მისი ანგარიშიდან, რა დროსაც ხელს აწერს სალაროს შემოსავლის ან გასავლის ორდერს (ქვითარს), სადაც წვრილი შრიფტით წერია, რომ თქვენ ანიჭებთ ბანკს უფლებამოსილებას ბანკის შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით მიიღოს თქვენს შესახებ არსებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური მონაცემები საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან. ბანკის თანამშრომელი ვალდებულია გაგაფრთხილოთ აღნიშნული ჩანაწერის თაობაზე, რადგან დოკუმენტს, რომელშიც არსებობს ეს ჩანაწერი, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს შინაარსობრივი ან სხვა რაიმე კავშირი ბანკისათვის რაიმე სახის უფლებამოსილების მინიჭებასთან.

და ბოლოს, გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს სესხის მიღება, ხელშეკრულების წაკითხვა აუცილებელია, რათა თქვენთვის ცნობილი იყოს მის შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი ან ტერმინი გაუგებარი ან ორაზროვანია, მოითხოვოთ მისი დეტალური განმარტება.

[wpolling id=”10″ width=”” height=””]

Share