Home » ბიზნესი » რა შედეგებს მოიტანს თამბაქოზე ადვალური გადასახადის ზრდა
რა შედეგებს მოიტანს თამბაქოზე ადვალური გადასახადის ზრდა

რა შედეგებს მოიტანს თამბაქოზე ადვალური გადასახადის ზრდა

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში თამბაქოს ფასი მუდმივად იზრდება. ფასების მუდმივ ზრდას რამდენიმე ფაქტი განაპირობებს. ერთ-ერთია სახელმწიფოს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ფასების ზრდით ცდილობს შეამციროს მწეველთა რაოდენობა. მართალია არაერთი ქვეყნის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფასების ზრდა მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე, დადებითა არ მოქმედებს და მეტიც, ამას ხშირად უარყოფითი შედეგებიც მოსდევს, თუმცა ჩვენს რეალობაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება პრაქტიკულად არ მომხდარა. არამხოლოდ ფასების ზრდის, არამედ მთელი თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, რამაც შესაბამისი შედეგები გამოიღო.

კერძოდ კი როგორც მონაცემები აჩვენებს ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბალხარისხიანი და უფილტრო თამბაქოს მოხმარება. მართალია საქართველოში თამბაქოს მოხმარების სტატისტიკა არასდროს წარმოებულია, თუმცა სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით მაინც შეიძლება, გარკვეული მონახაზის გაკეთება მწეველთა რაოდენობაზე. ერთ-ერთი ასეთი მონაცემი, რაც ნათელ სურათს გვაძლევს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობაზე, არის ქვეყანაში იმპორტირებული თამბაქოს რაოდენობა. რომელიც წლიდან- წლამდე მზარდია, მაგალითად თუ 2017 წლის იანვარ-მაისში, ქვეყანაში 25.5 მლნ დოლარის თამბაქოს ნაწარმი შემოვიდა 2018 წლის, იმავე პერიოდში ეს რიცხვი გაორმაგდა და 50.9 მლნ დოლარს მიაღწია.

რეგულაციების ნეგატიურ შედეგს უფრო ნათლად აჩენს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული აქციზური მარკების სტატისტიკა. რომლის მიხედვითაც, თუ 2015 წელს სულ 25.6 მილიონ კოლოფი უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამ რიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია. უფილტრო სიგარეტზე გაცემული მარკების 20%-ნი ზრდა ფიქსირდება 2018 წელსაც.

ზემოთ ხსენებული რეალობიდან გამომდინარე, სამთავრობო გუნდი მიხვდა რეგულაციის არაეფქტურობას და შეცდომის გამოსწორება, ისევ გადასახადების გაზრდით გადაწყვიტა. კერძოდ 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო.

ადვალური გადასახადი ეს არის გადასახადის ისეთი ფორმა, რომელიც ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. აღნიშნული გადასახადი საქართველოში პირველად 2016 წლის ივლისიდან შემოვიდა და 5% არ აღემატებოდა. 2017 წლის იანვრიდან, აღნიშნული გადასახადი 10%-მდე გაიზარდა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს ადვალური გადასახადის გაზრდის ვალდებულება არ გააჩნია და როგორც, ჩვენივე პრაქტიკამ აჩვენა არც თამბაქოს მოხმარებას ამცირებს, ამის მიუხედავად წელსაც გაიზრდა, აღნიშნული გადასახადი, ოღონდ იმ განსხვებით, რომ საგადასახადო ტვირთს უფილტრო და ფილტრიან სიგარეტებზე აქციზის გათანაბრებაც დაემატა. თუმცა ლეგალურ ბიზნესსა და წარმოებაზე მიყენებულ დარტყმას, თუ არ ჩავთვლით სხვა ეფექტი ნაკლებად სავარაუდოა, აღნიშნული რეგულაციებიდან. პირველ რიგში გასათვალისწინებელია კონტრაბანდული რისკები, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად შემოსავლების სამსახურის მონაცემებს, თუ ჩავხედავთ დავინახავთ, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შვი ბაზარი. კერძოდ 2017 წელს წინა წელთან შედარებით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს რიცხვი უკვე 48 საქმემდე იყო გაზარდილი. რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის მესამე კვრატლის მდგომარეობით კი 494 320 კოლოფი. რაც შეეხება 2018 წელს, მართალია გასული წლის მონაცემები სრულად ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ წინა წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თმბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა.

რეგულაციებში მნიშვნელოვან ხვრელად არის დატოვებული შეუფუთავი თამბაქოს საკითხი. კერძოდ თუ დაფასოებულ თამბაქოზე პერმანენტულად იზრდება ფასები, შეუფუთავ თამბაქოზე ფასები პრაქტიკულად იგივე რჩება. აღნიშნულ გამოცდილებაც მრავალ ქვეყანას გააჩნია, თუმცა არც ამის გათვალისწინება არ მოხდა და მომხმარებელს ნებსით თუ უნებლიეთ, ისევ დაბალხარისხიანი პროდუქტისკენ ვუბიძგებთ.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდა საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებაც ავალდებულებს . თუმცა აქაც მნიშვნელოვან წინდაუხედაობასთან გვაქვს საქმე. მაგალითად ევროსაბჭო, აღნიშნული პროცესებისთვის საქართველოს ვადას 2024 წლამდე აძლევს, რათა პროცესებმა მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკაზე, თუმცა ჩვენთან აღნიშნული ვადები სრულად უგულებელყოფილია და პროცესები გაცილებით უფრო ჩქარი ტემპებით მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის, როგორც ეკონომიკას, ისე ადგილობრივ ბიზნესს.

გიორგი ხელაძე

Share