Home » ეკონომიკა » რა სარგებელს უნდა ელოდოს საქართველო აბრეშუმის გზის პროექტიდან
რა სარგებელს უნდა ელოდოს საქართველო აბრეშუმის გზის პროექტიდან

რა სარგებელს უნდა ელოდოს საქართველო აბრეშუმის გზის პროექტიდან

ვახტანგ ჭარაია: არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ამ პროექტს გააჩნია

რას უქადის საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმი და პერსპექტივაში რა ეკონომიკურ სარგებელს უნდა ველოდოთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად? საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს თსუ–ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია:

„ის ფაქტი, რომ საქართველო ხდება კიდევ ერთი ახალი გზის გამტარი, ამ შემთხვევაში ჩინეთისა და ევროკავშირის დამაკავშირებელი, ბუნებრივია წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჩემი აზრით მოლოდინები ამ პროექტის მიმართ გადაჭარბებულიცა, ვინაიდან არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ამ პროექტს გააჩნია, მიუხედავად უამრავი პოზიტივისა. ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს პროექტი თავის თავს გამოავლენს წლების შემდეგ, პირველი რამოდენიმე წლის განმავლობაში კი მას რა თქმა უნდა რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება.

ახალი რკინიგზა დატვირთვას მოითხოვს, ხოლო ახალი ტვირთების მოძებნა როგორც წესი დროსთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი ეს შესამჩნევია სარკინიგზო გადაზიდვების დროს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სარკინიგზო გადაზიდვები საზღვაო გადაზიდვებთან საკმაოდ ძვირადღირებულია, შეიძლება ითქვას რომ ერთგვარ ბუმს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისგან არ უნდა ველოდოთ. ამავდროულად უნდა აღინიშრნოს რომ ფასის მიუხედავად სარკინიგზო გადაზიდვები მეტად მიმზიდველია მძიმე ან/და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვისას, თანაც დროში მომგებიანი, ამიტომ მას თავისი მომხმარებელი აუცილებლად ეყოლება.

ეს გზა დროში მომგებიანია, ცხრა დღე არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვიდეს ტვირთი და შემდგომ დამატებით კიდევ 6-7 დღე არის საჭირო, რომ ეს ტვირთი ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მოხვდეს. ჯამში გამოდის, რომ 45 დღე, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადასაგზავნად არის საჭირო, ბევრად დიდია ვიდრე სარკინიგზო. დრო კი ფულია.

მსგავსი პროექტები, როგორიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის კინიგზა, გაზსადენები და მილსადენები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, არის ქვეყნის ეკონომიკის გამაძლიერებლები და საერთასორისო არენაზე მისი მაპოპულიზირებელი. ეს დაკავშირებულია დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასთან, მეტი ტურისტის შემოდინებასთან, მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან და ა.შ. თუმცა მიუხედავად ამ აღნიშნული ბენეფიტებისა, გადაჭარბებული მოლოდინები მაინც არ უნდა გვქონდეს და ისიც აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის პარალელურად აუცილებელია საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მისი მომდევნო განვითარება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ახალი რკინიგზის მაქსიმალური გამტარუნარიანობა დაახლოებით 20 მილიონი ტონა ტვირთია, რაც არცთუ ისე მცირე მოცულობაა. შეგახსენებთ დღეისთვის საქართველოს რკინიგზა დაალხლოებით ამ მოცულობის ტვირთბრუნვას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე და დამატებით კიდევ ამხელა ტვირთბრუნვის გაჩენა რათქმაუნდა ძალიან პოზიტიური იქნება, თუმცა ვიმეორებ, რომ ამ მოცულობის ტვირთბრუნვის გაჩენა მხოლოდ და მხოლოდ ეტაპობრივად მოხდება და არა ერთბაშად.

რა ფაქტორები შეიძლება იყოს საქართველოსთვის საინტერესო, ჩვენ ხომ არა მხოლოდ გამტარები ვართ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ გზის მეშვეობით საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობა მოვახდინოთ. გარდა იმისა რომ, საქართველო მიიღებს სტრანზიტო მოსაკრებლებს, საქართველოსთვისაც ძალიან საინტერესოა ჩინური ბაზარი. მოგეხსენებათ, რომ ქართულ–ჩინური სავაჭრო ურთიერთობა წლიდან წლამდე იზრდება, როგორც აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ისე ტვირთბრუნვის მოცულობის სახითაც, რომელიც შეიძლება ამ რკინიგზის მეშვეობით გადაიზიდოს. ამიტომ, აღნიშნული პროქტი არამხოლოდ ჩინეთისა და ევროპისთვის არის საინტერესო არამედ საქართველოსთვისაც, რასაც დამატებით საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება უწყობს ხელს. მთლიანობა პროექტი დადებით ეფექტს ჰპოვებს ქართულე ეკონომიკაზე, თუმცა ვერ იქნება „ქვეყნის გადამრჩენთა“ კატეგორიიდან“ – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

Share