Home » ფინანსები » რა ქონებას ფლობს ივანიშვილი, რომელიც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში 307-ე ადგილზეა
რა ქონებას ფლობს ივანიშვილი, რომელიც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში 307-ე ადგილზეა

რა ქონებას ფლობს ივანიშვილი, რომელიც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში 307-ე ადგილზეა

2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც ივანიშვილი 307-ე ადგილზეა.

ცნობისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქონება 350 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2013 წელთან შედარებით კი შემცირდა. კერძოდ, 2013 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით, მისი ქონება 6.80 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ – იუწყება გამოცემა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ბიზნესებსა და წილებს, რასაც სხვადასხვა მონაცემებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

ბიძინა ივანიშვილი მიწებს ფლობს თბილისში, მცხეთაში, საჩხერეში, ოზურგეთსა და ბორჯომში. მოსკოვში, ოდენცოვის რაიონში მდებარე 1 060 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს ეკუთვნის.

რაც შეეხება ბიზნესებს, ბიძინა ივანიშვილი არის ისეთი დიდი და ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორიცაა: „ფოლკსვაგენი“ (2013 წლის მონაცემებით, მას 2722 ფასიანი ქაღალდი ჰქონდა), „გოლდმან საქსი“ (253 551 აქცია), „ეფლი“ (2 400 აქცია), „გუგლი“ (1 100 აქცია), „დოიჩე ბანკი“ (20 000 აქცია), „როლს როისი“ (6 020 000 აქცია), „თურქული ავიახაზები“ (300 000 აქცია).

გარდა ამისა, 2016 წლის 9 მაისს გამოქვეყნებული ე.წ. „პანამას დოკუმენტების“ მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ფლობდა ოფშორულ კომპანია შპს „ლინდენ მენეჯმენტს“ (Lynden Management LTD), რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი ფიგურირებს თბილისში მდებარე Bitfury Group-ის დატა ცენტრთანაც, რომლის ძირითადი საქმიანობაც ე.წ. “მაინინგი” ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება და სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ სერვისის მიწოდებაა. კრიპტოვალუტებთან ივანიშვილის სავარაუდო კავშირების შესახებ, საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა თანაინვესტირების ფონდმა 2015 წელს საქართველოში შემოსულ კომპანია Bitfury-ს ამ დატა ცენტრის ასაშენებლად 20 მილიონი აშშ დოლარის სესხი მისცა.

სხვადასხვა მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილს უძრავ ქონებაში ჯამში 45 მილიონი დოლარი აქვს დაბანდებული, ხოლო მისი ხელოვნების ნიმუშების პირადი კოლექცია ღირებულებით მილიარდ დოლარს უტოლდება.

Share