Home » საზოგადოება » რა ქონებას ფლობს სულხან ზუმბურიძე, რომელსაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკად ასახელებენ
რა ქონებას ფლობს სულხან ზუმბურიძე, რომელსაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკად ასახელებენ

რა ქონებას ფლობს სულხან ზუმბურიძე, რომელსაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკად ასახელებენ

უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სხდომაზე სულხან ზუმბურიძე, საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკად მოიხსენია.

ცნობისთვის, ზუმბურიძე “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა, რომელიც თანამდებობაზე 2007 წლის დეკემბერში დაინიშნა.

„ბიზნესპრერსნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს სულხან ზუმბურიძე და არის თუ არა იმ მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკებს შორის, რომელთაც პრემიერ-მინისტრზე მეტი ხელფასი აქვთ.

2018 წლის 31 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზუმბურიძე ფლობს ბორჯომში, 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც 2016 წელს 25 000 დოლარად შეიძინა და თბილისში მდებარე 150 კვ. მეტრი ფართობის ბინას.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სულხან ზუმბურიძეს, „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე – 9 740; საკრედიტოზე – 10 000 ევრო და 9 200 ლარი; სახელფასოზე – 8 487 დოლარი ჰქონდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ზუმბურიძის ანაზღაურებამ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე – 341 700 ლარი შეადგინა. (თვეში 28 475 ლარი).

ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში ზუმბურიძეს 10 000 ლარის ოდენობით სახელფასო ოვერდრაფტი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა წინა წელს 71 000 ლარი შეადგინა. ასევე 10 000 ევროს

ოდენობის საკრედიტო ბარათი, რომლის გასავალიც წლიურად 37 000 ევრო იყო. მის სახელზე იყო ასევე 160 000 დოლარის იპოთეკა, რომლის შედეგადაც ზუმბურიძის გასავალმა 2017 წელს 107 894 დოლარი შეადგინა და 20 000 ლარის იპოთეკა, რომლის შედეგადაც წლიური გასავალი – 980 ლარი იყო.

გარდა ამისა, ბორჯომის მიწის კეთილმაწყობასთან დაკავშირებული ხარჯის სახით, ზუმბურიძის გასავალმა წინა წელს – 30 000 ლარი; ხოლო მშობლებისთვის ბინის შეძენაზე კი 135 000 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება შემოსავალს, მშობლების ბინის გაყიდვიდან საანგარიშო პერიოდში 105 000 დოლარი მიიღო.

სულხან ზუმბურიძეს ყავს მეუღლე და 3 შვილი. მისი მეუღლე ფლობს 80 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მისმა ანაზღაურებამ 2017 წელს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მთავარ სპეციალისტად მუშაობისას 92 848 ლარი შეადგინა. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა საკრედიტო ბარათი 5 000 ლარის ოდენობით, რომლის შედეგადაც გასავალმა 46 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 9 542 ლარი; საკრედიტოზე – 5 000 ლარი, მიმდინარეზე კი 104 ლარი ჰქონდა. ამასთან, ზუმბურიძის ორ 6 წლის შვილებს ანაბარზე – 10 939 – 10 938 დოლარი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ზუმბურიძე იმ თანამდებობის პირებს შორისაა, რომელთაც საქართველოში პრემიერ-მინისტრზე მეტი ანაზღაურება აქვთ. კერძოდ, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ანაზღაურებამ 2017 წლის განმავლობაში 51 000 ლარი შეადგინა. მაშინ როცა როგორც უკვე აღვნიშნეთ ზუმბურიძემ ამავე პერიოდში 341 700 გამოიმუშავა. ჯამში კი, 2013 წლიდან მოყოლებული აღნიშნულ თანამდებობაზე მას 1 485 662 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული. მეტიც, ანაზღაურების ოდენობით ზუმბურიძე იმ მაღალანაზღაურებად სახელმწიფო მოხელეებსაც უსწრებს, რომელთა შესახებაც „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა და რომელთა შემოსავალი ასევე აჭარბებს მთავრობის მეთაურის ანაზღაურებას. ესენია: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომლის ანაზღაურებაც წინა, კერძოდ, მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე 94 500 ლარი იყო; ამდენივე ჰქონდა ანაზღაურება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს მინდია ჯანელიძეს 2016 წელს, ხოლო 2017 წელს კი 1 იანვრიდან-12 ნოემბრამდე პერიოდში 75 250 ლარის შემოსავალი მიიღო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზუმბურიძის გასული წლის შემოსავალი ასევე აღემატება საპარტნიორო ფონდის დავით საგანელიძის შემოსავალსაც, რომელმაც საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ თანამდებობაზე 336 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სსე-ს აქციების სრულ პაკეტს სახელმწიფო საინვესტიცო ფონდი -,,საპარტნიორო ფონდი“ ფლობს.

 

წყარო: bpn.ge

Share