Home » საზოგადოება » რა პროდუქტები დახვდებათ სექტემბრიდან მოსწავლეებს სკოლის ბუფეტებში
რა პროდუქტები დახვდებათ სექტემბრიდან მოსწავლეებს სკოლის ბუფეტებში

რა პროდუქტები დახვდებათ სექტემბრიდან მოსწავლეებს სკოლის ბუფეტებში

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება.

ბიზნესოპერატორები კი, რომლებსაც სკოლის ბუფეტების ფართი იჯარით აქვთ აღებული, აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები მათ დაახლოებით 50%-იან ზარალს მოუტანთ.

ამასთან, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, უცნობია თუ კონკრეტულად რა პროდუქტების შეტანა და გაყიდვა იკრძალება სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში.

„გარკვეული სირთულეები არსებობს და ძალიან ვნერვიულობ. რასაც გვეუბნებიან (ლანჩ ბოქსები და ა.შ.) დაახლოებით 3-4 ლარი ეღირება, რასაც მოსწავლეთა უმეტესობა ყოველდღიურად ვერ გადაიხდის. შედეგად დაახლოებით 50%-იან ან უფრო დიდ ზარალს ვნახავთ. თუ ზარალზე წავედით, ზოგადა ამ საქმიანობასაც თავს დავანებებთ. გარდა ამისა, გარკვეულ პროდუქტს თუ ამოვიღებთ რეალიზაციიდან, სხვა პროდუქტით ხომ უნდა შევცვალოთ, თუმცა, ისიც კი არ ვიცით ზუსტად რა პროდუქტების გაყიდვა იკრძალება. ზოგადი განმარტება, რომ ძალიან მარილიანი და ძალიან ტკბილი საკვები არ შეიძლება იყიდებოდეს სკოლიდ ბუფეტში არ მგონია მართებული იყოს. არ შეიძლება, რომ განსაზღვრონ და კონკრეტულად გვითხრან რა შეიძლება გავყიდოთ სკოლის ბუფეტებშუ და არა? „ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ინდმეწარმე, ლარისა ფარცხავა.

შპს „ჯანსაღი კვების“ დირექტორი, ჟანა გაგუა კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უსაფრთხო, ჯანსაღ კვებაზე გადასვლა საჭიროა, თუმცა თვლის რომ ამ ეტაპზე გარკვეულწილად ბიზნესოპერატორების უფლებები ირღვევა.

„ყველას 2-3 წლიანი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომელიც სხვადასხვა პირობებით და გათვლებით დავდეთ. ამ ცვლილებებზე გადასვლა კი რა თქმა უნდა მარტივი არ იქნება. ბიზნესი აუცილებლად დაზარალადება, რადგან რეგულაციებით სექტემბრიდან ბევრი რამ იკრძალება, მათ შორის, მაიონეზი, ორცხობილა, ჩხირები, გაზიანი სასმელი, ჩიფსები და მსგავსი წასახემსებლები. შედეგად კი გამოდის, რომ ვერაფერს გავყიდით. მოსწავლეები კი აღნიშნული პროდუქტის ყიდვას მაინც გააგრძელებენ სკოლის გარეთ მდებარე სავაჭრო ობიექტებში. წინა სასწავლო წლის ბოლო პერიოდში ავკრძალეთ და აღარ ვყიდდით

მსგავს წასახემსებლებს, მაგრამ გარეთ ყიდულობდნენ და შემოდიოდნენ. ვაჭრობის ნახევარი კი სწორედ ასეთ პროდუქტებზე მოდის, ამიტომ უხეშად რომ ვთქვათ ბიზნესოპერატორები 40-50%-იან ზარალს ვნახავთ. თუ არ მოხდა მათი ჩანაცვლება სხვა, მოსწავლის ყოველდღიური ბიუჯეტისტვის ხელმისაწვდომი პროდუქტებით, ფაქტობრივად ზარალზე გავალთ და იმედია სამინისტროს მხრიდან ჩვენ მიმართ გარკვეული წახალისება იქნება,“-აღნიშნავს გაგუა.

ბიზნესოპერატორების ვარაუდით, სექტემბრიდან მოსწავლეებს სკოლის ბუფეტებში აღარ დახვდებათ შემდეგი პროდუქტები: საღეჭი რეზინა, „ტოფიტა“, ორცხობილები, ჩიფსები, გაზიანი სასმელი, ჩხირები და სხვა. ამის სანაცვლოდ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცომეულისგან დამზადებული პროდუქტები, ღვეზელები, კატლეტი, ჰოთ-დოგები, ხილი და მსგავსი პროდუქტები.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში აიკრძალება ისეთი პროდუქტის გაყიდვა, რომელსაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის სარგებელი არ მოაქვს. ძირითადად საუბარია შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ასევე შაქრიან, გაზიან სასმელებზე.

მისივე თქმით, პროცესი მონიტორინგით გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი, სანქცია მებუფეტესთან ხელშეკრულების გაწყვეტა იქნება.

 

წყარო: Bpn.ge

Share