Home » ეკონომიკა » რა პერსპექტივა აქვს საქართველოში „ნაგვის ეკონომიკას“
რა პერსპექტივა აქვს საქართველოში „ნაგვის ეკონომიკას“

რა პერსპექტივა აქვს საქართველოში „ნაგვის ეკონომიკას“

საქართველოში გადამუშავებული ნარჩენებისგან მიღებული პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა
ლილოს ტერიტორიაზე ნარჩენებისგან ევრო5-ის სტანდარტის დიზელს მიიღებენ

დაბინძურება და მისგან გამომდინარე პრობლემები არახალია. ამ პრობლემის წინაშე მსოფლიოს უამრავი ქვეყანა დგას და გამონაკლისი არც საქართველოა. ყველაზე ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა ხდება დღეს ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში, არის ნაგავსაყრელები. ყველა სახეობის ნარჩენი განურჩევლად ხვდება ნაგავსაყრელ პოლიგონებზე მაშინ, როცა მისი დიდი ნაწილის გადამუშავებაა შესაძლებელი. არც ნაგავსაყრელებზე მოხვედრილი ნარჩენების მოვლა-პატრონობა ხდება სათანადოდ, რითაც დიდი ზიანი ადგება გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას.

მართალია პრობლემები ამ მიმართულებით კომპლექსურია და არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით, თუმცა ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მსოფლიო დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ „ნაგვის ეკონომიკაც“ კი ზოგიერთი ქვეყნის ერთ-ერთ მიმართულებათ იქცა. ამ კუთხით, ერთ-ერთი მოწინავეა იაპონია. იაპონიაში გადამამუშავაბელი მრეწველობა ფართოდაა გავრცელებული და უამრავი ქარხანაა, მაგალითად, კომპანია ჰიტაჩი, ზოსო და ნოვა, რომელიც ამ მიმართულებით ოპერერიბეს. მაგალითისთვის, იპონიაში ხელოვნურ კუნძულებსაც კი აგებენ ნაგვისგან.

იაპონიის და სხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, რომლებიც ნარჩენების მართვის კუთხით საკმაოდ განვითარებულნი არიან, ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა დავუბრუნდეთ ქართულ რეალობას. ნარჩენების სწორად მართვა მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და რეფორმებს მოითხოვს, მით უმეტეს მაშინ,  ქვეყანაში ბევრი რამ ნულიდან არის დასაწყები. ნარჩენების საკითხის კომპლექსურად შესწავლისას იკვეთება ბევრი პრობლემა, რომელიც ერთი შეხედვით უიმედოს ხდის უახლოეს მომავალში ნარჩენების საკითხის მოგვარებას საქართველოში.

თუმცა ყველაფერი არცისე უიმედო და მიუღწევადია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აქ, მთავარია პოლიტიკური ნება, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ინფრასტრუქტურა და დარგის სპეციალისტები. სასიხარულოა, რომ 2019 წლიდან ქვეყნის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება სავალდებულო გახდება. რამდენიმე თვის წინ დაანონსდა თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში სავარაუდოდ ერთ წელიწადში შევა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება გულისხმობს მის ინსენერაციას, ანუ წვას, საიდანაც ალტერნატიული ენერგია მიიღება.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელის მრჩეველი, ხათუნა ჩიკვილაძის განცხადებით,  მინიმალური სიმძლავრის ინსილატორის დასამონტაჟებლად დღეში 100 ტონა ნარჩენია საჭირო, თუმცა თბილისის შემთხვევაში დღის განმავლობაში 1000 ტონა მყარი ნარჩენის შეგროვება ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს ფუნქციონირებისთვის თბილისი ოპტიმალური ადგილია.

ხათუნა ჩიკვილაძის თქმით, ნარჩენის წვის შედეგად შესაძლებელია სითბური ენერგიის მიღება ან ამ ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა. მისივე ინფორმაციით, წლიურად საქართველოში მილიონ ტონამდე ნარჩენის შეგროვება ხდება.

„ნარჩენების წვის შედეგად ელექტროენერგიის მიღება საკმაოდ ძვირადღირებული იქნება ქვეყნისთვის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს საწვავად ან თანასაწვავად, რასაც აქტიურად გამოიყენებს მეტალურგიული თუ ცემენტის ქარხნები” , – აცხადებს ხათუნა ჩიკვილაძე.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გათვლა არის მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ნარჩენებზე. მათივე ინფორმაციით, დღეში, საშუალოდ, ათასი ტონა ნარჩენი გროვდება თბილისში, რაც წელიწადში, დაახლოებით, 350-365 ათასი ტონა გამოდის. მონაცემების ცდომილება მაქსიმუმ 5-10 პროცენტია.

ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „კადევე ჯორჯიამ” შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო. ქარხნის მშენებლობა დაგეგმილია მყარი ნარჩენების პოლიგონზე. სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულდეს და ქარხანამ სრულად უნდა უზრუნველყოს თბილისის ტერიტორიაზე არსებული მყარი ნარჩენების გადამუშავება.

ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის დიდი ნაწილი გავა ექსპორტზე, თუმცა, მინა, რკინა და ცემენტის წარმოებაში გამოყენებადი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

ძირითადი პროდუქცია, რასაც დაეფუძნება ქარხანა, კომპანია კადევემ უნდა მიიღოს ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი, რომლის მოხმარებაც საქართველოში ძალიან მცირეა, შესაბამისად, კომპანიის ფინანსური გათვლებით, ის საზღვარგარეთ გაიყიდება.

ქარხნის საინვესტიციო მოცულობა 81 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა.

განვითარებული ქვეყნების მაგალითმა დაგვანახა, რომ ნაგვისგანაც კი შესაძლებელია ეკონომიკური დივიდენდების მიღება. მათი გამოცდილების გაზიარება, შესაბამისი ტექნოლოგიების ჩვენს ქვეყანაში დანერგვა და ერთობლივი ღონისძიებების გატარება კი შესაძლებელს გახდის ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას.

აღსანიშნავია, რომ მყარი ნარჩენების მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, გარდა ამისა, ახალი სტანდარტები ნაგვის დახარისხებასაც გულისხმობს.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share