Home » ფინანსები » რა ელის ლარს
რა ელის ლარს

რა ელის ლარს

მთავრობა ეროვნული ვალუტის გადასარჩენად კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს

რა ელის ლარს, გასულ კვირას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჩამოთვლილია ლარის დევალვაციის გამომწვევი მიზეზები. განცხადებაში ლაპარაკია ასევე იმაზე, რომ მთავრობა უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს სამოქმედო გეგმას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ლარის გამყარება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, ეროვნული ვალუტის მცურავი კურსის ცვლილებებს განაპირობებს შემდეგი საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკური ფაქტორები:

  1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაცია;
  2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებები, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით;
  3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნა, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.

მთავრობამ გაუფასურების მიზეზების პარალელურად, ამ პროცესის შესაჩერებელი ნაბიჯებიც დაასახელა. «საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას, მათ შორის:

  1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე – გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;
  2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით» – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

«მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს”,

– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი და, ასევე, გაზრდილია მოხმარება.

 როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ახალ ნაბიჯებს ეროვნულ ბანკთან ერთად გაახმოვანებენ. “მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დადებითი პროცესით არის განპირობებული, მოხმარება არის გაზრდილი. ექსპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები არის დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი აუცილებლად შეუქცევადი იქნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ლარიზაციის განვითარების და დოლარიზაციის შემცირების სამოქმედო გეგმაში 10-ზე მეტი პუნქტია რეალურად გაწერილი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ლარის შესახებ მთავრობის განცხადებითა და დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიზნით ახალი მექანიზმების ამოქმედების საკითხით.

“ჩვენს მოქალაქეებს დღეს ყველაზე მეტად რაც აწუხებს არის ის, რომ ყოველთვიურად, დიდ შემთხვევაში თუ ლარი მერყეობს, მათ არ აქვთ რწმუნება, თუ რამდენი ექნებათ ბანკში გადასახდელი თანხა; ექნებათ მეტი თუ ნაკლები.

ჩვენი ამოცანაა აღნიშნული დამოკიდებულება ჩვენი მოსახლეობის სესხებთან მიმართებაში მოვხსნათ და ამისთვის ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ”, – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

«ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის» ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ჯანიაშვილს დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა მოკლევადიან პერიოდში შეუძლებლად მიაჩნია, ის ასევე ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით მთავრობას ქმედითი ნაბიჯები ეროვნული ვალუტის გაუფასურების გარეშეც უნდა გადაედგა.

«ლარი მკვეთრად  რომ არ გაუფასურებულიყო მომავალი წლის და შემდომი წლების ბიუჯეტები სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე არ უნდა დაგვეგეგმა?!

ჩვენი ქვეყნის მთავრი მიზანი სწორედ სწრაფი ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს, ასე რომ, ამაში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ხოლო რაც შეეხება დედოლარიზაციას, ის 1-2 წელიწადში ვერ შემცირდება და 10-15 წლიანი პერიოდია საჭირო, ისიც სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში.

ამიტომ გულისყურით ველოდები მთავრობის კონკრეტულ ნაბიჯებს ლარის კურსის დასტაბილურებისთვის», – აღნიშნა ჯანიაშვილმა.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ლარის კურსის გამყარებას დეკემბრისთვის ელოდება. როგორც მან განაცხადა, ნოემბერი სპეციფიკური თვეა, რადგან იმპორტიორები ცდილობენ სასაქონლო მარაგები წინასაახალწლო ვაჭრობისთვის გაზარდონ.

,,დეკემბერთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები მაქვს, რადგან იმპორტიორების მიერ ნოემბერში დაგროვილი მარაგი დახლებზე მოექცევა და საზოგადოებას მოხმარება გაეზრდება.

ასევე, წლის ბოლოს ორგანიზაციებს სავადოები უდგებათ, მათ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი და მათაც ეზრდებათ ლარზე მოთხოვნა. ასევე, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციიდან ტრანშები განხორციელდეს დეკემბერში, ამ თვალსაზრისით სავალუტო შემოდინებები გაიზრდება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ლართან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს და შესაძლებელია გამყარების ტენდენცია ვნახოთ. იანვრის თვიდან, ლარის კურსის გამყარების შენარჩუნება იმ ღონისძიებებზეა დამოკიდებული, რაც მთავრობის ადმინისტრაციამ დააანონსა”, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

კალანდაძე ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურების მიზნით, იმპორტზე კონკრეტული რეგულაციები უნდა დაწესდეს და ადგილობრივი ბიზნესგარემო შეიცვალოს.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს სავალუტო ნაკადებზე მოთხოვნა-მიწოდების კორექტირებას. ადგილობრივ ბიზნესგარემოზე ორიენტირებული პოლიტიკის არათუ შენარჩუნება, არამედ გაძლიერება მოუწევს მთავრობას.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი ვალუტა შემოდიოდეს, ვიდრე შემოდის და გადიოდეს იმაზე ნაკლები, ვიდრე ახლა გადის, ამას ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივით ჩანაცვლება სჭირდება»,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ დეკემბრის პირველ დეკადაში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს სრულყოფილი ხასიათი ექნება, სადაც მთავრობის მიერ დაანონსებული ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება აისახება.

ავტორი: ლევან მარტაძე

Share