Home » ეკონომიკა » ქვეყნები, რომლებიც მცირე მეწარმეობას ხელს უწყობენ, სწრაფად ვითარდებიან
ქვეყნები, რომლებიც მცირე მეწარმეობას ხელს უწყობენ, სწრაფად ვითარდებიან

ქვეყნები, რომლებიც მცირე მეწარმეობას ხელს უწყობენ, სწრაფად ვითარდებიან

ქვეყნები, რომლებიც მცირე მეწარმეების მუშაობას ხელს უწყობს, სწრაფად ვითარდება,  ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „მცირე ბიზნესის ინიციატივის“ ხელმძღვანელმა კლაუდიო ვიეცოლიმ ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან სტატიაში განაცხადა.

„ეს საქართველოსა და სხვა იმ ქვეყნებს ეხება, რომლებსაც ესმით, რომ სიმდიდრე და ზრდა ადამიანების მიერ საქმეში ფულის ჩადების რისკის შედეგად მოდის”, – ამბობს ვიეცოლი. მისივე თქმით, იმ ქვეყნებში, რომლებსაც რთული ადმინისტრაციული სისტემები აქვთ, კორუფციის ალბათობა უფრო დიდია. ვიეცოლი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ქვეყნები რეგიონში ბევრია. სტატიის ავტორს ასეთი ქვეყნის მაგალითად უკრაინა მოჰყავს.

Financial Times-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინამ ბოლო 12 წლის განმავლობაში ორი მასშტაბური არეულობა გადაიტანა, ამიტომ ვერ შეძლო კორუფციის დამარცხება და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება.

„პატარა ქვეყანა საქართველომ ეს უფრო მარტივად მოახერხა, ვიდრე უკრაინამ, ვინაიდან მისი პრობლემები უფრო მეტად მართვადი იყო. ბატონი ვიეცოლი ამბობს, რომ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსურ და სხვა სახის მხარდაჭერას პატარა ქვეყნებში დიდი ეფექტი ექნება“, – წერია სტატიაში.

სტატიაში, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მაგალითად მოყვანილია მარნეულის ქარხანაც, რომლის ხელმძღვანელი, ირინა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მცირე ბიზნესკომპანიები ფინანსების მოპოვებას ცდილობენ. მისივე თქმით, საქართველოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უფრო მოქნილი შრომის კანონმდებლობის, საბაჟო პროცედურების დაჩქარების, ლიცენზირების და სასამართლო პროცედურების კუთხით რეფორმები განხორციელდა.

„ეს კომპანიებისთვის უდიდესი სტიმულის მიმცემი იყო. უფრო მარტივი იყო კომპანიის დაფუძნება, რეგულაციები და გადასახადები გამარტივდა, უფრო ლიბერალური მიდგომა იყო“,- ამბობს გაფრინდაშვილი.

სტატიაში ასევე მოყვანილია EBRD-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ევროპის განვითარებად ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების 70-95 პროცენტი მცირე და საშუალო საწარმოებს წარმოადგენს, რომლებიც მთლიანი შიდა პროდუქტის 60-80 პროცენტით ზრდას უზრუნველყოფს.

Share