Home » ფინანსები » ქვეყანაში მორიგი ფინანსური პირამიდა ინგრევა
ქვეყანაში მორიგი ფინანსური პირამიდა ინგრევა

ქვეყანაში მორიგი ფინანსური პირამიდა ინგრევა

ქვეყანაში ახალი ფინანსური პირამიდის საფრთხეა. საფინანსო კომპანია “საქართველოს” ბედი შესაძლოა, “მიკროკრედიტმაც” გაიზიაროს. ამ ორგანიზაციაში მოსახლეობას 100 000 დოლარზე მეტი აქვს შეტანილი, თუმცა ვალდებულების შესრულება არ ხერხდება. ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებმა” საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე გააფრთხილა, მაგრამ, როგორც ჩანს, სებ-ი რეაგირებას არ აპირებს. სებ-ში ამბობენ, რომ “მიკროკრედიტზე” არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობა.

“ახალგაზრდა ადვოკატები” 2018 წლის იანვრიდან, არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე, სწავლობს სს “მიკროკრედიტის” საქმიანობას და საერთო სასამართლოებში აწარმოებს მიმდინარე დავას. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი განმარტავს, კომპანიის მიერ არ ხდება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. მწვავედ დგას როგორც ძირითადი თანხის, აგრეთვე სარგებლის მიღება, მათ შორის – “მწვანე თამასუქის” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.

– ამ ეტაპზე რა პრობლემის წინაშეა “მიკროკრედიტის” მომხმარებელი? ხომ არ ფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს მორიგ ფინანსურ პირამიდასთან, რომელიც ჩამოშლის პირასაა?

– “მიკროკრედიტში” არსებულ მდგომარეობას ჩვენ 2018 წლის იანვრიდან მოქალაქეების მომართვის საფუძველზე ვსწავლობთ. საფინანსო კომპანია “საქართველოს” შემდეგ იგი ყველაზე მაღალ პროცენტში, 13-15%-ის ფარგლებში გასცემდა მოგებას, თუმცა 2017 წლის ბოლოს კლიენტები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. კომპანიამ ვეღარ შეძლო პროცენტების გადახდა და თანხის მოთხოვნის შემთხვევაშიც, ფინანსური ვალდებულებები შეუსრულებელი დარჩა.

აღმოჩნდა, რომ “მიკროკრედიტი” უმძიმესი ფინანსური პრობლემის წინაშე იმყოფებოდა, შესაბამისად, კლიენტებს სთავაზობდნენ აღნიშნული თანხის გადანაწილებას 5-10 წლის განმავლობაში. მოსახლეობას შეტანილი აქვს ამ ორგანიზაციაში 100 000 დოლარზე მეტი. 2017 წლის დეკემბრიდან “მიკროკრედიტმა” შეწყვიტა სარგებლის გადახდა.

– რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც “ახალგაზრდა ადვოკატები” პროცესში ჩაერთო და კომპანიის მომხმარებელთა უფლებების დაცვას მათივე მოთხოვნის საფუძველზე შეეცადა?

– საერთო სასამართლოებში მიმდინარეობს დავა “მიკროკრედიტთან” დაკავშირებით. თვითონ კომპანიაში ამ პერიოდში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელმაც ანტიკრიზისულ გეგმაზე დაიწყო მუშაობა და მოქალაქეებთან კომუნიკაცია. მათ წარმოადგინეს ფართები ლისის ტბაზე და სთავაზობდნენ უზრუნველყოფით დატვირთვას კლიენტების სასარგებლოდ. ეს პირობა მიუღებელი აღმოჩნდა კლიენტებისთვის, რომელთაც კომპანიასთან პრობლემა შეექმნათ.

ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უძრავი ქონებების გასხვისების აკრძალვა. სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. 2018 წლის იანვრიდან, ანუ მაშინვე როდესაც შევიტყვეთ ამ პრობლემის შესახებ, მივმართეთ ეროვნულ ბანკს და გავასაჯაროეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი, რაც სრული უპასუხისმგებლობის კლასიკური ნიმუშია.

გვაქვს განცდა, რომ მივიღებთ ახალ ფინანსურ პირამიდას, რომელსაც ეყოლება არაერთი სავარაუდო დაზარალებული. ამ დროს საკითხი რეაგირების გარეშეა და შეუმჩნეველი რჩება სებ-ისთვის. ფინანსური პირამიდების მიმართ ეროვნული ბანკი თავის მოვალეობას არ ასრულებს.

– როგორ ფიქრობთ, რატომ არ რეაგირებს ეროვნული ბანკი, კონკრეტულ შემთხვევაში რა მოტივით ამბობს უარს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე?

– მიჩნდება განცდა, რომ ის საერთოდ არ რეაგირებს ფინანსურ კრიზისზე, არ იცავს მომხმარებელთა უფლებებს, იქიდან გამომდინარე, რომ აქვს ცალკეული ფინანსური ორგანიზაციის მიმართ დაინტერესება. შეიძლება, ეს იყოს ფინანსური დაინტერესება ან ლობირება, ან სხვა რამ, რაც აშკარად დანაშაულია. ნამდვილად აღარ გვინდა მომხმარებლები, რომლებიც მოტყუებული და დაზარალებული მოქალაქეების რიცხვს შეუერთდებიან. ეროვნულ ბანკს არ აქვს უფლება, ეს პროცესი რეაგირების გარეშე დატოვოს.

– საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთეთ. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში ფინანსური პირამიდების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაცვა, როცა ამაზე ქვეყნის მთავარი ბანკი აცხადებს უარს?

– დღეს, საფინანსო კომპანია არის სახეშეცვლილი საბანკო სექტორი, რომელიც მოსახლეობას აღატაკებს. ხელშეკრულების შრიფტიდან დაწყებული, მისი კაბალურობით დასრულებული, ყველაფერი ერთი მხარის ინტერესებს იცავს. სიმართლე უნდა ვთქვათ, ძალიან ძნელია გამოსავლის პოვნა. ეროვნული ბანკისგან რეაგირებას ველოდებით. თუ კატასტროფა არ მოხდა, ის განცხადებას არ აკეთებს. იქნება პროტესტი და აუცილებლად დავირაზმებით ეროვნულ ბანკთან მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.

 

წყარო: resonancedaily.com

 

Share