Home » ეკონომიკა » ქვეყნის მთავარი ინვესტორები ემიგრანტები არიან – ფულადი გზავნილების მოცულობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 4.5-ჯერ აღემატება

ქვეყნის მთავარი ინვესტორები ემიგრანტები არიან – ფულადი გზავნილების მოცულობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 4.5-ჯერ აღემატება

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გზავნილების წილი ყველაზე მაღალი სწორედ საშუალოზე დაბალი შემოსავლიანობის ქვეყნებშია.

ამ მხრივ პირველ ადგილზეა ტონგა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის 41% სწორედ გზავნილებით ივსება. მეორე ადგილზე მშპ-ის 33%-იანი წილით ყირგიზეთია, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში არის დასაქმებული. საქართველოს მსგავსად, უკრაინასა და სომხეთშიც ეკონომიკის 10%-ზე მეტი გზავნილებზე არის დამოკიდებული.

საქართველოში 2016 წლიდან მოყოლებული ფულადი გზავნილების შემოდინება იზრდებოდა და უკანასკნელ წლებში მშპ-ის 10 პროცენტს გადააჭარბა, სადაც აღინიშნებოდა გზავნილების შედარებით მძლავრი ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან და ისრაელიდან.

უცხოეთიდან მიღებული გადარიცხვები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. მიმდინარე წლის  სექტემბერში უცხოეთიდან ქვეყანაში 209.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 8,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან სექტემბერში საქართველოში 192.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მთლიანად კი, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.707 მილიარდ დოლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 28%-ით მეტია გასული წლის 9 თვესთან შედარებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 1.334 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა.

2021 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი კი ისევ რუსეთიდან – 38.570 მილიონი დოლარი. 34 მილიონი დოლარით მეორე ადგილზე იტალიაა. აშშ 24.5 მილიონით მესამე ადგილს იკავებს. 20 მილიონი დოლარით საბერძნეთი მეოთხე ადგილზეა.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობით ფულადი გზავნილები განხორციელდა:

  • რუსეთის ფედერაცია – 38.570 მლნ დოლარი
  • იტალია – 34.070 მლნ დოლარი
  • აშშ – 24.514 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი – 19.994 მლნ დოლარი
  • ისრაელი – 15.428 მლნ დოლარი
  • გერმანია – 10.864 მლნ დოლარი
  • თურქეთი – 9.913 მლნ დოლარი
  • უკრაინა – 7.962 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 7.814 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი – 5.879 მლნ დოლარი

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, 2021 წლის სექტემბერში ფულადმა გზავნილებმა 29.211 მილიონი დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 25.054 მილიონი დოლარი.

სამწუხაროდ, ემიგრაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მიმართულებად ჩამოყალიბდა იმ გაგებით, რომ მათ მიერ ქვეყანაში გადმორიცხული თანხებით უამრავი ქართული ოჯახი საზრდოობს. რა თქმა უნდა, იმ ინტელექტუალური და არამხოლოდ ინტელექტუალური რესურსით, რაც ქვეყნის გარეთაა გასული, ქართული რეალობის ფორმირება გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ანუ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყნაში რომ ახერხებდნენ თვითრეალიზაციას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ემიგრანტები საქართველოს ეკონომიკის მსხვილ ინვესტორებად ჩამოყალიბდნენ. ფულადი გზავნილების მოცულობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას.

მაგალითად, 2020 წელს ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულად $1.886 მილიარდამდე გაიზარდა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, რომელიც 15 წლიან მინიმუმზე დაეცა, 3-ჯერ აღემატება.

ჯერ კიდევ პანდემიამდე, ბოლო წლებში, გზავნილების წილი მთლიან შიდა პროდუქტში მუდმივად იზრდებოდა. 2020 წელს, როცა ყველაფერი შემცირდა გზავნილების გარდა მასზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა, ტენდენცია 2021-შიც გრძელდება.

მიმდინარე წელს, ემიგრანტები კიდევ ერთხელ არიან ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორები. თუ მიმდინარე წლის 9 თვეში მათ მიერ ქვეყანაში გადმორიცხულმა ფულადი გზავნილების ნაკადებმა 1 მილიარდი 706 მილიონი დოლარი შეადგინა, შედარებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობა მიმდინარე წელს 366.4 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს კი 4.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ემიგრანტების მიერ გენერირებული უცხოური ვალუტა.

ცნობისთვის, 2012 წელს ქართველი ემიგრანტების ფინანსურმა გზავნილებმა 1.334 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2013 წელს – 1.477 მილიარდი აშშ დოლარი, 2014 წელს – 1.440 მილიარდი აშშ დოლარი, 2015 წელს – 1.079 მილიარდი აშშ დოლარი, 2016 წელს – 1.153 მილიარდი აშშ დოლარი, 2017 წელს 1.387 მილიარდი აშშ დოლარი, 2018 წელს 1.579 მილიარდი დოლარი, ხოლო მიმდინარე, 2019 წელს ქვეყანაში უკვე გადმორიცხულია  153 მილიონ დოლარზე მეტი.

 

სანდრო პირველი

Share