Home » ეკონომიკა » „ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოება პანდემიამ შეაფერხა, ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია“

„ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოება პანდემიამ შეაფერხა, ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოებისთვის საჭირო ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია.

როგორც ღარიბაშვილმა ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს.

„კიდევ ერთი მთავარი რამ მინდა ვთქვა ქუთაისელებისთვის, დაახლოებით, 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტროავტომობილების წარმოებას. გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოოდ, ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია.

ახლა მე მინდა ქუთაისელებს ვაცნობო, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ და დავიწყეთ მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან.

ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია უკვე ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანო იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ისტორიული მისია. აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ავტომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ.

მე როგორც პრემიერ-მინისტრი, აქტიურად ვიმუშავებ თითოეულ მერთან, მექნება მათთან მჭიდრო ურთიერთობა, გვექნება ძალიან კარგი კოორდინაცია იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტები განვახორციელოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Share