Home » საზოგადოება » “ქუთაისის მერიას “ტორპედო” აუქციონზე გამოაქვს – პირდაპირ ვიტყვი, პუნქტების დიდი ნაწილი ბიზნესის მოთხოვნების ცოდნის სრული იგნორირებითაა შედგენილი”

“ქუთაისის მერიას “ტორპედო” აუქციონზე გამოაქვს – პირდაპირ ვიტყვი, პუნქტების დიდი ნაწილი ბიზნესის მოთხოვნების ცოდნის სრული იგნორირებითაა შედგენილი”

“ქუთაისის მერიას “ტორპედო” სააუქციონოდ გამოაქვს და შეიმუშავა მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომელიც იმპერატიულად შესასრულებელია აუქციონში გამარჯვებული ახალი მეპატრონის მხრიდან და ეს მოთხოვნები პუნქტების სახით გადავა ქონების გასხვისების ხელშეკრულებაში.

პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ პუნქტების დიდი ნაწილი აბსოლუტურად არაკომპეტენტურად, საფეხბურთო რეგულაციების და ბიზნესის მოთხოვნების ცოდნის სრული იგნორირებით არის შედგენილი. განსაკუთრებით საოცარი და “მწვერვალი” კი ერთი პუნქტია, რომლის მიხედვითაც, ახალი მეპატრონე სხვა ვალდებულებებთან ერთად ვალდებულია, გადაიხადოს “ტორპედოს” “დაუდასტურებელი, არაღიარებული ვალი 3 მილიონი ლარის ფარგლებში”.

აი ასეთ სასაცილო დოკუმენტს ამაყად ამშვენებს ქუთაისის მერის, ბატონი იოსებ ხახალეიშვილის ხელმოწერა. ბატონო იოსებ, ჩემთვის კი არის ცნობილი, რომ ზოგიერთებისთვის ქუთაისი  “სულ სხვა გაგების და ტრადიციების” ქალაქია, მაგრამ ეს კომუნისტური ეპოქის გადმონაშთი და უკან მოტოვებული უსიამოვნო წარსული მეგონა. თანაც , წარსული, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში სისხლის, სამართლის კოდექსით არის დასჯადი. მაგრამ თურმე სადა ვბანაობ? მერია ახალ მფლობელს პირდაპირ ავალდებულებს, რომ “არაღიარებულ და დაუდასტურებელ” ვალებს მოემსახუროს 3 მილიონი(!) ლარის ფარგლებში(?!).

ანუ, მოვიდა პავლე მეპატრონედ, მოადგა მას მეორე დღეს სავლე და ეუბნება: ძამია, ჩემი ვალი აქვს ტორპედოს 2 მილიონ 900 ათასი(ზუსტად 3 მილიონს ხომ არ იტყვის, უხერხულია) და უნდა გადაიხადო. რომ ეტყვი, პატივცემულო, მანახე ამ შენი პრეტენზიის დამადასტურებელი რამე საბუთი, გიპასუხებთ, რა საბუთი, შენ ხომ არ ურიკინებ, აბა ჩემი ქალაქის მერი, ჩემი სოსოია ყალბი ხო არაა, ამხელა კაცი რომ იძახის, გადასახდელია, ზნაჩიტ, გადასახდელიაო. ჰოდა, ხელშეკრულებაში ამპუნქტჩადებულ ახალ მეპატრონესაც, რაღა დარჩენია, მოუწევს ამ “სიტყვათამასუქით” ზურგგამყარებული ვალდებულების შესრულება ან სასამართლოებში პროწიალი.

ყველაზე სასაცილო კი იცით, რაა? Პატივცემულმა, საკრებულომ ისე  მოისმინა ეს პირობა, რომ ერთი შეკითხვა არ გასჩენია და თითქმის ერთხმად დაამტკიცა ამ ფორმით კლუბის საპრივატიზაციოდ გატანა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით” ტორპედოს” ყიდვით დაინტერესებული “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გამართავს” , – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი.

Share