Home » საზოგადოება » ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი ავტომაგისტრალი 4-ზოლიანი გახდება
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი ავტომაგისტრალი 4-ზოლიანი გახდება

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი ავტომაგისტრალი 4-ზოლიანი გახდება

მთავრობა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი ავტომაგისტრალის ნახშირღელე-დაფნარის მონაკვეთზე გზისთვის კიდევ 2 ზოლის დამატებას გეგმავს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

როგორც სეთურიძემ აღნიშნა, 2 ზოლის დამატება ეკონომიკურად ამ ეტაპზე გამართლებული არ არის, თუმცა გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„საერთოდ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის გამოყოფილი საინვესტიციო თანხები განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამხელაა იქ ინტენსივობა, ანუ ხდება მოძრაობის ინტენსივობის შესწავლა, ან დაგეგმვა, თუ როგორ გაიზრდება მომავალში. მაგალითად, ევროპის საინვესტიციო ბანკი ყოველ 3 000 მანქანაზე დღე-ღამის განმავლობაში ერთ მილიონ ევროს ოდენობის ინვესტიციას გამოყოფს ხოლმე.

რაც შეეხება ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის ე.წ. შემოვლით გზებს, აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა მოხდა ჯერ კიდევ დაახლოებით, 2007-2008 წლებში.

მაშინ იაპონურმა ფონდმა (JICA), რომელიც ამ სამუშაოებს აფინანსებდა, მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ აქ უნდა აშენებულიყო 2 ზოლიანი ავტომაგისტრალი. მათი პრინციპული პოზიციის მიუხედავად, გზების დეპარტამენმა ჯერ კიდევ მაშინ მოითხოვა, რომ ზესტაფონიდან 14 კილომეტრი – ნახშირღელეს ხიდამდე მაინც ყოფილიყო 4 ზოლიანი გზა და 2009 წელს პროექტი გაკეთდა. თუმცა მაშინვე გადაწყდა, რომ სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა, მაგალითად, ხიდები, სხვა ნაგებობები უკვე დაგეგმილიყო მომავალში 4 ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის. ახლაც თუ დავაკვირდებით, კვანძები აშენებულია 4 ზოლიანი მოძრაობისთვის. სახელმწიფომ გააკეთა პირველადი ინვესტიცია ამ მონაკვეთზე 2 ზოლიან საფარზე იმ გათვლით, რომ როდესაც ინტენსივობა გაიზრდება, შესაძლებელი ყოფილიყო გვერდით დამატებით ორი ზოლის აშენება“, – განაცხადა სეთურიძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით ამ ახალი შემოვლითი ავტომაგისტრალის დატვირთულობა არ იძლევა არანაირ ეკონომიკურ საფუძველს იმისთვის, რომ იგი გადატვირთულად ჩაითვალოს.

„მიუხედავად ამისა, რადგან ჩვენი თანამოქალაქეები თავს კომფორტულად გრძნობენ 4 ზოლიან ავტომაგისტრალზე, ასევე 2 ზოლიან ავტომაგისტრალზე ხშირია შეცდომები მანევრირების დროს და სიჩქარის გადაჭარბება, რაც ამდენ ავტოსაგზაო შემთხვევას იწვევს, ჯერ კიდევ შარშან მთავრობამ მიიღო ორი სერიოზული გადაწყვეტილება. პირველი ეხება – დამატებითი 2 ზოლის მშენებლობას, რომლისთვისაც უკვე მთავრობის დადგენილებით გზების დეპარტამენტს დაევალა შეისყიდოს საპროექტო სამუშაოები, რათა მომავალში უკვე სამშენებლო სამუშაოები ჩატარდეს და მეორე – ხელისუფლება უახლოეს თვეებში იწყებს უპრეცედენტო ვიდეო რადარების სისტემის დამონტაჟების პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს საშუალებას მოგვცეს, რომ გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც არ იცავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს, რასაც, სამწუხაროდ, სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე“, – განაცხადა სეთურიძემ.

მისივე განმარტებით, “ზესტაფონიდან 14 კილომეტრი ისედაც 4 ზოლიანი შენდება, უკვე ნახშირღელედან დაფნარამდე 2-ზოლიან გზას კიდევ 2 ზოლი დამატება, ხოლო დაფნარში უკვე ისევ 4-ზოლიანი გზა იწყება.

„სადაც 2-ზოლიანი გზაა, იქ დაემატება კიდევ 2 ზოლი, რაც თავიდანვე ჩადებულია და გათვალისწინებულია პროექტში, არაფრის გადაკეთება არ მოგვიწევს, მიწაც კი გამოსყიდული აქვს სახელმწიფოს. შეიძლება გაგვაკრიტიკონ კიდეც, რომ ეს ეკონომიკურად არ არის გამართლებული და რატომ აკეთებთო. ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკურად ეს ამ ეტაპზე გამართლებული არ არის, მაგრამ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ერთი კაცის სიცოცხლედაც კი არ ღირს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2 ზოლი დაემატოს“, – განაცხადა სეთურიძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პარალელურად, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროები იწყებს დონორებთან მუშაობას მშენებლობის დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.

„როგორც კი გვექნება პროექტი და გვეცოდინება ბიუჯეტი, უკვე გადაწყდება, რომ მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდეს“, – განაცხადა სეთურიძემ.

Share