Home » საზოგადოება » ქსელური მარკეტების ნაწილმა საახალწლოდ საკვებად უვარგისი პროდუქტები გაყიდა

ქსელური მარკეტების ნაწილმა საახალწლოდ საკვებად უვარგისი პროდუქტები გაყიდა

ქსელურ მარკეტებში სურსათის ხარისხი მომხმარებლისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. საახალწლოდ დარღვევების დიდი ნაწილი ტკბილეულს, რძის ნაწარმს  და ხორცპროდუეტქებს ეხებოდა, რაზეც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ. დარღვევები ეხება ისეთ მარკეტებს, როგორიცაა ,,ლიბრე“, ,,მაგნიტი“, ფრესკო  და სხვა განსაკუთრებით ისეთ ობიექტებში, რომლებიც ფასდაკლების აქციებით გამოირჩევიან, თუმცა ამის საზღაური მომხმარებლისთვის, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმეა.

ჭიანი შოკოლადები და სოსისები, დაობებული არაჟანი, გაფუჭებული მაწონი, ასევე საკვებად უვარგისი თევზი და სხვა, რისი რეალიზაციის ფაქტებიც რატომღაც ხშირია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მიმართულებით კონტროლი გამკაცრებულია და გეგმური თუ არაგეგმური შემოწმებები სისტემურად ხორციელდება, სუპერმარკეტებში ამ მხრივ პრობლემა საკმაოდ მწვავედაა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვასილ ბასილაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, 2021 წელს სააგენტოს ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 4000-ზე მეტი სატელეფონო შეტყობინება, რაზეც სწრაფი რეაგირება მოახდინეს. თუმცა ბევრად მეტია შემთხვევები, რაზეც, სამწუხაროდ, მომხმარებლები არ რეაგირებენ და სოციალურ ქსელში დაფიქსირებული უკმაყოფილებით შემოიფარგლებიან.

როგორც ვასილ ბასილაძე აღნიშნავს, სუპერმარკეტში დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ობიექტი ჯარიმდება და მოწმდება ასევე საწარმოო ობიექტი ან სადისტრიბუციო კომპანია, საიდანაც იქ უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტი მოხვდა.

,,2021 წლის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე  4000-ზე მეტი სატელეფონო შეტყობინება იყო შემოსული, რაზეც სწრაფი რეაგირება მოვახდინეთ და ყველა შემთხვევაში მივედით ადგილზე, სადაც კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებები განვახორციელეთ. როგორც წესი, კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში იწერება 1000 ლარიანი ჯარიმა და საწარმოო პროცესს ვაჩერებთ, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენისას ვაძლევთ რეკომენდაციებს გონივრული ვადის გათვალისწინებით, რათა ოპერატორმა გამოასწოროს შეუსაბამობა და უკეთეს პირობებში იმუშაოს. ასევე სახელმწიფო კონტროლი გეგმით გვაქვს გაწერილი. 

განსაკუთრებით ეს ეხება მაღალი რისკის მქონე განთავსების ობიექტებს, როგორიცაა ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძეპროდუქტები, თევზეული და სხვა, ასევე საბავშვო ბაღები, ცხოველთა სასაკლაოები და სხვა. დანარჩენ შემთხვევაში როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ ინსპექტირებას ვახდენთ  საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ასევე აგრარულ ბაზრებში და სხვა, განსაკუთრებით წინასაახალწლო დღეებში. წინსწრებით ხდება ბაზრების შემოწმება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის არსებობასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფაქტები ისევ ფიქსირდება, მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, ბევრად შემცირებულია. ბიზნეს სექტორმა ისწავლა ელექტრონული ტექნოლოგიების მოხმარება, უფრო მეტად არის ინფორმირებული, რაც დარღვევების ინტენსივობაზეც აისახება“, – ამბობს ,,კომერსანტთან“ ვასილ ბასილაძე.

რაც შეეხება დარღვევების ტიპს, მისი ინფორმაციით, პროპლემა სხვადასხვაა და ეხება როგორც ხარისხს, ასევე სარეალიზაციო პროდუქტის ეტიკეტს, შნახვის პირობებს და სხვა.

,,ეტიკეტი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გაიდლაინი, რა პირობებში უნდა ინახებოდეს სურსათი, ვადა როგორია და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს, რასაც ასევე დიდი ყურადღება ექცევა. როდესაც სუპერმარკეტში დარღვევაა, კონკრეტულ ობიექტზე ხდება ჯარიმის გამოწერა, თუმცა ბრენდული პროდუქტის შემთხვევაში, თუკი დავრწმუნდებით, რომ სასაწყობო მეურნეობაც შესამოწმებელია, ვამოწმებთ ობიექტს, საიდანაც მოხდა დისტრიბუცია, ასევე ადგილს, სადაც პროდუქტი იწარმოება. ცხადია, ორივე სუბიექტის პასუხისმგებლობა იკვეთება – როგორც რეალიზატორის, ასევე მწარმოებელი კომპანიის თუ დისტრიბუციისა“, – ამბობს ვასილ ბასილაძე.

ცხადია, პრობლემის შესახებ ცნობილია მომხმარებელთა უფლებადამცველებისთვისაც. ორგანიზაცია ,,ეტიკის“ ხელმძღვანელის ამირან შენგელიას თქმით, მომხმარებელი ფრთხილი უნდა იყოს როგორც გარე ვაჭრობაზე პროდუქტის შეძენისას, ასევე კვების ობიექტებშიც, სადაც შეიძლება ვადაგასული საკვები იყიდებოდეს.

,,ნებისმიერი პროდუქტის რეალიზაციისას აღმოჩენილ დარღვევებზე თანაბრად არიან პასუხისმგებელი მეწარმე და რეალიზატორი. ყველაზე მეტად კი გამყიდველის პასუხისმგებლობაა. როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, გამოდის, რომ თუკი ის მოტყუებულია, შემდეგში უკვე თვითონ მომხმარებელს ატყუებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა პროდუქტსაც ჰყიდიან, მაგრამ მაინც იყიდება. არაერთი შემთხვევაა, რომ დისტრიბუციის მიერ შეტანილი პროდუქტი ზედაპირულადაც არ მოწმდება. ნებისმიერი დარღვევისას მოქალაქეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ. ყველაზე მარტივი გზაა შეძენილი პროდუქტის დაბრუნება, მაგრამ აუცილებლად საქმის კურსში უნდა ჩააყენონ სურსათის უვნებლობის სააგენტო, უკიდირეს შემთხვევში არსებობს სასამართლო, რომელსაც შეიძლება მიმართოს, თუმცა ასეთი ფაქტები საქართველოში თითქმის აღარ არის, საქმე აქამდე არ მიდის. მესმის, რომ კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ არასაკმარისია. ხშირად უმაღლესი დონის სუპერმარკეტებში ისეთ პროდუქტს გვთავაზობენ, რომელიც ამ კატეგორიის დაწესებულებაში არ უნდა იყიდებოდეს. მომხმარებელი აბსოლუტურად დაუცველია, მაგრამ არავინ ჩივის. ბევრი შემთხვევა არც ხმაურდება, თუ მასობრივ ინტოქსიკაციას არ აქვს ადგილი“, – ამბობს ,,კომერსანტთან“ ამირან შენგელია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს 25 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა. აქედან 2500 შემთხვევაში საჯარიმო სანქცია დაწესდა.

შეგახსენებთ, რომ სურსათის უვნებლობის პირობების დარღვევის შემთხვევის აღმოჩენისას, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

წყარო: commersant.ge

Share