Home » ბიზნესი » ყველაზე წუნია კაცის ამბავი! – ქართულ ბაზარზე ძალიან ახალი ცოცხალი ლუდი “ცივ-ცივი” გამოჩნდა

ყველაზე წუნია კაცის ამბავი! – ქართულ ბაზარზე ძალიან ახალი ცოცხალი ლუდი “ცივ-ცივი” გამოჩნდა

„ზედაზენის“ ახალი, უფრო სწორად, „ძალიან ახალი“ ლუდი „ცივ-ცივი“ ქართულ ბაზარზე ხმაურიანად შემოიჭრა – ყველაზე დიდი სკეპტიკოსების, ლუდის ეჭვის თვალით მომზირალი მოყვარულების ფიქრების გასართველად. ჩანაფიქრის თანახმად, ეს არის მეგობრული ბრენდი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაუწევს მეგზურობას ლუდის ცივ-ცივ სამყაროში. ჩამოსასხმელი ლუდისთვის „ზედაზენმა“ სპეციალურად გამოყო გაყიდვების პუნქტები, რათა ლუდის მოყვარულებმა სასმლისა და მისაყოლებელი პროდუქტების ერთიანად შეძენა და თან წაღება შეძლონ. სპეციალურად, „ცივ-ცივის“ ბრენდისთვის, სააგენტო Leavingstone-მა შექმნა სტრატეგია, ბრენდინგი და საკომუნიკაციო კამპანია. უკვე გავრცელდა პირველი ვიდეორგოლიც.

კონცეფციაზე მუშაობისას, სააგენტოს დავალება იყო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელსაც ლუდის ნებისმიერი მოყვარული თავისიანად მიიღებდა და მეგობრულ განწყობას შექმნიდა.

შალვა ჩოჩელი, „ზედაზენის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ჩამოსასხმელი ლუდის ბრენდი და ამ მიმართულებით გაგვეძლიერებინა პოზიციები ბაზარზე. ეს უნდა ყოფილიყო ე.წ. ცოცხალი ლუდი, რომელიც დიდ რეზონანსს გამოიწვევდა ლუდის ქართულ ბაზარზე. ბრენდი სრულიად ნულიდან შეიქმნა, სააგენტოსთან ერთად. ერთობლივად შევარჩიეთ სახელი, შემდეგ, Leavingstone-მა იზრუნა ბრენდინგზე, სტრატეგიაზე, ტიპოგრაფიასა თუ სარეკლამო რგოლზე.

ესაა ლუდი მათთვის, ვისაც ცოცხალი ლუდი უყვარს. მათთვის გვსურდა მაღალი ხარისხის თანამედროვე ქართული სასმელი შეგვეთავაზებინა. ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოსასხმელი ლუდის „გატანის“ პრაქტიკა, რადგან ბევრს უყვარს რამდენიმე ლიტრი ჩამოსასხმელი ცოცხალი ლუდის თან წაღება, მისაყოლებელთან ერთად და ისე მირთმევა. ამდენად, „ცივ-ცივი“ დიდი სუპერმარკეტების ქსელების გარდა, ლუდის სპეციალიზებული ობიექტებიდან გაიყიდება.“

შემოქმედებით ნაწილზე Leavingstone-ის შემოქმედებითი დირექტორი, ბექა ადამაშვილი გვესაუბრა:

M: ბრიფის გადაწყვეტისას, რა მიმართულება აიღეთ ამოსავალ წერტილად?

ხშირად, ახალი ქართული პროდუქტების, განსაკუთრებით კი ლუდის მიმართ მომხმარებელი სკეპტიკურად არის განწყობილი და რიგ შემთხვევებში, ამ წინასწარგანწყობის გამო ახალ ლუდს გაუსინჯავადაც იწუნებს. ჩვენი რეკლამისათვის სწორედ ამ ტიპის მომხმარებლის გაპერსონაჟება გადავწყვიტეთ, რათა წუნია ადამიანებისთვის „მორიგი ახალი ქართული ლუდის“ დაწუნება დაგვესწრო. თუმცა, პერსონაჟის მიერ ლუდის გარდა სხვა საქვეყნოდ აღიარებული რაღაცების დაწუნებით, იმასაც გავუსვით ხაზი, რომ წუნია ადამიანები, შესაძლოა, ზოგჯერ ცდებოდნენ კიდეც. ამიტომაც, სხვისი აზრის გათვალისწინებამდე, ლუდის მოყვარულმა ადამიანმა სჯობს პროდუქტი თავად გასინჯოს. თუკი „ცივ-ცივის“ გასინჯვის შემდეგ, რომელიმე მომხმარებელი ლუდს დაიწუნებს, ჩვენი რეკლამა პირწმინდად პირნათელი იქნება მასთან, ხოლო თუ მოიწონებს – ესე იგი, უბრალოდ მის სასარგებლოდ შევმცდარვართ.

M: როგორაა ბრენდის სტრატეგია და როგორაა კონცეფცია გამოხატული ვიზუალურ ნაწილში?

გვინდა, რომ „ცივ-ცივი“ ჩამოყალიბდეს ბრენდად, რომელსაც ლუდის მოყვარული ნებისმიერი ადამიანი თავისიანად აღიქვამს და მისი მეგობარი ლუდი გახდება. ამას ვითვალისწინებდით ვიზუალის შექმნის დროსაც, რომელზეც კახა კახაძესთან ერთად ვიმუშავეთ. პროცესში, შევეცადეთ ტიპოგრაფია შედარებით რეტრო სტილის ყოფილიყო და „კარგად დავიწყებული ძველის“ შეგრძნება მოეტანა.ამავე კონცეფციის ნაწილი არის სატელევიზიო რეკლამაც, სადაც დაწუნებათა უმეტეს ნაწილში, სწორედ ის ფრაზებია გამოყენებული, რომელთაც უბნებში თუ სახლებში შეკრებილი მეგობრები იყენებენ ხშირად.

 

 

P.S. მთავარია, ვასკა კმაყოფილია… ან, შეიძლება, არც. რას გაუგებ?!

MARKETER.GE

Share