Home » საზოგადოება » “ყველაზე დიდი იარაღი განათლება და ცოდნაა, რომელიც ყველას უნდა ვაჩვენოთ”
"ყველაზე დიდი იარაღი განათლება და ცოდნაა, რომელიც ყველას უნდა ვაჩვენოთ"

“ყველაზე დიდი იარაღი განათლება და ცოდნაა, რომელიც ყველას უნდა ვაჩვენოთ”

ყველაზე დიდი იარაღი განათლება და ცოდნაა, რომელიც ყველას უნდა ვაჩვენოთ, – ამის შესახებ „ინტრეპრესნიუსს“ ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.

ჯეჯელავას განცხადებით, 26 მაისის დღესასწაული სხვა დღესასწაულებს შორის უმთავრესია, რადგან ქართველ ხალხს თავისუფლებაზე მეტად არაფერი უყვარს. მისივე განცხადებით, ყველაზე დიდი გამოწვევა დამოუკიდებლობის ისტორიაში იყო საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბება, რომ თავისუფლება გამხდარიყო უმთავრესი. ალექსანდრე ჯეჯელავამ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო დამოუკიდებლობას გაერთიანებული აღნიშნავს.

„26 მაისი საერთო დღესასწაულებს შორის მთავარია, რადგან ქართველ ერს თავისუფლებაზე მეტად არაფერი უყვარს. განათლების სამინისტრო წელს შეეცადა მნიშვნელოვანი სათქმელი ეთქვა. თქვენ გახსოვთ ტარდებოდა სამხედრო აღლუმი, წარმოდგენილი იყო იარაღი, მაგრამ ყველაზე დიდი იარაღი განათლება, ცოდნაა, რომელიც უნდა ვაჩვენოთ ყველას. ყველამ უნდა დაინახოს თუ როგორი მომავალი თაობა იზრდება. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბება იყო, რომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მათთვის უმთავრესი. მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე საქართველო დამოუკიდებლობას აღნიშნავს გამთლიანებული და ჩვენ სოხუმშიც და სამაჩაბლოშიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სტენდი რუსთაველზე პირველი გიმნაზიის წინ არის განთავსებული, სადაც წარმოდგენილია უძველესი ქართული დამწერლობის შესახებ ინფორმაცია, „ვეფხისტყაოსნის“ წიგნები, ასევე ღია საკლასო ოთახი, სადაც სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება სპეციალური სახალხო გაკვეთილები. დამთვალიერებლებს კი მასპინძლობას თავად ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უწევს.

Share