Home » ბიზნესი » ყველა ბიზნესი ვალებშია და ყველა შველას ითხოვს

ყველა ბიზნესი ვალებშია და ყველა შველას ითხოვს

ბოლომდე ჩავარდნილმა ტურიზმმა არათუ სასტუმროებსა და რესტორნებს, არამედ უკვე სადისტრობუციო კომპანიებს შეუქმნა პრობლემები. საქმე ისაა, რომ ჰორეკა ბიზნესს დისტრიბუტორების უზარმაზარი ვალი მართებს, მათი გადახდა კი არათუ ახლა, კარგა ხანს შეუძლებელი იქნება. მართალია, დავალიანება აღაირებულია, მაგრამ მისი „გაცოცხლება“ ვერფრით მოხერხდება, სანამ თვითონ ტურიზმი არ გაცოცხლდება.

როგორც სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ ასეთ მასშტაბურ დავალიანებას სექტორი ნამდვილად არ გაურბის. ავიამიმოსვლისა და ტურიზმის აღდგენის შემდეგ, სექტორი ეცდება დაგროვილი ვალის გასტუმრებას.

„ვალი მაქვს და ვერ ვაძლევ, თუ არ ავმუშავდით საიდან მივცემთ? საქმე ეხება დახურულ სასტუმროებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც არის სრული უმრავლესობა. არაფერი შეცვლილა, არაფერი გახსნილა, არაფერი ამუშავებულა, ტურიზმი ვეღარ მუშაობს – დაიკეტა.

ვაღიარებთ, რომ ჩვენს სექტორში ჩალექილია 20-25 მილიონადე დისტრიბუტორთა ვალი, მაგრამ როცა ქვეყანა გაიხსნება და ტურიზმი აღდგება, მერე გადავუხდით კომპანიებს. დეკლარირებულია ვალი და გვიწერია, რომ მიღებული გვაქვს პროდუქცია, არ გავურბივართ ამ რეალობას“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

დისტიბუტორების მიმართ საკმაოდ სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ რესტორნებსაც. ზოგადად თუ ერთ, რომელიმე სექტორს გაუჭირდა, მას ჯაჭვური რეაქციით მიჰყვება სხვა დაკავშირებული სექტორების ჩამოშლა.

„დღესდღეობით მთლიანად სექტორში ობიექტების 100%-დან 70% არის დახურული. ამან წარმოშვა პრობლემა დისტიბუტორთან ურთიერთობაშიც. 70%-ს დახურვის შემთხვევაში ჩარჩა პროდუქცია, ეს პროდუქცია ხშირ შემთხვევაში მალფუჭებადია და გაყიდული პროდუქციის განაღდება ვერ მოხერხდა სხვა დავალიანების გამო – ბანკები იყო, ასევე იჯარა“, – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.

ამოუღებელი ათეულობით მილიონი ლარის გამო კი მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიებს საბრუნავი კაპიტალი აღარ დარჩათ. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას თქმით, შექმნილ კრიზისულ ვითარებას სექტორი გაგებით ეკიდება, თუმცა მთავრობის დახმარების მხოლოდ ტურიზმის სექტორზე გავრცელება არასწორად მიაჩნიათ. ივა ჭყონია ამბობს, რომ სადისტრიბუციო ბიზნესს სჭირდება საგადასახადო შეღავათები იმისთვის, რომ სექტორმა ლიკვიდობის შენარჩუნება შეძლოს.

„აქ ათობით მილიონ ჩალექილ თანხებზეა საუბარი, რომლის ამოღებაც ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს, რომ საბრუნავ კაპიტალში უჩნდებათ დეფიციტი და შემდეგ უჭირთ ვალდებულებების გასტუმრება, რომლის წინაშეც დგანან ერთი მხრივ, მომწოდებელ კომპანიასთან, მეორე მხრივ, ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიასთან.

გვესმის და გაგებით ვეკიდებით ჰორეკა სექტორის პრობლემებს. 90% გაჩერებულია, ვერ მოთხოვ, აზრიც არ აქვს, თუმცა შესაბამისი პრობლემით მივმართავთ სახელმწიფოს. სადისტრიბუციო სექტორი პირდაპირ არის მიბმული ჰორეკაზე, ტურიზმზე და შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ, რომ დახმარება სჭირდებათ შესაბამის სექტორებს, ჩვენც არაფრით არ განვსხვავდებით. მათი საქმიანობის აღდგენა ჩვენს გარეშე მომავალშიც წარმოუდგენელია. ვითხოვთ, გადასახადების დროებით მოხსნას, თუნდაც საშემოსავლოს კუთხით იმ შეღავათს, რაც აქამდე გვქონდა.

მესმის, რომ დღგ-ს შეღავათი არ განიხილება, თუმცა სადისტრიბუციო ბიზნესს რომ გაეზარდოს ლიკვიდურობა, მნიშვნელოვანია დღგ მიბმული იყოს პროდუქციის რეალიზაციაზე ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, იმპორტისას დღგ-ს გადახდა მოხდეს 30 დღის შემდეგ, რაც აქამდე იყო“, – განუცხადა „ბიემს“ ივა ჭყონიამ.

გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა სადისტრიბუციო ბიზნესში შექმნილ კრიზისულ ვითარებას, ჯერ უცნობია.

წყარო: for.ge

Share