Home » მსოფლიო » ყირიმის ოკუპაციის შედეგად მიღებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 135 მილიარდი დოლარი შეადგინა

ყირიმის ოკუპაციის შედეგად მიღებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 135 მილიარდი დოლარი შეადგინა

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შედეგად მიღებულმა ეკონომიკურმა ზარალმა $135 მილიარდი შეადგინა. ამას მოწმობს ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის (CES) მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები, რომელიც ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის დავალებით ჩატარდა.

“ზარალის შეფასება აუცილებელია საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით ამ დანაკარგების კომპენსაციისთვის, რუსეთის ფედერაციის მიერ შესაბამისი თანხების გადახდით ან აქტივების დაყადაღებით,” – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კვლევაში აღინიშნა, 135 მილიარდი დოლარი არის აქტივების დაკარგვის შედეგად მიღებული პირდაპირი ზარალი რაც მოიცავს ყირიმის ნახევარკუნძულზე მიწის ღირებულებას (3 მილიარდი დოლარი),  მინერალების (52,3 მილიარდი დოლარი), ბუნებრივი გაზისა და ნედლი ნავთობის, მოსახლეობის საცხოვრებელი უძრავი ქონების (42,7 მილიარდი დოლარი), კერძო კომპანიებისა (18,4 მილიარდი დოლარი) და ბანკების (2,7 მილიარდი დოლარი), ასევე ადგილობრივი თემების (1,7 მილიარდი დოლარი) საერთო მოცულობას.

შეფასება არ შეიცავს ნახევარკუნძულის დროებითი ოკუპაციით მიღებულ მაკროეკონომიკურ შედეგებს, რადგან ისინი არ შეიძლება განცალკევდეს რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების ზოგადი გავლენისგან უკრაინის წინააღმდეგ.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული ოკუპაციის გამო, უკრაინელებს ყირიმში თითქმის 935 000 ბინა დაეკარგათ. ანექსიის დაწყებამდე ნახევარკუნძულზე ასევე არსებობდა დაახლოებით 20 ათასი კერძო საწარმო.

ცენტრალური ელექტროქსელებში კი უკრაინის ზარალი 14 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სანდრო პირველი

Share