Home » ბიზნესი » ყავის მწარმოებელი კომპანიები წარმოების განსავითარებლად საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ
ყავის მწარმოებელი კომპანიები წარმოების განსავითარებლად საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ

ყავის მწარმოებელი კომპანიები წარმოების განსავითარებლად საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ

ყავა ის პროდუქტია, რომელიც უპირობოდ უყვარს თითქმის ყველას. სწორედ ამიტომ, იგი მიეკუთვნება ისეთ პროდუქტებს, რომელიც საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს და, შესაბამისად, მოხმარების დონეც მაღალია. ხშირად ყოფილა განხილვის საგანი საქართველოში წარმოებული თუ იმპორტირებული ყავის ხარისხი. ამ საკითხთან მიმართებაში დღესაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, თუმცა არსებული სიტუაციის კვლევისთვის საჭიროა თვალი გადავავლოთ საქართველოში ყავის წარმოების პოცესს და იმ ცვლილებებს თუ სიახლეებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს დღევანდელი ყავის ბაზრის ჩამოყალიბებას.

2009-2011 წლებში განხილვის საგანს წარმოადგენდა სომხური კომპანიების გავლენის ზრდა, რომლებსაც ქართული ბაზრის უდიდესი ნაწილი 80% ეჭირათ. ქართველი მომხმარებელი ჩიოდა საქართველოში უხარისხო ყავის გავრცელების გამო, და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართული კომპანიები გაკოტრების ზღვარზე იმყოფებოდნენ. ეს ინფორმაცია გარკვეულწილად გამართლდა და ზოგი ქართული კომპანია ბაზრიდან გავიდა, მაგალითად “ყაზბეგი ყავა”, რომელიც იმიტომ გაკოტრდა, რომ სომხეთიდან იმპორტირებულ, უხარისხო პროდუქციის კონკურენციას ვერ გაუძლო სარეალიზაციო ფასის სხვაობის გამო.

ამ პერიოდის შემდეგ იმ კომპანიებმა, რომლებსაც მზა ყავა შემოჰქონდათ უცხოეთიდან წარმოების გადმოტანა საქართველოში დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია “ესპრესო ჯორჯიაა”. თავდაპირველად, მათ ბაზარზე მცირე ნიშა ეჭირათ და სომხურ თუ სხვა უცხოურ ბრენდებს კონკურენციას ვერ უწევდნენ, თუმცა მათი განცხადებით დღეს ბაზრის წილი გაზრდილია და ის ყავა, რომელსაც ისინი აწარმოებენ სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ხარისხიც საკმაოდ მაღალია.

“ჩვენი კომპანია ოპერირებს 2004 წლიდან და მარცვლების შემოტანა ძირითადად ხდება ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, ბრაზილიიდან, ინდონეზიიდან. ყავის დამუშავება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. ზუსტად იმ მოხალვის ტექნოლოგიით, რომელიც ევროპაში არის დანერგილი”, – განაცხადა ვაჟა ჩხეიძემ.

საქართველოში მრავალი წელია, რაც რამდენიმე კომპანია ყავის იმპორტის კუთხით ოპერირებს. აღსანიშნავია ,რომ თავდაპირველად კომპანიების უმეტესობა მზა ყავის შემოტანას ამჯობინებდა მაგალითად, BBcompany, რომელსაც მზა ყავა იტალიიდან შემოჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ყავის ადგილობრივი წარმოება, ბრენდის სახელწოდებით “მონდო”, რომლის დაარსება მოხდა პროექტის ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში.

,,ყავა მონდო ბაზარზე ახალი შემოსულია და ჯერ 1 წელიც არაა რაც გაყიდვაშია. ზოგადად, მისი დაარსება მოხდა პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, თუმცა დამაარსებელი BBcompany საკმაოდ დიდი ხანია რაც თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან. შესაბამისად, ყავის ბიზნესი ჩვენთვის უცხო არაა და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც გვაქვს ამ კუთხით, შესაძლოა ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართველი მომხმარებელი საკმაოდ დადებითად აფასებს ჩვენს ნაწარმს. ყავის მარცვლების შემოტანა ხდება მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან. ხოლო დამუშავება იმ საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით ხორციელდება, რაც ევროპის ქვეყნებში, მაგალითად იტალიაშია დანერგილი”, – განაცხადა “მონდოს” გაყიდვების მენეჯერმა, კახა რუსაძემ.

დღესდღეობით ქართული ბაზრის ლიდერი ნალექიან ყავის კუთხით კომპანია ,,ჩერია’’, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს.

“კომპანია ,,ჩერი” საქართველოში ოპერირებს 2014 წლიდან, ყავის მარცვლების შემოტანა საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან ხდება, მათ შორის: ბრაზილია, ტანზანია, ინდონეიზია, კოლუმბია, კენია. ხოლო, რაც შეეხება სტანდარტებს ჩვენს საწარმოს აქვს ISO სერტიფიკატი, რაც მოწმობს იმას, რომ ევროპული სტანდარტებით ხდება მარცვლების მოხალვა, გადამუშავება და ყველა საჭირო პროდუქციის განხორციელება. ნალექიანი ყავის კუთხით ჩვენ ბაზრის 60%-ს ვიკავებთ და ამ კუთხით ნამდვილად ლიდერები ვართ. რაც შეეხება ექსპორტს, მასზე მუშაობა ახალი დაწყებული გვაქვს და მცირე პარტიებით გაგვაქვს ჩვენი ყავა რამდენიმე ქვეყანაში მათ შორის: აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქმენეთში”, – განაცხადა თინათინ ლომთათიძემ.

მიუხედვად ბაზრის ცვლილებისა და ქართული ყავის მწარმოებელი კომპანიების განვითარებისა, დღის წესრიგში მაინც რჩება, კომპანიებისთვის ერთ-ერთი მწვავე საკითხი ორმაგი დაბეგვრა, რომელიც პირდაპირაა კავშირში ხარისხიანი ყავის წარმოების ხელშოწყობასთან.

“უნდა შემცირდეს დამატებული ღირებულების გადასახადი, რადგან ჩვენ ყავის მწარმოებელი კომპანიები ორმაგად ვიხდით მას, მაშინ როდესაც ქვეყანაში შემოგვაქვს ყავის მარცვლები და მაშინ, როდესაც უშუალოდ პროდუქციას ვიყიდით. ამასთან დღგ-ს მოცულობა საკმაოდ მაღალია, რა თქმა უნდა, მისი გაუქმება შეუძლებელია, თუმცა მისი შემცირება წარმოების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნებოდა 12 ან 10 პროცენტამდე მაინც”, – განაცხადა ,,ექსპრესო ჯორჯიას”, – ვაჟა ჩხეიძემ.

საქართველოში ყავის იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნიდან. “ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” საქართველოს გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები რიგ ქვეყნებთან, რაც, თავის მხრივ, ყავის იმპორტს ამ ქვეყნებიდან ათავისუფლებს იმპორტის გადასახადისაგან. შესაბამისად, საქართველოში ყავის იმპორტიორ ფირმებს არათანაბარ საბაზრო პირობებს უქმნის, ასევე ხელი ეწყობა საქართველოში ისეთი ქვეყნებიდან ყავის შემოტანას, რომლებიც ტრადიციულად არ მიეკუთვნებიან ყავის მწარმოებლებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი), რაც თავის მხრივ გულისხმობს უხარისხო ყავის ნაწარმით საქართველოს ბაზრის გაჯერებას. როდესაც 12%-იანი გადასახადი არ ეხებოდა ყავის ნაწარმს იყო შემდეგი მდგომარეობა: ლათინურ ამერიკას ეჭირა 50%, აზიას 20%, ევროპას 20% უკრაინას და სხვა დანარჩენ ქვეყნებს 10 %. დღეს კი ასეთი სურათი გვაქვს: 20% ლათინური ამერიკა, 9% აზია, 7% ევროპა, რუსეთი 38% , უკრაინა 22% და ა.შ. ყავის ნაწარმის 12%-იანი იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევაში ხელი შეეწყობა ყავის ისეთი ტრადიციული ქვეყნებიდან იმპორტს როგორიცაა: კოლუმბია, ბრაზილია, ეთიოპია. ამითი ხელს შევუწყობთ საქართველოს მოსახლეობაში ხარისხიანი ყავის მოხმარებას.

ეს ინიციატივა პეტიციის სახითაც კი განთავსდა საიტზე იცჰანგე.გოვ.გე, რაც ყავის ნაწარმის 12%-იანი იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების მოთხოვნას ემსახურება.

ყავა ,,მონდოს’’ მენეჯერის განცხადებით, საქართველოში ყავის წარმოების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროექტების განხორციელება,ორმაგი დაბეგვრის შესახებ კანონის გადახედვა და ისეთი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება,რომლებიც მრავალი წელია ყავის ბიზნესში არიან ჩართულები.

,,ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები, როგორიცაა მაგალითად ,,აწარმოე საქართველოში’’ ხელს უწყობს პირველ რიგში, ეროვნული ეკონომიკის განვითარებას და ძალიან კარგი იქნება თუ ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდება. ჩვენთვის, როგორც ყავის მწარმოებელი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც და, ვფიქრობ, ამ კუთხითაც სახელმწიფოს დახმარება მნიშვნელოვანი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ალბათ მრავალ ყავის მწარმოებელ კომპანიას აწუხებს-ორმაგი დაბეგვრაა. რაც ყავის ხარისხის ამაღლებისა და წარმოების განვითარებისთვის პირველ რიგში უნდა გადაიხედოს სახელმწიფოს მიერ”, – განაცხადა კახა რუსაძემ.

ბაზრის არსებული სიტუაციის კვალდაკვალ, კიდევ ანონსდება ყავის მწარმოებელი ქარხნების გახსნა, მაგალითად კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხანა ექსპლოატაციაში 2018 წლის შემოდგომაზე შევა.როგორც ცნობილია, კომპანია შპს “კაფსულო” პირველად საქართველოში აპარატის ყავის წარმოებას იწყებს. გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს და, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს ქარხანა ქართულ-უცხოური ინვესტიციით შენდება.

მარიამ აბრამიშვილი

 

Share