Home » ბიზნესი » „ქეთევან საქარელი“- საიუველირო ბრენდი, რომელმაც პეტრე ოცხელის ნამუშევრები გააცოცხლა
„ქეთევან საქარელი“- საიუველირო ბრენდი, რომელმაც პეტრე ოცხელის ნამუშევრები გააცოცხლა

„ქეთევან საქარელი“- საიუველირო ბრენდი, რომელმაც პეტრე ოცხელის ნამუშევრები გააცოცხლა

ქეთევან საქარელი (სურათის ავტ. დავით ჭალიძე)

ქეთევან საქარელი
(სურათის ავტ. დავით ჭალიძე)

KETEVAN SAQARELI საავტორო დიზაინით შექმნილი საიუველირო ბრენდია. სამარკო ნიშანი KS თითქმის ერთი წელია რაც არსებობს და უკვე რამდენიმე კოლექციას ითვლის, რომელთა შორისაც ქართველი მოდერნისტი მხატვრის, პეტრე ოცხელის ნამუშევრების ინსპირაციით შექმნილი სამკაულები გამორჩეულია. სამარკო ნიშნის დამფუძნებელმა ქეთევან საქარელმა მარკეტერთან უფრო დეტალურად ისაუბრა ბრენდის შექმნის, სამკაულების დამზადების ტექნოლოგიისა და მისი ინსპირაციის წყაროს შესახებ.

მოგვიყევით, როგორ გაჩნდა ამ ბიზნესის წამოწყების იდეა და რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?

სამკაულები შექმნილია თანამედროვე, წარმატებული, საინტერესო ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს არა მხოლოდ მოდა, ან აქსესუარი, არამედ თავის გამოხატვისა და საკუთარი ინდივიდუალიზმის ხაზგასმის საშუალებაა. საიუველირო ნაწარმი იქმნება მხოლოდ ძვირფასი, ან ნახევრად ძვირფასი ლითონებისგან და მასალისგან (ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი და სხვა). ასევე, გამოიყენება სხვადასხვა საიუველირო ტექნიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები. ძირითადი აქცენტი კეთდება მინანქრის ტექნიკაზე.

სურათის ავტორი – ლუიზა ჩალათაშვილი

სურათის ავტორი – ლუიზა ჩალათაშვილი

შეიძლება ითქვას, რომ უძველესი მინანქრის ტექნოლოგია არის ბაზა, რომელზეც ეს თანამედროვე დიზაინის სამკაულები იქმნება. სწორედ ამ ტექნოლოგიის პოპულარიზაცია  და ჩემი საიუველირო სფეროში დაგროვილი 10 წლიანი გამოცდილება გახდა ბრენდის შექმნის ინსპირაცია.

როგორ გახდა პეტრე ოცხელის ნამუშევრები თქვენი ინსპირაციის წყარო?

პეტრე ოცხელი ჩემი ყველაზე საყვარელი მხატვარია, რომელის შემოქმედებასაც თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროს გავეცანი. ვფიქრობ, მისი ნაწარმოებები არის უნიკალური და არაამქვეყნიური, მომავლის სამყაროდან. სამწუხაროდ, ის არაა სათანადოდ დაფასებული და პოპულარული არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ.

unnamed-11

ძალიან დიდი სიფრთხილით და სიყვარულით გავაკეთე მისი კოლექცია, ეს არის სხვა კულტურული ნიშის მოძებნა ოცხელის შემოქმედებისთვის და არა კოპირება. შეიძლება ცოტა ამბიციურად ჟღერს, თუმცა ეს ისაა, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, როცა ჩვენ კოლაბორაციას ვუყურებ. იმედი მაქვს, ამ  კოლექციასაც ექნება წვლილი პეტრე ოცხელის შემოქმედების პოპულარიზაციაში.

სურათის ავტორი – ლუიზა ჩალათაშვილი

სურათის ავტორი – ლუიზა ჩალათაშვილი

როგორ შეიძლება ნამუშევრების შეძენა?

ამჟამად ზოგიერთი კოლექცია მზადაა და იყიდება რამდენიმე მაღაზიაში (DOTS tbilisi, O,MODA MODA). ოცხელის კოლექცია შეზღუდული რაოდენობითაა და მზადდება წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში. სამომავლოდ ჩვენი მომხმარებელი ჩვენივე ონლაინ მაღაზიაში შეძლებს სამკაულის შეძენას.

რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?

KS კონკურენტებისგან გამოირჩევა კონცეპციით,  ძველი და ახალი კულტურის, ტენდენციების გადაკვეთით, ორიგინალური დიზაინით, მინანქრის ტექნოლოგიის სხვაგვარად გააზრებითა და პროდუქციის ხარისხით, რომელიც დროს გაუძლებს. ასევე, მოულოდნელობის ეფექტს ქმნის თანამედროვე დიზაინში მინანქრის ტექნოლოგიის სერიული წარმოება.

რა სირთულეები შეგხვდათ და როგორ უმკლავდებით მათ?

სირთულეებს რაც შეეხება, საქართველო არის პატარა ბაზარი ბიზნესის განვითარებისთვის, მით უფრო, როცა საქმე ფუფუნებას ეხება. ამიტომ, მე და ჩემი პარტნიორი მიზანმიმართულად ვმუშაობთ ბრენდის ექსპორტზე. გვინდა, რომ საზღვარგარეთ მოხდეს ბრენდის პოზიციონირება ისე, როგორც ქართული ტექნოლოგიისა და დიზაინის კარგი მაგალითი.

contact: ketevansaqareli@gmail.com

web: ketevansaqareli.com

instagram: @ketevansaqareli

წყარო: marketer

Share