Home » საზოგადოება » „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია
„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია

„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია

6 თვე საპრეზიდენტო არჩევნებამდე – „ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე შეარჩია და განსახილველად ბიძინა ივანიშვილს წარუდგინა. „რუსთავი 2-თან საუბარში ეს ინფორმაცია მმართველი პარტიის წევრებმა დაადასტურეს.

პარტიაში მიმდინარე კონსულტაციებზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და „ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი თემურ ჭკუასელი. ჭკუასელი თავს იკავებს დაასახელოს კანდიდატის სახელი და გვარი, თუმცა, აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირების პრეზიდენტობის კანდიდატად დათანხმება, ჯერჯერობით უჭირთ.

„ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს, თქვენი მონა მორჩილიც არჩევს და ძალიან ბევრი ადამიანი არჩევს, უბრალოდ მერე უნდა შევაჯეროთ. მეც რამდენიმე კანდიდატურა შევთავაზე და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო კანდიდატურები. მე თვითონ 2 ადამიანი, ბევრი არა, მაგრამ ცოტა დათანხმება ჭირს ადამიანების და ვნახოთ, რა იქნება. თვითონაც ფიქრობდა თურმე ამ ადამიანზე და დაემთხვა, ჩვენი აზრები“, – აცხადებს თეიმურაზ ჭკუასელი. ჭკუასელი ამბობს, რომ ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი მამაკაცია და „ყველასთვის საყვარელი პიროვნებაა“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების მმართველი ორგანოს წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს.

„ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიაში დაწყებულია. რაც შეეხება კანდიდატის დასახელებას, ამას ჩვენ ივლისის მეორე ნახევარში, აგვისტოს დასაწყისში გავაკეთებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ღირსეული კანდიდატურა იქნება და ექნება გამარჯვების მაღალი შანსები“, – ამბობს თალაკვაძე. მისი თქმით, 11 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცება მოხდება. ასევე, ივანიშვილი იქნება არჩეული პარტიის თავმჯომარედ.

უკვე რამდენიმე თვეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველმა გუნდმა რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი შეარჩია. ერთი მათგანი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, ასევე სახელდება პარლამენტის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილიც.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების კანდიდატებთან დაკავშირებით, კულუარებში კიდევ რამდენიმე პერსონა სახელდებოდა. მაგალითად პრემიერი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. მაგრამ ისინი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. ასევე, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა ყოფილმა პრემიერმა და „ქართული ოცნებაში ოფიციალურად დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტოს საპრეზიდენტო მარათონში ჩართვა. მაგრამ ოფიციალურად არც ეს ვერსია დასტურდება.

რაც ეხება სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს „დემკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და პოლიტიკური ცენტრის გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

2018 წლის ოქტომბერში, საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს.

commersant.ge

Share