Home » ბიზნესი » ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კონკურენციის გაწევას SAMSUNG–ისთვის გეგმავს
ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კონკურენციის გაწევას SAMSUNG–ისთვის გეგმავს

ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კონკურენციის გაწევას SAMSUNG–ისთვის გეგმავს

ქართული წარმოების ტელევიზორი ბაზარზე პირველი ივნისიდან გამოჩნდება. რუსთავში მდებარე ქარხანა AG Telekom-მა პროდუქცია უკვე დაამზადა და ახლა ტესტირების რეჟიმში აქვს.

გამოშვებულია როგორც 32, ასევე 40-ინჩიანი ტელევიზორები. ქართული პროდუქცია ზაფხულის დასაწყისიდან „გორგიასა“ და სავარაუდოდ, „მეტრომარტში“ გაიყიდება.

„მივიღეთ ძალიან მაღალი ხარისხის ტელევიზორები. ვინმეს თუ სურვილი აქვს, რომ ყველაზე დაბალხარისხიან ტელევიზორებს შეადაროს, ამის სურვილი ჩვენ არ გვაქვს.  ხარისხით თუ გინდათ, SAMSUNG-ს შეადარეთ“,- აცხადებს ქარხნის ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე  გამოშვებულია 1200 ტელევიზორი, თუმცა, სამომავლოდ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან დაინტერესება როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდანაც არის.

მიხეილ ღლონტი ამბობს, რომ ქართული ტელევიზორები ექსპორტზეც გავა და პირველ რიგში ამით დაინტერესებული აზერბაიჯანია. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლატვიასთანაც. მას შემდეგ, რაც ქარხანა ევრო 1-ის სერთიფიკატს აიღებს, ევროპულ ბაზარზე გასვლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ.

რუსთავში მდებარე ქარხნის ხელმძღვანელს ოპტიმისტური განწყობები აქვს და იმედი აქვს, რომ ქართული წარმოება თავისი ადგილის დამკვიდრებას შეძლებს.

გარდა ტელევიზორისა, ქარხანას სხვა გეგმებიც აქვს: AG Telekom-ი ქართული მობილური ტელეფონის გამოშვებასაც აპირებს, თუმცა, როგორც მიხეილ ღლონტი ამბობს, ეს შედარებით შორეული პერსპექტივაა.

პირველად ქართული ტელევიზორის გამოშვების შესახებ „კომერსანტმა“ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია. როგორც მაშინ ქარხნის ხელმძღვანელმა განგვიცხადა, ტელევიზორის ფასი კონკურენტუნარიანი იქნება სხვა იმავე ხარისხის პროდუქციასთან შედარებით.

რამდენიმე თვის წინ მიხეილ ღლონტი აცხადებდა, რომ 180 დოლარი ეღირებოდა 32-ინჩიანი(81 სმ) ტელევიზორი, 280 დოლარი კი 40-ინჩიანი(101 სმ) ტელევიზორი. თუმცა, დღეს ის კონკრეტული ღირებულების დასახელებისგან თავს იკავებს.

commersant.ge

Share