Home » საზოგადოება » ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა

ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა

ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა, „რუდავის“ ცნობით, შემთხვევა ერაყის ქურთისტანში, ქალაქ დაჰუკში მოხდა. პოლიციამ ფულის დიდი ნაწილი და ოქრო პატრონს დაუბრუნა, თუმცა მძარცველი არ დაუკავებიათ, რადგან მან ერაყის ქურთისტანი ტერიტორია უკვე დატოვა.

გავრცელებული ცნობით, ქალმა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, სახლის ძარცვა 3 სექტემბერს სამ ადამიანთან ერთად დაგეგმა. სათვალთვალო კამერების გამო, მძარცველებმა გადაწყვიტეს, რომ ბიზნესმენის სახლში ორი ნიღბიანი მამაკაცი შესულიყო, რომ ქალზე ეჭვი არ მიეტანათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ქართველი ქალის გაუჩინარება ქურდობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იყო. სამდღიანი ჩხრეკისა და გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქართველი ქალი იბრაჰიმ ხალილის სასაზღვრო კარიბჭით თურქეთში გაიქცა და თან წაიღო 20 000 აშშ დოლარი.

ქართველ ქალთან კავშირის გამო, გამოძიება 20 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელთაგან სამი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური ქურდობა დაჰუკის ისტორიაში.

1tv.ge

Share