Home » ფინანსები » ქართულმა ნავთობიმპორტიორებმა მსოფლიო პროცესებს ისევ დაასწრეს
ქართულმა ნავთობიმპორტიორებმა მსოფლიო პროცესებს ისევ დაასწრეს

ქართულმა ნავთობიმპორტიორებმა მსოფლიო პროცესებს ისევ დაასწრეს

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდე, საქართველოში საწვავზე ფასები გაიზარდა. კვირაზე მეტია რაც ნავთობიმპორტიორთა უმრავლესობამ ყველა ტიპის საწვავზე ფასები 3-5 თეთრით გაზარდა.  ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ერთლი ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავი ყველაზე ძვირი, კომპანია „გალფში“ 2.09 ლარი ღირს, ხოლო ყველაზე იაფი კი კომპანია „ფრეგოში“ 1.93 ლარი. ნავთობიმპორტიორთა კავშირში საწვავზე ფასების მატების მიზეზად საერთოშორის ფასების ზრდას ასახელებენ. დარგის ექსპერტებიც არ უარყოფენ, რომ გლობალური პროცესების გამო მსოფლიო ბაზრებზე ფასები ნამდვილად გაზრდილია.

„აფბას“ ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის შეფასებით, ბოლო თვის მანძილზე ნამდვილად ფიქსირდება მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატება, რამაც ასახვა ჰპოვა ქართულ ბაზარზეც.

„ბოლო ორ კვირაზე მეტია რაც მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასმა მატება დაიწყო, რასაც აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. ერთის მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ოპეკის“ წევრ და არაწევრ ქვეყნებს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ხელშკრულება აქვთ დადებული. სწორედ მიწოდების შემცირებით ცდილობს „ოპეკი“ უკვე წელზე მეტია ბაზარზე  ფასების სტაბილიზაციას. რაც შეეხება ბოლო პერიოდში ბარალზე ფასების მკვეთრ მატებას, ეს მთლიანად ერთჯერადი პროცესით არის განპირობებული. მხედველობაში მაქვს ქარიშხალი რომელიც აშშ-ს დატყდა თავს. სტიქიამ 15 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პარალიზება გამოიწვია, რამაც თითქმის 20%-ით შეამცირა ნავთობის გადამუშავება. სტიქიამ, ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მექსიკის ყურეს, რის შემდეგაც თითქმის 25%-ით შემცირდა ნავთობის მოპოვება“, აღნიშნავს ბაირახტარი.

ბაირახტარმა სამომავლო ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ნავთობის ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

„როგორც უკვე ავღნიშნე, ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასების მატება ძირითადად ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული, შესაბამისად უნდა ვივარაოდოთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ნავთობის ფასის მატებას არ უნდა ველოდოთ. მართალია, აშშ-ში მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა სტიქიის გამო, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ამერიკამ პირველად გახსნა თავისი სტრატეგიული მარაგები და 500 000 ბარელი მიაწოდა ბაზარს. ამან, რა თქმა უნდა, ბაზარი მეტ-ნაკლებად დაასტაბილურა, თორემ შესაძლოა დღეს ბარელი უფრო მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო.

რაც შეეხება მუდმივმოქმედ და გრძელვადიან ფაქტორებს, რომლებიც ფასზე პირდაპირ გავლენას ახდენენ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე, აქაც არ გვაქვს, ისეთი მოლოდინი, რომელიც ფასების მატებას გამოიწვევდა. მხედველობაში მაქვს, ჩინეთში წარმოების ინდექსის შემცირება, მოგეხსენებათ ჩინეთი ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომხმარებელია და წარმოების შემცირება პირდაპირ მოქმედებს ნავთობის ფასზე. ასევე აღსანიშნავია, ის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, რომლებიც არ უერთდებიან „ოპეკის“ შეთანხმებას მოპოვების შემცირებაზე და პირიქით ზრდიან კიდეც თავიანთ კვოტებს, რათა ბაზარზე თავიანთი წილი მაქსიმალურად გზარდონ“, მიიჩნევს ბაირახტარი.

ბაირახტარმა საწვავის ქართულ ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით სტაბილური გარემოს შენარჩუნების შემთხევვაში, საწვავზე ფასების მატების ობიექტური მიზეზები არ არასებობს.

„მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაცია ქართულ ბაზარზე აუცილებლად უნდა ასახულიყო და ასეც მოხდა. უბრალოდ თუ ქრონოლოგიურად გადავხედავთ ყველაფერს, ვნახავთ, რომ ქართულმა კომპანიებმა, ისევ იჩქარეს და მსოფლიო პროცესების ფეხდაფეხ ასახეს ეს ყველაფერი საკუთარ ფასებზე, მაშინ როდესაც გარკვეული პერიოდი ჭირდებოდა იმ გლობალური პროცესების ჩვენამდე მოღწევას. მაგრამ ეს უკვე სამწუხარო ტრადიციად იქცა და ახალი აღაარვისთვისაა, თუმცა არიან ისეთი კომპანიებიც, მართალია მცირე და ახალი მაგრამ მაინც, რომლებმაც მსოფლიო პროცესები საკუთარ საფასო პოლიტიკაში არ ასახეს და ისევ ძველი ტარიფებით ოპერირებენ, თუმცა ცხადია ასეთ პატარა კომპანიებს ბაზარზე სერიოზული ზეგავლენის მოდენა არ შეუძლიათ, კონკურენციის თვალსაზრისით. რაც შეეხება სამომავლო პროცესებს, ბოლო 2 კვირაა ეროვნული ვალუტა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უფასურდება დოლართან მიმართებით, ცხადია თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ეს ყველაფერი საწვავის ფასზეც პოვებს ასახვას“, – განმარტავს ბაირახტარი.

 

ავტორი: ბაჩო ჯინჭარაძე

Share