Home » ეკონომიკა » ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის, ექსპორტირებული მოსავლის 99% რუსეთში გაიყიდა
“აგროლეინს” ქართული ჟოლო და მოცვი ექსპორტზე გააქვს

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის, ექსპორტირებული მოსავლის 99% რუსეთში გაიყიდა

იმის მიუხედავად, რომ ლურჯ მოცვზე  ევროკავშირში საქართველოდან შესაძლო ექსპორტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამ პროდუქტმა ევროპის ბაზარზე ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა.

2020 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე 650 ტ ლურჯი მოცვი გავიდა, თუმცა 99%  რუსეთში გაიყიდა.

კომპანია „ეფკოს“ დირექტორის იოანე მორჩილაძეს თქმით, ქართული ლურჯი მოცვი სრულფასოვნად ევროპაში ექსპორტზე არც გასულა.

„თუ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან რაოდენობაზე, ევროკავშირში ექსპორტი არც დაწყებულა – იყო მიწოდების ცაკლეული შემთხვევები, თუმცა, ძალიან ცოტა. ყველა ქართული კომპანია, რომელიც ლურჯ მოცვს აწარმოებს, ძირითადად მუშაობს რუსულ ბაზარზე“ – მისი თქმით, ევროპის ბაზარზე გასვლა ყველა კომპანიის მთავარი მიზანია, რადგანაც, ევროკავშირში ძალიან დიდი მოთხოვნაა ლურჯ მოცვზე. თუმცა, ეს რთული ამოცანაა ევროპულ ბაზარზე მოქმედი რეგულაციების გამო.

„ევროკავშირში პროდუქტის შეტანისთვის საჭიროა სპეციალური სერტიფიკატი, თუმცა, ეს არაა საკმარისი  – ევროპაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. საკმარისია პროდუქტში ერთი ზედმეტი ნივთიერება იყოს  – და მას ევროკავშირში არ შეუშვებენ“  – განაცხადა კომპანია „ეფკო“-ს დირექტორმა.

მისი თქმით, ამ მხრივ რუსული ბაზარი ბევრად უფრო მარტივი, და ამიტომაც მიმზიდველია.

„რუსეთში არაა ძალიან ბევრი რეგულაცია.  თავად პროცესიც გამარტივებულია – რუსი იმპორტიორები საფასურს წინასწარ იხდიან, პროდუქტიც დახლებზე უფრო სწრაფად ხვდება. საბოლოო ჯამში რუსული ბაზარი უფრო მომგებიანია ჩვენთვის“ – მიიჩნევს იოანე მორჩილაძე.

თუმცა, ამის მიუხედავად, კომპანია ევროპულ ამბიციებზე უარს არ ამბობს,  და მომავალი წლიდან ევროკავშირში მოცვის მნიშვნელოვანი რაოდენობის  ექსპორტის დაწყებას მაინც შეეცდება.

gbc.ge

Share