Home » ფინანსები » ქადაგიძემ ლარის გაუფასურების ახალი მიზეზი იპოვა
ქადაგიძემ ლარის გაუფასურების ახალი მიზეზი იპოვა

ქადაგიძემ ლარის გაუფასურების ახალი მიზეზი იპოვა

სებ–ის პრეზიდენტი ლარის კიდევ გაუფასურებას ქვეყანაში დოლარის მარაგების დაგროვებით ხსნის

კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში ასახულია.

“მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდ დოლარიანი სავალუტო შემოდინებები, დანაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია მოხმარების შემცირებაში და შესაბამისად, იმპორტის შემცირებაში. ივლისში იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შემცირებულია დაახლოებით 21 პროცენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით”, – განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ის ძირითადი მიზეზები დაასახელა, რომლებმაც ბოლო კვირეების განმავლობაში ლარის კურსის მერყეობა გამოიწვია.

“ივლისის თვე, ჩვენი ინფორმაციით, იყო საკმაოდ სუსტი გზავნილების თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გავლენას ახდენს, არის უარყოფითი მოლოდინები, რომელიც საზოგადოებაშია. კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ბაზრის მონაწილეებს აქვთ ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც იწვევს დამატებით ზეწოლას კურსზე. მეორე მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე კურსზე ზეწოლა უნდა იყოს ნაკლები, ვინაიდან კომპანიებმა უკვე დაიწყეს უცხოური ვალუტის ნაშთების დაგროვება”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

Share