Home » მსოფლიო » პუტინი დაჰპირდა ყველას “კბილების ჩამტვრევას”, ვინც რუსეთს “უკბენს”

პუტინი დაჰპირდა ყველას “კბილების ჩამტვრევას”, ვინც რუსეთს “უკბენს”

“არამეგობრულად განწყობილები ცდილობენ შეაჩერონ რუსეთის განვითარება, მაგრამ სამხედრო ძალების წყალობით ქვეყანას შეუძლია ყველას მკაცრად უპასუხოს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოველთვის ერთი და იგივე ხდება: “როგორც კი რუსეთი ძლიერდება, დაუყოვნებლივ იძებნება მისი განვითარების შეზღუდვის მიზეზები”.

“ყველას სურს სადმე დაგვკბინოს ან რამე მოგვაჭამოს, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, ვინც ამას აპირებს, ყველას კბილებს დავაცლით ისე, რომ მათ კბენა არ შეეძლოთ. აშკარაა, ამის გარანტიას ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება იძლევა”, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არამეგობრებს “ეშინიათ” მისი “კოლოსალური პოტენციალის”.

”როგორც ჩანს, 146 მილიონი ადამიანი იმდენი არ არის იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ასობით მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ან მილიარდზე მეტიც კი, მაგრამ ეს რაოდენობა მაინც ბევრად ითვლება”, – თქვა პუტინმა.

მან დასძინა, რომ ვიღაცები საჯაროდ ბედავენ იმის თქმას, რომ უსამართლოა ის, რომ მარტო რუსეთი ფლობს ისეთი რეგიონის სიმდიდრეს, როგორიცაა ციმბირი.

”უცნაურია ასეთი რამეების მოსმენა, განსაკუთრებით საჯაროდ, მაგრამ ზოგჯერ ჟღერდება”, – ციტირებს ინტერფაქსი პუტინს.

ამავე დროს, პრეზიდენტის თქმით, რუსეთი “არ მიჰყვება ეკონომიკის მილიტარიზაციის გზას”.

სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) შეფასებით, გასულ წელს რუსეთმა მსოფლიოში მე-4 ადგილი დაიკავა თავდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების მიხედვით და მშპ-ში მათი წილის მიხედვით, რითაც აჯობა 15 ყველაზე დიდ ეკონომიკის მქონე ქვეყანას პლანეტაზე.

გასულ წელს რუსეთის ფედერაციის “სამხედრო მანქანის” დაფინანსებისთვის 61,7 მილიარდი დოლარი გამოეყო. 2019 წელთან შედარებით, სამხედრო ბიუჯეტი 2.5%-ით გაიზარდა, მაგრამ რეალური ხარჯები 6,6% -ით ნაკლები იყო დაგეგმილთან შედარებით.

ნომინალში, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მხოლოდ სამ ქვეყანას ჩამორჩებოდა – შეერთებულ შტატებს (778 მილიარდი დოლარი), ჩინეთს (252 მილიარდი დოლარი) და ინდოეთს (72,9 მილიარდი დოლარი).

მაგრამ თუ თავდაცვის ხარჯებს შევადარებთ ეკონომიკის სიდიდეს, მაშინ რუსეთმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ნატოს რომელიმე ქვეყანამ: მშპ-ს 4.3%.

განვითარებულ სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ისრაელი (მშპ-ს 5,6%) გამოყოფს სამხედრო საჭიროებებზე უფრო მეტ თანხას, რაც კონფლიქტშია ჩაბმული პალესტინასა, მეზობელ სირიასთან და ლიბანთან.

შედარებისთვის: გასულ წელს აშშ-ს სამხედრო ხარჯებმა შეადგინა მშპ-ს 3.7%, ჩინეთი – მშპ-ს 1.7%, ინდოეთი – მშპ-ს 2.9%, დიდი ბრიტანეთი – მშპ-ს 2.2%, გერმანია – მშპ-ის 1.4%, საფრანგეთი – მშპ-ს 2.1% .

თურქეთმა, რომელიც სამხედრო კამპანიებს ატარებდა ლიბიაში, სირიაში და ასევე უჭერდა მხარს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ომში, მთლიანი შიდა პროდუქტის 2.8% დახარჯა თავდაცვაზე.

პაკისტანმა (მშპ-ს 4%) და ერაყმაც (მშპ-ს 4.1%) რუსეთზე ნაკლები დახარჯეს თავდაცვაზე.

გიორგი არაბული

Share