Home » ბიზნესი » პურის შეღებვასთან დაკავშირებით, კომპანიები „ბანკები და ფინანსების“ ბრალდებებს პასუხობენ
პურის შეღებვასთან დაკავშირებით, კომპანიები „ბანკები და ფინანსების“ ბრალდებებს პასუხობენ

პურის შეღებვასთან დაკავშირებით, კომპანიები „ბანკები და ფინანსების“ ბრალდებებს პასუხობენ

„ლიტვური საცხობი“: ჩვენი პროდუქტს მაღალ ხარისხს, საფუძვლიანი ლაბორატორიული ანალიზი ადასტურებს

ბოლო პერიოდში პურის შეღებვასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი. ექსპერტები და აკადემიკოსები საუბრობენ, რომ დღესდღეობით, საქართველოში პურის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. თავის მხრივ, მომხმარებელიც გამოთქვამს პრეტენზიას ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად ხარისხიანი პური იყიდება ქართულ ბაზარზე? საკონდიტრო საწარმოს ,,გურმეს’’ დირექტორის ნინო მამულაშვილის თქმით, დღეს ბაზარზე ხარისხიანი პურის ნაკლებობაა.

მისი განცხადებით, ჭვავის პურის ბაზარზე პროდუქციის 60-70% შეღებილი ფქვილისგანაა დამზადებული. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ხარისხიანი ჭვავის ფქვილი ძვირია. ამიტომ, კომპანიებს არ უღირთ ასეთი ძვირადღირებული ფქვილით პურის წარმოება. გაზეთ ‘’ბანკები და ფინანსების’’ 2017 წლის 13 თებერვლის 494 ნომერში საუბარი იყო შავი პურის შეღებვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყველაზე ხმაურიანი კომპანია „ლიტვურ საცხობთან“ დაკავშირებული ინფორმაცია გახდა „ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელმა არუნას მეშკაუსკასმა განაცხადა, რომ „ლიტვური პური“ არის ნატურალური და აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ ამ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით „ლიტვური საცხობის“ მარკეტინგის მენეჯერს სალომე ბიბილაშვილს ესაუბრა. „ჩვენ საწარმოში სტანდარტები დაცულია და, მეტიც, სურსათის სააგენტო საკმაოდ ხშირად „გვსტუმრობს“ და გვამოწმებს. ჩვენ პროდუქციას ნათაძის სახელობის ჰიგიენის ინსტიტუტის მიერ აქვს 6-7 თვიანი ძირფესვიანი ლაბორატორიული კვლევა-ანალიზი ჩატარებული, რის შედეგადაც, დამოწმდა მისი სიჯანსაღე და მარგებლობა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გვაქვს ლიცენზიები დიეტური და დიაბეტური პროდუქციის წარმოებაზე და ვმუშაობთ მათთან ფეხმძიმეებისთვის რეკომენდირებული პურის ლიცენზიის მოპოვებაზე“, – განაცხადა სალომე ბიბილაშვილმა.

მისივე განცხადებით, „ლიტვურ საცხობში“ დამზადებული ჭვავის პურს მუქი შეფერილობა, განსხვავებული გემო და არომატი შეძენილი აქვს ალაოსგან, რომელიც აუცილებელი ინგრედიენტია სლავური ჭვავის პურის დამზადებისთვის და რომლის გარეშეც, მას არ ექნებოდა ისეთი სპეციფიური გემო, როგორიც ახლა აქვს. როგორც სალომე ბიბილაშვილი განმარტავს, ბაზარზე შეიძლება არსებობდეს ვინმე, ვინც პურს არ აცხობს საჭირო ტექნოლოგიით და მის ინგრედიენტად იყენებს ხელოვნურ დანამატებს, ფერის მიმცემს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ პური ყველაზე უსაფრთხო პროდუქტია, იქედან გამომდინარე, რომ ის ცხვება 240-260 გრადუს ტემპერატურაზე.

კომპანია „ლიტვურ საცხობში“ აცხადებენ, რომ ხორბლის ალაოსა და ჭვავის ფქვილის იმპორტი ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, კომპანია მე 7-ე ადგილზეა (2015-2016 წლებში) ამ პროდუქტების იმპორტიორთა შორის საქართველოს მასშტაბით, ლუდის მწარმოებელი კომპანიების შემდგომ.

მეორე მხრივ საუბარია, რომ პურის კომპანიები ეტიკეტირების წესებს არღვევენ. მომხმარებელი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ აუცილებელია პურს ზედ დააწერონ თუ რომელია შეღებილი პური და რომელი არა, ეს არის ხორბლის ფქვილისგნ თუ ჭვავის პურისგან, რათა ისინი შეცდომაში არ შევიდნენ.

„ჩვენი კომპანია მიესალმება რეგულაციების გამკაცრებას და კონტროლს, იქედან გამომდინარე, რომ სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი საწარმოები უტეხავენ სახელს „ლიტვურ საცხობს“ და ვინაიდან მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში არ არის სწორად ინფორმირებული თუ რომელია ჭვავის პური და რომელი ეგრეთწოდებული „შავი“ პური, ის ყველა მუქი შეფერილობის პურს შეღებილად აღიქვამს და, შესაბამისად, ნეგატიურად განეწყობა კეთილსინდისიერი საწარმოების მიმართ და დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს მათ. აუცილებელია, კიდევ უფრო გამკაცრება რეგულაციების და ბაზრიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი საწარმოების ამოძირკვა’’,- განაცხადა სალომე ბიბილაშვილმა გაზეთ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას.

ლევან ლაგვილავა

Share