Home » საზოგადოება » პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე – პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან განხორციელდება სუბსიდირება

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე – პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან განხორციელდება სუბსიდირება

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან განხორციელდება სუბსიდირება.

„მდგომარეობა ურთულესია, ლარის მდგომარეობა და გლობალურ ბაზრებზე ხორბლის გაძვირება ფოკუსირდება ფასებზე. პურში ფქვილის ღირებულება არის საკმაოდ მაღალი პროცენტით, ძირითადი ნედლეული პურისთვის არის ფქვილი, ამიტომ ეს არის თავის სატკივარი და საფიქრალი.

მინდა, დავაფიქსირო, რომ პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან განხორციელდება სუბსიდირება. რომ არა სუბსიდირება, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

ახლა, მინდა გითხრათ, ვინ ჩაერთვება სუბსიდირებაში. საქართველოში არის 2 500-ზე მეტი პურის მწარმოებელი, მათ შორის არიან ინდმეწარმეები, სააქციო საზოგადოებები, შპს-ები და ა.შ. მწარმოებელი ბევრია, მაგრამ საფუძვლად იყო აღებული ის წარმოებები, რომლებიც ერთ ტონა ფქვილს ხარჯავენ, რადგანაც განოყოფილია 10 მლნ სუბსიდირებაზე, ეს თანხა ტენდერის წესით იმ წისქვილს მიეცემა, რომელიც ფქვილის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ეს ეხება პურს, რომელსაც ვეძახით ქვის პურს, 0.500-გრამიანი თეთრი, ყველაზე მასობრივი ასორტიმენტი, რომელსაც მოიხმარს ჩვენი მომხმარებელი“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მისივე თქმით, პურის მწარმოებლებს არ ეხებათ არც გაზის გაძვირებაც.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა სუბსიდია, პურის მრეწველობა იდგა იმის წინაშე, რომ ფასი უნდა გაზრდილიყო 20 თეთრით დაახლოებით. რაც შეეხება კომერციული გაზის გაძვირების საკითხს, გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ბუნებრივი აირის ფასი გახდება 1.10 თეთრი, თუმცა ეს ფასი არ შეეხება პურის მწარმოებლებს. ოფიციალურად დამირეკა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა, ვინც ჩვენ გვემსახურება და მითხრა, რომ გაზის გაძვირება თქვენ არ შეგეხებათო“, – აცხადებს მალხაზ დილიძე.

Share