Home » საზოგადოება » პურის ღებვის ტრადიცია თუ თანამშრომლის უბრალო შეცდომა
პურის ღებვის ტრადიცია თუ თანამშრომლის უბრალო შეცდომა

პურის ღებვის ტრადიცია თუ თანამშრომლის უბრალო შეცდომა

 

სოციალურ ქსელში ,,ლიტვური საცხობის” შავ-თეთრი პურის ფოტო გავრცელდა

 

 

ქართულ ბაზარზე უამრავი სახეობის შავი პური იყიდება, თუმცა, მათი სიმრავლის მიუხედავად, მომხმარებელს მაინც მუდმივად უჭირს არჩევანის გაკეთება. საუბარი იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ კომპანიის წარმოებული შავი პური რეალურად შეღებილია არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ალბათ, სწორედ აღნიშნულ საკითხზე მუდმვმა მჯელობამ უბიძგა კომპანია ,,ლიტვურ საცხობს», რომ საკუთარ სლოგანად ექცია გამოთქმა – ,,ჩვენ პურს არ ვღებავთ».  ბუნებრივია, ჩნდება კითხვა  ვისზე აქვს ეჭვი ,,ლიტვურ საცხობს», ვინ ღებავს პურს, ბაზარზე არსებული კომპანიებისგან, თუმცა, ეს ცალკე განხილვის საგანია. ამ შემთხევავში კი საუბარია თავად ,,ლიტვურ საცხობზე» და მათივე სლოგანის საპირისპირო ქცევაზე.  სწორედ ასეთი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა ერთ-ერთი მათი მომხმარებელი, მან პურის გახსნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ფერის იყო, ნახევრად შავი და ნახევრად თეთრი, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ პური შეღებილი იყო. მომხმარებელმა პურს მაშინვე ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. აღნიშნულ ფოტოს ბუნებრივია დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და საკმაო გამოხმაურებაც გამოიწვია. აღნიშნული პურის ფოტო თავად «ლიტვური საცხობის» ფეისბუქ გვერდზეც ატვირთეს, რაზეც ადმინისტრაციამ ასეთი პასუხი გასცა:

«თუ კი ეს პური თქვენ შეიძინეთ, გთხოვთ, მოგვიტანოთ, გვაჩვენოთ და ერთად წარვადგინოთ ექსპერტიზაზე თუ რამდენად ჩვენი პროდუქტია. შეგიძლიათ, თავადაც წაიღოთ და ჩაუტაროთ ექსპერტიზა და დარწმუნდეთ, რომ ჩვენი ბრენდის ფალსიფიკაციას აქვს ადგილი. უკვე არა ერთხელ მოხდა მსგავსი ფალსიფიცირებული პროდუქტის ჩვენს პროდუქტად გასაღება. გარწმუნებთ, ჩვენ ვაწარმოებთ, აბსოლუტურად, ჯანსაღი ინგრედიენტებისგან დამზადებულ პურებს».

ეს იყო პირველი განცხადება რაც კომპანიამ გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მათ საკითხის გასარკვევად, «ბიზნესპრესნიუსი» დაუკავშირდა პოზიცია შეიცვალეს და სხვაგვარი განცხადება გააკეთეს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფოტოზე ასახული პური მათი საცხობიდანაა, თუმცა შეღებილი არ არის და ეს უბრალოდ ერთ-ერთი თანამშრომლის შეცდომის შედეგია.

«წარმოების პროცესში, ადამიანური ფაქტორით გამოწვეულმა შემთხვევამ, ე.წ ცომის საჭრელ დანადგარში, თეთრი და რუხი ცომის ერთმანეთთან შერევამ და მზა პროდუქტში ორფეროვანი შიგთავსის წარმოქმნამ, მომხმარებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც თეთრ, ისე შავ პურს. ბოლო პერიოდში კომპანიაში მოხდა გადაიარაღება და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სწრაფ ტემპში ხდება პურის ცხობა და მიწოდება მაღაზიებისთვის, მოხდა შემთხვევა, როცა თეთრი ცომის გუნდა რუხ ცომს შეერია. წარმოების პროცესში ადამიანური რესურსია ჩართული და სამწუხაროდ, უშეცდომო არავინაა. ბრალდება კი პურის შეღებვასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა», -აცხადებს  «ლიტვური საცხობის მარკეტინგის მენეჯერი» სალომე ბიბილაშვილი.

თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ შეცდომის მიუხედავად, კომპანია არცერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ აპირებს.

«კომპანია ითვალისწინებს საქართველოში არსებულ სოციალურ მდგომარეობას და მომხდარი ფაქტის გამო სამსახურიდან არავის არ ათავისუფლებს. მოგეხსენებათ, «ლიტვური საცხობის» დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 300 ადამიანს აჭარბებს. ჩვენი პროდუქციის ხარისხთან ერთად, ჩვენ კონცენტრირებული ვართ კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე, ასევე მზად ვართ ნებისმიერ კვლევაში მივიღოთ მონაწილეობა და დავუმტკიცოთ ნებისმიერ მომხმარებელს და დაინტერესებულ მხარეს, რომ ლიტვური პური აბსოლუტურად ჯანმრთელი პროდუქტია», -აღინიშნავენ კომპანიაში.

ესააა კომპანიის პოზიცია, თუმცა ამის მიუხედავად, ბუნებრივია, უამრავი კითხვის ნიშანი რჩება. მით უფრო, როდესაც საუბარი შავ პურზე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში დიაბეტის ან სხვა რაიმე  პრობლემის მქონე ადამიანები ყიდულობენ და მათთვის შეღებილი პური არამარტო მოტყუებაა, არამედ ჯანმრთელობის სერიოზული  დამაზიანებელიც. ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და დაუშვებელია, რომ საქართველოში რომელიმე კომპანია შავი პურის ნაცვლად, შეღებილ თეთრ პურს ყიდდეს.

Share