Home » ბიზნესი » PSP თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტისთვის მზადაა

PSP თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტისთვის მზადაა

მთავრობის ინიციატივას თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიები ეხმაურებიან. როგორც PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ხაბეიშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, კომპანია ცვლილებისთვის მზადაა და 2-3 თვე ის ვადაა, რა პერიოდიც, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ცვლილების პრაქტიკაში ასახვას დასჭირდება, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

,,კანონში ცვლილება სულ ახლახან შევიდა. ცხადია, მუშაობა დაწყებულია და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის წამლები, რომელიც თურქეთის ბაზარზე უფრო იაფია და შესაბამისად, ადგილობრივ ქსელებშიც დაბალ ფასად ჩაეშვება. ჯერ საწყისი ეტაპია, დანარჩენი, როგორ განვითარდება პროცესი, რეგულაციებზეა დამოკიდებული, რომელიც ჯერჯერობით უცნობია.

მთავარია, რომ მუშაობა დაწყებულია. ცხადია, რეგულაციას თავისი ტექნიკური საკითხები ახლავს და დაველოდებით, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება კანონმდებლობა თურქულ ბაზართან დაკავშირებით. მედიკამენტების მიმოქცევა მკაცრად რეგულირებადი პროცესია, რომელიც ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული, მათ შორის, მნიშვნელოვანია რეგისტრაცია.

ტექნიკური საკითხები განაპირობებს, როდის აისახება ეს ყველაფერი უკვე რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ მზად ვართ თურქული წამლების იმპორტისთვის პირველი დღიდან, როგორც კი დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ტექნიკურად რამდენიმე ეტაპია გასავლელი, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. მომწოდებლებთან ურთიერთობა შეიძლება დაწყებულია, მაგრამ რეგისტრაციის თემა უკვე ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს მიღმაა. ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, სავარაუდოდ, 2-3 თვე დასჭირდება, რომ ცვლილება ბაზარზე აისახოს“, – ამბობს ,,კომერსანტთან“ ნათია ხაბეიშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის PSP ძირითადად ევროპულ ბაზარზეა ორიენტირებული, თუმცა თუ  რა წილს დაიჭერს თურქული წამლები, მას შემდეგ გამოჩნდება, როცა კანონმდებლობა საბოლოო სახეს მიიღებს და დეტალებში სრულად გაერკვევიან.

შეგახსენებთ, რომ  17 იანვარს მთავრობის  სხდომაზე მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თურქეთიდან საქართველოში იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები შემოვა.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნა მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე შეუმცირებს ხარჯს.

ჯანდაცვის მინისტრმა აქვე დააკონკრეტა, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნა სრულად და არა კონკრეტული მედიკამენტებისთვის.

commersant.ge

Share