Home » ეკონომიკა » “პროცესების რადიკალიზაცია არის ლეგიტიმური სივრციდან გასვლის სახიფათო ქიმერა, რამაც ეკონომიკაზე მხოლოდ უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს“
"პროცესების რადიკალიზაცია არის ლეგიტიმური სივრციდან გასვლის სახიფათო ქიმერა, რამაც ეკონომიკაზე მხოლოდ უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს“

“პროცესების რადიკალიზაცია არის ლეგიტიმური სივრციდან გასვლის სახიფათო ქიმერა, რამაც ეკონომიკაზე მხოლოდ უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს“

ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე, მათ ზეგავლენაზე ეკონომიკაზე, გთავაზობთ „ბანკები და ფინანსების“ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან,რომელიც მიიჩნევს, რომ პროტესტით ვერც ევროპას და ვერც ამერიკას ვერ გავაკვირვებთ, იგი თანამედროვე დემოკრატიული სივრცის ნაწილია, მაგრამ პროცესების რადიკალიზაცია არის ლეგიტიმური სირციდან გასვლის სახიფათო ქიმერა, რამაც ეკონომიკაზე მხოლოდ უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს.

გიორგი ცუცქირიძე: პროტესტით ან გაფიცვებით ვერც ევროპას და ვერც ამერიკას ვერ გავაკვირვებთ, იგი თანამედროვე დემოკრატიული სივრცის შემადგენელი ნაწილია. ზოგადად ანტისამთავრობო გამოსვლები, ადრეც ყოფილა და მომავალშიც იქნება, ყველას მოსაწონი ხელისუფლება, ბუნებრივია, ვერ იქნება, მაგრამ ამავროულად პროცესების რადიკალიზაცია ნაკლებად არის დამახასიათებელი დასავლური დემოკრატიისათვის, რადგან არის ლეგიტიმური სირციდან გასვლის სახიფათო ქიმერა, რამაც პოლიტიკური რისკის ზრდის გამო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე და პირველ რიგში ეკონომიკაზე მხოლოდ უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს. პოლიტიკური რისკი, ეკონომიკაზე ნაკლებად ზემოქმედებს ავტარკიულ ანუ შედარებით ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში და იზრდება ქვეყნის საერთაშორისო სისტემაში ინტეგრირების ზრდის პარალელურად, განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნებისათვის, სადაც საფინანსო სექტორის და კომპანიების ნაწილის ფონდირების წყაროები საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული რესურსებით იკვებება ანუ ძირითადად გარედან შემოსულ ინვესტიციებზეა დამოკიდებული. მაგალითისათვის, 2017 წლის ბოლოსათვის საბანკო სექტორის დავალიანება 3,7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა,ხოლო არასაბანკო სექტორის კიდევ უფრო მეტს – 5.3 მლრდ აშშ დოლარს ანუ ჯამში დაახლოებით 9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც თავის მხრივ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60 %-ია.

ჩვენ ვხედავთ თურქეთში სამთავრობო გადაწყვეტილებები და პოლიტიკური დაძაბულობა, როგორ ზემოქმედებს პერიოდულად თურქული ლირას რყევებზე.  ნიშანდობლივია, რომ ინვესტორების ქცევა არა თუ კრიზისულ სიტუაციებში, არამედ წინასაარჩევნო პერიოდებშიც კი გაურკვევლობის მოლოდინის გამო, ისედაც სიფრთხილით გამოირჩევა. მით უმეტეს დღეს ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ღია ეკონომიკა, სადაც ინტეგრაცია გარე ბაზრებთან მაღალია.

მიუხედავად ჩვენი არც თუ პოზიტიური გამოცდილებისა, ქვეყანაში უახლოეს წარსულში სამოქალაქო ომის, რევოლუციის, გადატრიალების   პრეცედენტების არსებობა, პოზიტიურ მდგენელსაც შეიცავს, ქმნის რა წინაპირობებს სამომავლოდ ლეგიტიმაციის ტენდენციების გასათვლელად და გასათვალიწინებლად. ამის პოზიტიური გამოცდილება ჩვენ  ნამდვილად გვაქვს, ჩვენი ისტორიული მეხსიერება მოიცავს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის და ბიზნესის ნებელობაზე ძალადობის მაღალ მაჩვენებელსაც, რაც ჩვენ ვნახეთ თუნდაც 2007-2012 წლებში და მისი ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე  არც თუ მცირე იყო. დღეს მოგეხსენებათ, არც სამოქალაქო საზოგადოებაზე და არც ბიზნესზე არანაირი წნეხი არ ხორციელდება.

მმართველი ელიტის ლეგიტიმურობა გულისხმობს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ სამთავრობო განკარგულებებისა და დეკრეტების შესრულებაზე მზადყოფნას და სამართალმორჩილების იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. საპირისპირო ტენდენციების არსებობა,  მუდმივი საპროტესტო აქციები და ულტიმატუმები, ლეგიტიმური სივრციდან გასვლის მცდელობები, მხოლოდ აძლიერებს პოლიტიკური და ფინანსური არასტაბილურობის ტენდენციებს. ამიტომაც მიჩნეულია, რომ პროცესების რადიკალიზაცია არის ლეგიტიმური სირციდან გასვლის სახიგათო ქიმერა, რამაც ეკონომიკაზე მხოლოდ უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს. ზოგადად  ნებისმიერი რევოლუციური სცენარი, როგორც მაკრო რისკი, ყველაზე მაღალი ანუ ექსტრალეგალური რისკების კატეგორიაში გადის, რომლის ზეგავლენაც ეკონომიკაზე ატარებს ნეგატიური ზემოქმედების ეფექტს, მისი შენელების და ვარდნის პროვოცირებით.

აქედან გამომდინარე, არა მგონია დღეს შექმნილი სიტუაცია გამოსავალს არ ტოვებდეს. როგორც აღვნიშნე, ახლა მთავარია, თუ როგორ მოხდება წარსულის გამოცდილებით არსებული ნეგატივის ტრანსფორმაცია სამომავლო პოზიტივად,  მით უმეტეს  საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სწორი ანტიკრიზისული მენეჯმენტის პირობებში, ქვეყანა არა თუ  წაგებული, არამედ უფრო გაძლიერებულიც კი შეიძლება გამოვიდეს.

მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორედ ეს ფორმულა უნდა იქცეს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ქცევების განმსაზღვრელ ვექტორად.

-პოლიტიკური არასტაბილურობა და დესტაბილიზაცია, გაზრდის თუ არა რისკებს და  რამდენად იმოქმედებს ინვესტიციებზე და ზოგადად ეკონომიკაზე ნეგატიურად?

სახელისუფლებო ცვლილებები, რომლებიც  ეფუძნება რევოლუციურ სცენარებს მთავრობის გადაყენებით ან ვადამდელი არჩევნების გზით, არის არასასურველი და ნეგატიური სწორედ პოლიტიკური რისკების თვალსაზრისით, რადგან ინვესტორებისათვის, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს განათავსონ თუ არა ინვესტიცია ამა თუ იმ ქვეყანაში, დამოკიდებულია პოლიტიკური სტაბილურობის პერსპექტივაზე, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური არასტაბილურობის დაშვება, რომელმაც ინვესტორი შეიძლება უკიდურესად წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენოს. აქ პოლიტიკური რისკის ქვეშ იგულისხმება “იმ გარემოს გაურკვევლობა, რითაც მოქმედებენ არასაბაზრო ძალები”.

ცნობილია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იღებს გრძელვადიან ხასიათს, ქვეყნის საინვესტიციო და საკრედიტო რეიტინგის დაბლა წევენ. ჩვენ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ თუკი რამე ფინანსური რესურსის მოზიდვა დასჭირდება ქვეყანას, ქართულ ბანკებს ან სხვა კომერციულ სტრუქტურებს, ეს რესურსი კიდევ უფრო გაძვირდება ისედაც მაღალი საკრედიტო განაკვეთების ფონზე. თავის მხრივ გაძვირებული კრედიტი, ისედაც მაღალი ჭარბვალიანობის რისკის პირობებში,ისევ ეკონომიკას და პიველ რიგში მოსახლეობას დააწვება მძიმედ და მის მსყიდველობითუნარიანობაზე აისახება ნეგატიურად. ისე არ ვიფიქროთ, რომ  ინვესტორებისათვის სარეიტინგო სააგენტოების მონაცემებია გადაწყვეტილების მიღების უმთავრესი ინდიკატორი. ბუნებრივია, ინვესტორები გადაწყვეტილების მიღებამდე თვალყურს ადევნებენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისები და არასტაბილური გარემო მათ უბიძგებს დროებით გადადონ ან შეაჩერონ კაპიტალდაბანდებები გაურკვეველი მოლოდინების ზრდის გამო.

თავის მხრივ, დროში გაწელილი ან პერმანენტული კრიზისები აუცილებლად გამოიწვევს ინვესტიციების გადინებას ქვეყნიდან, რასაც ჩვენ თუნდაც რუსეთის მაგალითზე ვხედავთ, საწარმოებისა თუ მომსახურების სფეროს თანდათან შემცირებას, საბანკო კრედიტზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, ხოლო ხანგრძლივი კრიზისებისას, ეკონომიკის ვარდნას, საწარმოთა ნაწილის გაჩერებას და უმუშევრობის ზრდას.

საქართველოში დღეს არსებული საკრედიტო რისკის დონე მნიშვნელოვანწილად აქტუალობას ანიჭებს საკრედიტო რეიტინგების წარმოჩენას, ვინაიდან თანამედროვე ეტაპზე მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან ორიენტირებულია არა იმდენად ქვეყანაში კონკრეტული საქონლის წარმოებისუნარიანობაზე, რამდენადაც ქვეყნის და ამა თუ იმ კომპანიის, საფინანსო დაწესებულების საკრედიტო კულტურის ზოგად დონეზე.

შესაბამისად, მათთვის, ვინც დღეს საქართველოს ბაზარზე გადაწყვეტს საქმიანობას, საქონელწარმოების უნარიანობა, თუ დაბანდებული კაპიტალის მომგებიანობა, ასოცირდება არა იმდენად კონკრეტულ კომპანიასთან, არამედ იმ ეკონომიკურ ნიშასთან, რომლის თაობაზეც ყოველი სერიოზული ინვესტორი იღებს საკუთარ გადაწყვეტილებას უახლოესი 15-20 წლის პერიოდისათვის, იქნება ეს საბანკო სექტორი, პორტები, ენერგეტიკა, სამშენებლო სექტორი, ტურისტული ინფრასტრუქტურა თუ სხვა. კომპანიის შერჩევა მოცემულ ნიშაში პოზიციების გასამაგრებლად – არის საკითხი, რომელზედაც პასუხი  სწორედ საკრედიტო რეიტინგის საფუძველზე გაიცემა, ვინაიდან ის საინვესტიციო კულტურის ერთგვარი ბარომეტრია და ესოდენ ფასობს ინვესტორებს შორის.  დიდწილად ამიტომ არის, რომ ინვესტიციების მოცულობა ვერ ავიდა დღემდე თუნდაც მშპ-ის 15-20 % მდე, ხოლო შედარებით მაღალ ნიშნულზე შარშანდელი მაჩვენებელია-12 %, როდესაც ინვესტიციების მოცულობა ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. არც ისაა შემთხვევითი, რომ 2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“ 15 წელია გასული.

არ შემიძლია მიმდინარე აქციებსაც არ შევეხო.  ბუნებრივია, რომ მიტინგზე მისული ადამიანების და განსაკუთრებით ახალგაზრდობის ნაწილი გულწრფელია და აპროტესტებს მათი შეფასებით დამდგარი უსამართლობის განცდას, მაგრამ ამ მიტინგების ღია პოლიტიკური, და რაც მთავარია რადიკალური  ელფერი უკვე თვალსაჩინოა. ნაწილბრივ იგივე შეიძლება ითქვას დაწყებული გაფიცვების ახალ ტალღაზეც, პირდაპირი მოწოდებები მთავრობის გადადგომისაკენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისაკენ, მით უმეტეს ვადების მიცემა და ულტიმატუმები სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას ემსახურება.

მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, საზოგადოებასთან მაქსიმალური გახსნილობით და დიალოგით, დროულად განმუხტოს კრიზისული სიტუაცია, რათა იგი ხანგრძლივ დესტაბილიზაციაში არ გადაიზარდოს, როდესაც უკვე რადიკალური გადაწყვეტილების მიღება გახდება აუცილებელი. ამის დასტურია თუნდაც ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში,როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, რამდენიმე წლის წინ ვაშინგტონში გამოსვლები, როდესაც პოლიციას შავკანიანი ახალგაზრდა შემოაკვდა, მაგრამ როცა პროტესტი აშკარად გასცდა სამართლებრივ და  კონსტიტუციურ ჩარჩოს და დესტაბილიზაციაში გადაიზარდა, მისი დასტაბილურება ძალოვანი უწყებების მიერ, საკმაოდ მკაცრი ფორმებით განხორციელდა.

ამით იმის თქმა მსურს, რომ სახელმწოფოს ვალდებულებები აქვს მისი ყველა მოქალაქის მიმართ და არა მხოლოდ ცალკეული ჯგუფებისადმი. არა მგონია დღევანდელ ხელისუფლებას ეს არ ესმოდეს. მიმაჩნია, რომ ის ნაბიჯები რომლებიც გადაიდგა და იდგმება, სწორედ შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად და სიტუაციის სტაბილიზაციისაკენ არის მიმართული.

-რამდენად აისახება მიმდინარე პროცესები ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე და ეკონომიკის ზრდის შენელებაზე?

მოგეხსენებათ, გასულიწლის ბოლოს ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა, ცნობისათვის აქვე განვმარტავ, რომ Ba შეფასებისას მაღალია საკრედიტო რისკი. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა ანუ მთელი 7 წლის წინ. მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ერთი საფეხურით გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. აღნიშნული ადასტურებს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივას.

ჩვენ გვაქვს კარგი შანსი უხლოეს მომავალში გადავიდეთ არა თუ Ba1 ჯგუფში, რომელიც აქვს მინიჭებული თურქეთს და უფრო ნაკლები საკრედიტო რისკის მატარებელია, არამედ სულაც Baa -ში, რომელიც საშუალო ქულაა, ხოლო ამ ჯგუფის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია გაცილებით ნაკლები საკრედიტო რისკი და საინვესტიციო ანუ დაბალრისკიან ჯგუფს უახლოვდება. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სარეიტინგო სააგენტო კვლავ ელის ეკონომიკისა და შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერებას და დადებითად აფასებს ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ მიმართულ მიმდინარე ღონისძიებებს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. სააგენტოს განცხადებით, ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან დაახლოება, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

ამასთან, Moody’s-ის განცხადებით ახალი, დამაჯერებელი რეფორმები მომავალში დადებითად აისახება საქართველოს საკრედიტო მდგომარეობაზე. სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ფისკალური რეფორმების ეფექტურობა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დანაზოგების გენერირებას.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული რეფორმები, რომლებიც საბანკო სექტორში ხორციელდება და დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენაა მიმართული. საპენსიო რეფორმა, ფისკალური რეფორმები და ახალი საბანკო რეგულაციები განხილულია, როგორც საკრედიტო რისკების შემცირების პერსპექტიული გაუმჯობესების წყარო. შესაბამისად, რეიტინგის გაუმჯობესება შესაძლებელია შიდა დანაზოგების ზრდით, საგარეო მოწყვლადობის შემცირებითა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ეკონომიკური რეფორმებით. რეიტინგის გაუმჯობესება ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების და პირველ რიგში კომერციული ბანკების წვდომას საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე. ბოლო წლებში საბანკო საკრედიტო პორთფელის და  შესაბამისად, აქტივების  და საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას დიდწილად საგარეო ბაზრებიდან რესურსების გაზრდილი მოცულობა განაპირობებდა.

შემთხვევითი არ არის, რომ 2018 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,5%, ხოლო 2018 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,5% შეადგინა. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზრდება და 2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 0,2 პროცენტით გაუსწრებს. ნიშანდობლივია, რომ მოხსენების თანახმად 2018 წელს მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება 3,5 პროცენტამდე, 2017 წლის 6 პროცენტიან დონესთან შედარებით, რისი მიზეზიც, მიმოხილვის ავტორების თქმით, სააქციზო პროდუქციაზე ფასების ზრდის ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვას უკავშირდება. მოხსენების მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს, 8,5 პროცენტამდე შემცირდება, ექსპორტითა და ტურიზმით მიღებული შემოსავლების ხარჯზე. 2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 28.4%-ით არის გაზრდილი, რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე,

აღსანიშნავია, რომ პროგნოზების რისკს წარმოადგენს მოსალოდნელზე უფრო სუსტი საექსპორტო მაჩვენებელი, თუ საქართველოს წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში განვითარებული ეკონომიკური მოვლენები უარყოფითი მოლოდინებით იქნება განპირობებული და პირიქით, საგარეო ბაზრებზე მზარდმა მოთხოვნამ შესაძლოა, უზრუნველყოს საქართველოში ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება.  პოლიტიკური რისკების ზეგავლენა ეკონომიკაზე სწორედ ამ კუთხით არის ნიშადობლივი. რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიტიური საგარეო და საშიანო ტენდენციებისას, არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპების კიდევ უფრო დაჩქარებას გამოიწვევს, ხოლო უარყოფითი მოლოდინების გაზრდა შეამცირებს ეკონომიკურ აქტოვობას, პირველ რიგში ტურისტულ ნაკადებს და უარყოფითად იმოქმედებს ინვესტორთა ქცევაზე, როგორც საინვესტიციო ნაკადების შემოდინების შემცირების, ასევე გადინების გაზრდის თვალსაზრისითაც ანუ შეანელებს ეკონომიკის ზრდას და გაზრდის უმუშევრობას.

მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მშპ-ის  შეფასება რისკ–ფაქტორების კუთხით ანუ როგორია ეკონომიკის დივერსიფიკაცია მშპ-ში მისი სექტორალური მაჩვენებლების ხვედრითი წილის მიხედვით და რამდენად იმეორებს მას ბანკების საკრედიტო პორთფელის სტრუქტურა. შედარებისათვის, 2018 წლის დასაწყისში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,8 პროცენტი) და მრეწველობა (16,8 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს, მშენებლობა (9,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,5 პროცენტი).

2018 წლის მდგომარეობით, საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელი, განსხვავებით 2012 წლისაგან პრაქტიკულად იმეორებს მშპ-ის სტრუქტურას და გაცილებით დივერსიფიცირებულად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე თუნდაც 2012 წელს იყო. თვალსაჩინოებისათვის, 2012 წელს ბანკების საკრედიტო პორთფელში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მიხედვით, ვაჭრობაზე-49 %, მრეწველობაზე-21 %, მშენებლობაზე-10 %, სამაგიეროდ ტრანსპორტზე და კავშირგაბმულობაზე და ოპერაციები უძრავი ქონებით და კომერციულ საქმიანობაზე -3 %, ხოლო სოფლის მეურნეობაზე, მეტყევეობაზე და თევზჭერაზე, ასევე განათლებაზე, სასტუმროებზე და რესტორნებზე და ფინანსურ შუამავლობაზე მხოლოდ 1 % მოდიოდა.

ამ სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ 3 დარგზე მშპ-ის 81 % მოდიოდა. შედარებისათვის, 2018 წლის პირველი კვარტლის მიხედვით: ვაჭრობაზე მოდის-22 %, მრეწველობაზე-27 %,მშენებლობაზე-11 %,ოპერაციები უძრავი ქონებით, კომერციული საქმიანობა-10 %, სასტუმროებზე და რესტორნებზე-8 %, ფინანსური შუამავლობა-5 %, სოფლის მეურნეობაზე და თევზჭერაზე-4.5 %, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება-3%. შესაბამისად, მშპ-ის 83 % უკვე 6 წამყვან დარგზე მოდის.

ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რისკების შემცირების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და იგი დიდწილად ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შედეგია, მათ შორის ისეთი სამთავრობო პროგრამებისა, როგორებიც არის -აწარმოე საქართველოში,იაფი აგროკრედიტის პროგრამა, დანერგე მომავალი და ა.შ. აღნიშნულ პროგრამებს რომლებიც პრაქტიკულად 2016 წელს დაიწყო და რომელშიც აქტიურად არის ჩართული საბანკო სექტორი, უბრალოდ სჭირდებოდა დრო, შედეგის დასადგომად და ჩვენ ვხედავთ ამ პროგრამების პირველ რეალურ შედეგებს,რაც მომავალში, პოზიტიური ტრენდის შენარჩუნების შემთხვვაში, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

Share