Home » საზოგადოება » პრეზენტაცია ,,ბათუმი ცენტრალში“ – ახალი მატარებელი სრულად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე
პრეზენტაცია ,,ბათუმი ცენტრალში“ – ახალი მატარებელი სრულად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე

პრეზენტაცია ,,ბათუმი ცენტრალში“ – ახალი მატარებელი სრულად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე

  22 ივლისს, ,,ბათუმი ცენტრალში“ შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში საზეიმოდ შემოვიდა. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორსართულიანი მატარებლის ინტერიერი. პრეზენტაციას დაესწრნენ და სს „საქართველოს რკინიგზის“ მორიგი წარმატებული პროექტის შესახებ ისაუბრეს ოფიციალურმა პირებმა. მათ შორის იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, კომპანია Stadler Altenrhein AG-ის გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკუს საუერბრახი, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები.

ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი ს/ს ,,საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია Stadler Bussnang AG-გან შეიძინა. აღნიშნული ელექტრომატერებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიმავალ მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურებიან. ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. მათი ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს.

ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მატარებლები სრულად იქნებიან მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით გაჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. მატარებლით მგზავრობის საფასური შავი ზღვის კურორტების მიმართულებით დარჩება იგივე.

 

Share