Home » ბიზნესი » “პრემიერი ფარმაცევტული დარგის გაგებაში არაა” – კახა ოქრიაშვილი

“პრემიერი ფარმაცევტული დარგის გაგებაში არაა” – კახა ოქრიაშვილი

“პრემიერი ფარმაცევტული დარგის გაგებაში არ არის“ – ასე აფასებს ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის, PSP-ჯგუფის დამფუძნებელი, ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დარგში დაანონსებულ რეგულაციებს, რომლებზეც ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ წლის ბოლომდე შესაბამისი კანონპროექტი იქნება მზად.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე სრული ქაოსია და უკონტროლო მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. აღსანიშნია ისიც, რომ მედიკამენტების გაიაფების ერთ-ერთ გზად ის სამედიცინო ჰოლდინგების დაშლას ხედავს. “არსებობენ კომპანიები, რომელთაც აქვს საწარმო, აწარმოებენ მედიკამენტებს, ხარისხზე არ ვილაპარაკოთ ერთი მხრივ ამ ეტაპზე, ამას ლაბორატორიული დასკვნები სჭირდება და მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური. კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი და ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში, ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს” – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

რამდენად რეალურია ჰოლდინგების დაშლის შედეგად მედიკამენტების გაიაფების შესაძლებლობა და ზოგადად, როგორ შეიძლება შეფასდეს ფარმაინდუსტრიაში დაანონსებული თამაშის ახალი წესები, რაზეც ჯერ თავად ბაზრის მონაწილეებმა ბევრი არაფერი იციან, თუ არ ჩავთვლით პრემიერის და ჯანდაცვის სამინისტროს პირველი პირების განცხადებებს –  BM.GE-მ დაანონსებულ რეგულაციებზე კახა ოქრიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

– პრემიერ-მინისტრი როგორ ხედავს წამლების გაიაფების გზას, ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მედიკამენტებზე ფასების შემცირება ანუ რა ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს რეგულაციები, რომ ბიზნესი დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს და შესაბამისად, ეს არ აისახოს მოქალაქეებზე…

– პირველ რიგში, საჭიროა, იმ მედიკამენტების ფასების რეგულირება, რომლებიც რეცეპტით იყიდება; ასევე ელექტრონული რეცეპტის სისტემის შემოღება და გენერიკების გამოწერის ვალდებულება და მესამე – კარგი სადაზღვევო პაკეტები, რაც მოქალაქეებს მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯს შეუმცირებს. მთელ მსოფლიოში რეცეპტით გამოსაწერ მედიკამენტებზე ფასების რეგულირება მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ეს რეგულაციები შემოიღონ. პირადად, მე ვითხოვ ამას ძალიან დიდი ხანია, თუმცა ვგულისხმობ რეგულაციას არა ზღვრულ დარიცხვაზე, არამედ ფიქსირებულ ფასზე, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოცხადდება. კი ბატონო, ასე გაკეთდეს… ამას დიდი ხანია ვითხოვთ. ხარისხიანი მედიკამენტები ევროპაში გაცილებით ძვირია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ადამიანები ამას იქ ვერ გრძნობენ, რადგან არსებობს დაზღვევა, რომელიც ფარავს მედიკამენტების ხარჯებს.

– ანუ თქვენი აზრით, ელექტრონული რეცეპტების სისტემის ამოქმედება და გენერიკების გამოწერის ვალდებულება, ასევე კარგი სადაზღვევო პაკეტები არის ის რეალური გზა, რომელმაც შეიძლება მედიკამენტებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები შეამციროს?

– იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს ხარისხიანი მედიკამენტი და შეძლოს მისი ფასის გადახდა, დიახ, საჭიროა კარგი სადაზღვევო პაკეტები, ისე როგორც ევროპაშია. ეს არის გზა, რითაც ევროპაში მედიკამენტი ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის. ამას ვამბობდი 2012 წლამდეც, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა „ქართული ოცნება“ – დაარეგულირეთ ფასები და ყველაფერს დარგს ნუ აბრალებთ. „ნო შპა“, რომელიც ღირს, მაგალითად, 3 დოლარი და ისევ დარჩება ეს ფასი და ან გახდება 3.5 დოლარი, ამას ვერ დაგვაბრალებენ, რადგან მათი რეგულირების ქვეშ იქნება „ნოშპა“ და ვერ იტყვიან, რომ ჩვენ გავზარდეთ ფასი, მაგრამ რეგულირება იმიტომაც არ შემოიღეს, რომ კერძო სექტორისკენ ხელს ვეღარ გამოიშვერდნენ.

ასევე, როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, გამოსავალი არის ელექტრონულ რეცეპტებში. ექიმი გამოწერს ელექტრონულ რეცეპტს, მაგრამ დანიშნულებაში ვერ დაწერს „ნო შპას“, უნდა დაწეროს მისი გენერიკული დასახელება – „დროტავერინი“, რეცეპტი ავტომატურად აისახება აფთიაქებში. ფარმაცევტი კი პაციენტს შესთავაზებს, რომ აქვს „დროტავერინი“ 5 სახის, ხოლო ადამიანი აირჩევს იმას, რომელიც თავად სურს – ფასის, ან მწარმოებლის მიხედვით. ასევე მედიკამენტები უნდა გამოიწეროს გაიდლაინით, ექიმმა უნდა დანიშნოს ის, რაც გაიდლაინით არის დამტკიცებული. ვფიქრობ, ეს ორი რამ აუცილებლად გამორიცხავს ნებისმიერ გარიგებას და ნებისმიერ უკანონო ქმედებას.

– პრემიერი ამბობს, რომ ფარმაცევტული კომპანიები 400%-იან მოგებაზე მუშაობენ…

– ფარმაცევტული დარგის გაგებაში არ არის პრემიერი. ფარმაცევტული კომპანიები ფინანსურ მონაცემებს აქვეყნებენ წელიწადში ერთხელ, ის არის საჯარო და მოგების მაჩვენებელი არის 10%-მდე. ჩემი აზრით, 15%-იც ლეგიტიმურია, თუმცა ეს არავის აქვს. ჩემი კომპანიის მოგება 6%-მდეა და ეს აბსოლუტურად მისაღები მაჩვენებელია, უფრო მეტიც უნდა იყოს, რათა დარგი განვითარდეს. ამდენად, ფაქტია. ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, გადააბრალოს კერძო სექტორს პრობლემები, რომლებიც თავად ვერ მოაგვარა 10 წლის მანძილზე.

– კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთავრობა აპელირებს და კონკურენციის სააგენტოს დასკვნაშიც ვრცლად წერია, სამედიცინო ჰოლდინგების თემაა. პრემიერი და მისი გუნდი ფიქრობს, რომ ჰოლდინგების ფლობით ბაზარზე არაკონკურენტული გარემო იქმნება. გარდა ამისა, ექიმები და ფარმაცევტები კომპანიებთან ფინანსურ გარიგებებში არიან ჩართული…

– კი, მესმის, რომ მუდმივი საუბარია იმაზე, რატომ აქვთ ფარმაცევტულ კომპანიებს ჰოლდინგებიო. მე ვპასუხობ – ბანკებს რატომ აქვთ ყველაფერი? ბანკები ფლობენ ყველაფერს – სადაზღვევო კომპანიებს, კლინიკებს და ა.შ. რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების და ექიმების ურთიერთობას, რატომ ჰგონია ვინმეს, რომ მე უნდა მქონდეს ქარხანა და საავადმყოფო, რათა ექიმსა და ფარმაცევტულ კომპანიას გარიგება ჰქონდეთ? საქართველოში ადგილობრივ წარმოებას ბაზრის 8% უჭირავს და 92% არის იმპორტირებული; ბაზარზე ამ მაჩვენებელს ინაწილებს, დაახლოებით, 500 უცხოური ფარმაცევტული კომპანია. ისინი ექიმთან გარიგებაში ვერ შევლენ? უნდა გადავდოთ გვერდზე ლაპარაკი, რომ თუ რომელიმე კომპანიას საავადმყოფოც აქვს და ფარმაცევტული კომპანიაც, გარიგებაში შევლენ ერთმანეთთან.

– რაც შეეხება მედიკამენტების ადგილობრივ წარმოებას, რა პოტენციალია ამ მხრივ?

– ადგილობრივი წარმოება ხელშეწყობას საჭიროებს და სრულიად შესაძლებელია, რომ ის ის ბაზრის 50%-ს იკავებდეს, ნაცვლად 8%-ისა. სხვა ქვეყნებში ადგილობრივ წარმოებას გაცილებით მეტად უწყობენ ხელს, ვიდრე ჩვენთან.

– და ბოლოს, ისევ ფარმაინდუსტრიაში დაანონსებულ ახალ რეგულაციებს დავუბრუნდეთ. რა ეჭვებს გიჩენთ ასეთი მკაცრი განცხადებები და უმოკლეს ვადებში დაგეგმილი ცვლილებები?

– თუ ახალი კანპონპროექტი უნდა შემუშავდეს, დარგის წარმომადგენლებმა მასში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ. დაწერონ კანონპროექტი, მე წავიკითხავ, თუმცა ძალიან ბევრს ვიმოქმედებ. თურმე კახა ოქრიაშვილისთვის უნდათ კანონის დაწერა. იმის გამო, რომ მე ოპოზიციონერი ვარ, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემ.

 

წყარო: BM.GE

Share