Home » ბიზნესი » „პოსტ პანდემიურ პერიოდში შევდივართ, უნდა მოხდეს იმ საკანონმდებლო რეგულაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის“

„პოსტ პანდემიურ პერიოდში შევდივართ, უნდა მოხდეს იმ საკანონმდებლო რეგულაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის“

 „კარგი იქნება თუ მოხდება იმ საკანონმდებლო რეგულაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის ან აფერხებს“, –  ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განუცხადა. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი განმარტავს, რომ რეგულაციები, რომლებიც ბიზნესის საქმიანობას აფერხებს უნდა გადავადდეს ან საერთოდ გაუქმდეს.

„ძალიან კარგი იქნება თუ  დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გარკვეული რევიზია მოხდება. იმის გათვალისწინებით, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში შევდივართ, კარგი იქნება თუ მოხდება იმ რეგულაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის ან აფერხებს .ეს რეგულაციები უნდა გადავადდეს ან საერთოდ გავაუქმოთ. ნაკლები რეგულაცია ნიშნავს ბიზნესის სწრაფ განვითარებას, სწრაფად განვითარებული ბიზნესი კი  ეკონომიკურ აღმავლობას და წინსვლას ნიშნავს,  ეს ყველაფერი კი ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური და ჯანსაღი განვითარების საწინდარია“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების პრეზიდენტმა „კომერსანტთან“ შრომით კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ კანონის პროექტის პირველადი ვარიანტის, დამტკიცების შემთხვევაში, ბიზნეს სექტორი 300 მილიონ ლარზე მეტს დაკარგავდა.

„შრომით კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან მწვავე შენიშვნები,  მინდა აბსოლუტურად  ღიად  გითხრათ, რომ საკუთარი პოზიცია ბოლომდე დავიცავით, ეს იყო მთლიანად ბიზნესის პოზიცია და არ ეხებოდა  ეკონომიკის რომელიმე  ერთ ან ორ სექტორს. ეს ეხებოდა მთლიანად ქართულ ბიზნესს და ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენი მოთხოვნა ძალიან ობიექტური და სამართლიანი იყო. ჩვენ ყოველთვის ძალიან აკადემიურად და პროფესიონალურად ვაყენებთ ჩვენ საკითხებს. ის კანონმდებლობა, რომელიც საწყის ეტაპზე  შემოგვთავაზეს, რომ დამტკიცებულიყო და გასულიყო ქართული ბიზნესი ძალიან დიდი პრობლემების  წინაშე დადგებოდა. საუბარი იყო დაახლოებით 300 მილიონ ლარზე, რომელსაც ქართული  ბიზნესი დაკარგავდა და ამის გაკეთება არ შეიძლებოდა“, – აცხადებს სოსო ფხაკაძე.

წყარო: commersant.ge

Share