Home » მსოფლიო » პოლონეთის პრემიერი: ჩვენს პოზიციას დავიცავთ, თუ ევროკავშირი „მესამე მსოფლიო ომს“ დაიწყებს პოლონეთისთვის დაფინანსების შეჩერებით

პოლონეთის პრემიერი: ჩვენს პოზიციას დავიცავთ, თუ ევროკავშირი „მესამე მსოფლიო ომს“ დაიწყებს პოლონეთისთვის დაფინანსების შეჩერებით

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ პირობა დადო, რომ პოლონეთის პოზიციას დაიცავს, თუ ევროკავშირი „მესამე მსოფლიო ომს“ დაიწყებს ვარშავისთვის დაფინანსების შეჩერებით.

„რა მოხდება, თუ ევროკომისია მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს? თუ ისინი მესამე მსოფლიო ომს დაიწყებენ, ჩვენს უფლებებს ნებისმიერი იარაღით დავიცავთ. თუ ვინმე სრულიად უსამართლოდ მოგვექცევა, ჩვენ ყველანაირად დავიცავთ თავს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ეს უკვე დისკრიმინაციული და დიქტატური ტიპის მიდგომაა, მაგრამ თუ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, უნდა ვიფიქროთ ჩვენს სტრატეგიაზე“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გაზეთ The Financial Times-თან ინტერვიუში.

მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელს ასევე მოუწოდა, უარი თქვას იურიდიული და ფინანსურის სანქციებით მუქარაზე, თუ მას პოლონეთთან უთანხმოების მოგვარება სურს.

19 ოქტომბერს, პოლონეთის პრემიერმა ევროკავშირი თავისი კომპეტენციის გადაჭარბებაში დაადანაშაულა.

„ევროკავშირის კომპეტენციას მკაფიო საზღვრები აქვს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩუმად, როდესაც ეს საზღვრები ირღვევა. ჩვენ ვამბობთ: კი ევროპულ უნივერსალიზმს, მაგრამ არა ევროპულ ცენტრალიზმს“, – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

18 ოქტომბერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთგული წევრია, თუმცა ძალაუფლების ჭარბ ცენტრალიზაციას ეწინააღმდეგება.

7 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს.

უფრო დეტალურად ამ თემაზე წაიკითხეთ სტატია აქ.

imedinews.ge

Share